საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისა და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობით „სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა, რაც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული სტანდარტების დანერგვას და მეორე მხრივ სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფას.
რეგლამენტი ვრცელდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სამუშაო ადგილებზე, მათ შორის სტაჟირების პერიოდშიც. აღსანიშნავია, რომ რეგლამენტი ამკვიდრებს ისეთ მნიშვნელოვან სტანდარტებს, როგორებიცაა:
- თითოეული დასაქმებულისთვის თავისუფალი სივრცე უნდა იყოს მინიმუმ 2 კვ.მ; სამუშაო სივრცის სიმაღლე არ უნდა იყოს 2.3 მ-ზე ნაკლები;
- წლის ცივი და თბილი პერიოდების გათვალისწინებით სამუშაო საათებში დახურულ სამუშაო სივრცეებში ჰაერის ტემპერატურა უნდა შეესაბამებოდეს სამუშაო სპეციფიკასა და დასაქმებულების ფიზიკურ დატვირთვას;
- სამუშაო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, ფანჯრებზე მზის სხივების ჭარბი რაოდენობისგან დასაცავად სამუშაო ადგილი უნდა აღიჭურვოს სათანადო დამცავი საშუალებებით (ფარდა, ჟალუზი);
- დასაქმებულს სამუშაო მაგიდასთან უნდა ჰქონდეს საკმარისი სივრცე, რათა შეეძლოს მისთვის მოსახერხებელი სამუშაო მდგომარეობის დაკავება;
- მაღალი ან დაბალი ტემპერატურის პირობებში მომუშავე დასაქმებულებს (მაგ.: მაცივრებში, რკინის შემდუღებელ საამქროებში, ზამთრის ან ზაფხულის სეზონზე გარეთ მუშაობისას) უნდა შეეძლოთ დროებითი გამათბობელი ან გამაგრილებელი სივრცის გამოყენება;
- სამუშაო სივრცეში ბუნებრივი ვენტილაციის არარსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სუფთა ჰაერის მოცულობა ხელოვნური ვენტილაციით;
- სამუშაო სივრცეები და ადგილები მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბუნებრივი განათებით და/ან ხელოვნური განათების სისტემით ისე, რომ დაცული იყოს დასაქმებულებისა და სხვა პირების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა;
- სამუშაო ადგილთან, მოსასვენებელ და გამოსაცვლელ ოთახებთან, საშხაპეებთან, ხელსაბანებთან განთავსებული უნდა იყოს საჭირო რაოდენობის საპირფარეშოები, მამაკაცებისა და ქალებისთვის საპირფარეშოები კი უნდა იყოს გამიჯნული;
- დასაქმებულები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია საწარმოო გარემოს მავნე ფაქტორების (მტვერი, მავნე ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებები და სხვ.) ზემოქმედებასთან უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ საშხაპე ოთახებით;
- სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დასაქმებულები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ გამოსაცვლელი ოთახებით. გამოსაცვლელი ოთახები უნდა იყოს იოლად მისასვლელი, ადეკვატური მოცულობის და სკამებით, კედლის სარკეებითა და სანაგვე ურნებით აღჭურვილი;
- თუ, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, დასაქმებულთა გარკვეული რაოდენობა საჭიროებს ხშირ ან ხანგრძლივ შესვენებას, დასაქმებულები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ მოსასვენებელი ადგილებით;
- კვებისთვის განკუთვნილი სათავსების ფართი და მაგიდების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს დასაქმებულთა რაოდენობას, სამუშაო რეჟიმსა და სხვა პირობებს.
- და სხვ.
პროფკავშირები მრავალი წელია სამუშაო ადგილებზე ევროპული სტანდარტების დამკვიდრებისთვის იბრძვის და რეგლამენტის მიღება ამ გზაზე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენის მხრივ, მზად ვართ მონიტორინგი გავუწიოთ რეგლამენტის პრაქტიკაში აღსრულების პროცესს.