პროფკავშირების ახალგაზრდულმა მოძრაობამ პროფკავშირების გაერთიანების და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით სწრაფი კვების ობიექტებში დასაქმებულთა შრომის პირობები შესწავლის მიზნით მასშტაბური კვლევა ჩაატარა. კვლევა ჩატარდა ექვს ობიექტში – „მაკდონალდსის“, „ვენდისის“, „დანკინ დონატსის“, „საბვეის“, „ლუკა პოლარესა“ და „დომინოს პიცის“ დასაქმებულებთან, საქართველოს ექვს ქალაქში – თბილისში, ბათუმში, გორში, რუსთავში, ზესტაფონსა და ქუთაისში. გამოიკითხა 350 რესპოდენტი.
კვლევის შედეგებით ძირითადი ტენდენცია გამოიკვეთა: სწრაფი კვების ობიექტებში დასაქმებულთა შრომითი უფლებები სრულყოფილად არ არის დაცული.
კვლევამ შრომის კოდექსით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტი გამოავლინა, მათ შორის: დასაქმებულთა 69%-ს უწევს ზეგანაკვეთური მუშობა; საშუალო ანაზღაურება სწრაფი კვების ობიექტებში 494 ლარია; დასაქმებულთა 75%-ს თავის მოვალეობებთან ერთად უწევს სხვა მოვალეობების შესრულება; გამოკითხულთა 42% სრულყოფილად, ვერ სარგებლობს კუთვნილი შესვენებით; დასაქმებულთა 82% არ იღებს ანაზღურებას სადღესაწაულო დღეებში მუშობისას; გამოკითხულთა 59% არასრულად სარგებლობს შვებულების უფლებით, ხოლო 21%–ს საერთოდ არ უსარგებლია.
შრომითი ხელშეკრულება
კვლევიდან დადგინდა, რომ დასაქმებულთ 90%–ს გაფორმებული აქვს შრომითი ხელშეკრულება თავის ორგანიზაციასთან, ხოლო 10 %–ს არა. გამოკითხულთა 99% ასახელებს, რომ შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული აქვთ წერილობითი ფორმით. რესპონდენტთა 51%-ს შრომითი ხელშეკრულების თავიანთი ეგზემპლარი აქვთ, ხოლო 49% საკუთარ ასლს არ ფლობს.
„ამ ფაქტით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რესპონდენტთა ნახევარი არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას თავიანთი შრომითი უფლებების შესახებ, ასევე იმ პრივილეგიების შესახებ, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ მუშაობის დროს, რადგან არ ფლობენ შრომითი ხელშეკრულების თავიანთ ეგზემპლარს“, – წერია დასკვნაში.
დასაქმებულთა 37%–ს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს 6 თვის ვადით, 34% ასახელებს, რომ ხელშეკრულება გაფორმებული აქვს 1 წლით, მხოლოდ 14%-ს აქვს უვადო ხელშეკრულება, 6%–ს 3 თვიანი, ხოლო 9% ასახელებს, რომ ხელშეკრულება გაფორმებული აქვთ 1 წელზე მეტი ვადით.
„შრომის კოდექსით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გაფორმებული უნდა იქნას მინიმუმ 1-წლიანი ხელშეკრულება, თუ არ არსებობს კოდექსითვე გათვალისწინებული მოკლევადიანი კონტრაქტის დადების რომელიმე საფუძველი, ასევე შრომითი ხელშეკრულება, გამოსაცდელი ვადით, შეიძლება დაიდოს მხოლოდ ერთხელ, 6 თვის ვადით“, – წერენ კვლევის ავტორები.
სამუშაო გრაფიკი
სწრაფი კვების ობიეექტებში უმეტესად დასაქმებულნი არიან 18–25 წლამდე ახალგაზრდები.
რესპონდენტების 63% მუშაობს 5 დღე კვირაში, 25% – 6 დღე, ასევე 2–დან 4 დღემდე მუშაობს რესპონდენტთა 8%, რესპონდენტთა 4 % მუშაობს კვირაში 7 დღე.
რესპონდენტთა 72% მუშაობს კვირაში 8 საათს, 10–12 საათს მუშაობს დასაქმებულთა 23%, 5% კი მუშაობს – 6 საათი. საშუალოდ დასაქმებულებს უწევთ 8.35 საათი მუშაობა.
„რესპონდენტთა 20%-ს, რომლებიც მუშაობენ 5 დღეს კვირაში, უწევთ 10–12 საათი მუშაობა, რაც შეიძლება დარღვევად მივიჩნიოთ, რადგან ნორმირებული სამუშაო საათები სრულწლოვანი დასაქმებულისთვის არის 40 საათი კვირაში, ხოლო 5 დღე 10–12 საათი მუშაობა ნორმას ცდება“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
ანაზღაურება
კვლევის მიხედვით, სწრაფი კვების ობიექტებში დასაქმებულთა 59%–ის ანაზღაურება შეადგენს 301-500 ლარს, 27%-ის – 501-700 ლარს, მცირეა იმ დასაქმებულთა რიცხვი, რომლებიც 701–1000 ლარამდე (6%) და 1000 ლარიდან ზემოთ (1%) იღებენ ანაზღაურებას.
გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ანაზღაურება რეგიონებში უფრო დაბალია, ვიდრე ქალაქში, სადაც დასაქმებულის საშუალო ხელფასი 500 ლარია, ხოლო რეგიონებში 300 ლარი.
„მაკდონალდში“ 53%-ს აქვს 500–700 ლარამდე, „საბვეიში“ 50%-ს აქვს 500–700 ლარამდე ასევე, იგივე მაჩვენებელია „ლუკა–პოლარეში“, სადაც უმეტესობა (59%) იღებს ანაზღაურებას 500–700 ლარამდე, „ვენდისში“ 60%–ს ანაზღაურება აქვს 500–700 ლარამდე და ასევეა „დომინოს პიცაშიც“, მომუშავეთა 40% იღებს ანაზღაურებას 500–700 ლარამდე, „დანკინ დონატსში“ დასაქმებულთა 33% აქვთ 300–500 ლარამდე ანაზღაურება.
მოცემული შემოსავლით რესპონდენტთა 75% ფარავს მხოლოდ პირად ხარჯებს, 10% სწავლის გადასახადს, 13% ოჯახისთვის საჭირო ყველა ხარჯს, 1% კი სამივეს ერთად.
ხელფასებს შორის განსხვავება არ არსებობს გენდერული თვალსაზრისით – მამაკაცების ხელფასი საშუალოდ შეადგენს 472 ლარს, ხოლო ქალების 478-ს, რაც თითქმის იგივე მაჩვენებელია.
„საშუალო ანაზღაურება სწრაფი კვების ობიექტებში, 494 ლარს შეადგენს, რაც შედარებით მაღალი მაჩვენებელია სუპერმარკეტების ქსელთან შედარებით, სადაც საშუალო ხელფასი 362 ლარს შეადგენდა.
მოგეხსენებათ, ზემოთაღნიშნული ხელფასით, თითქმის, შეუძლებელია ოჯახის ხარჯები დაფარო და პარალელურად, გადაიხადო სწავლის გადასახადი, ან სხვა პირადი ხარჯი გაიღო“, – ნათქვამია დასკვნაში.
ზეგანაკვეთური სამუშაო
გამოკითხულთა 69%-ს უწევს ზეგანაკვეთურად მუშაობა, ხოლო 31% არა. დასაქმებულთა დიდ ნაწილს ეს შრომა არ უნაზღაურდება (46%).
გამოკითხულთა 35%–ს 20–30 წუთი აძლევენ შესვენების უფლებას, 6%-ს 10–15 წუთი, რესპონდენტთა 55% სარგებლობენ 1 საათამდე შესვენებით, 3 % საერთოდ ვერ სარგებლობს შესვენებით.
„აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გამოკითხულთა 42% სრულყოფილად ვერ სარგებლობს კუთვნილი შესვენებით“, – ასკვნიან კვლევის ავტორები.
შვებულება
რესპონდენტთა 28% მუდმივად სარგებლობს კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით, 13% იშვიათად, 21%–ს საერთოდ არ უსარგებლია, ხოლო 38%–ს ჯერ არ დაჭირვებია.
როგორც აღმოჩნდა, ამ სექტორში დასაქმებულთა დიდი ნაწილი, ერთსა და იმავე პოზიციაზე, მხოლოდ 6 თვე მუშაობს, და კვლევის ავტორთა ვარაუდით, შესაძლოა აქედან გამომდინარეობდეს ის ფაქტი, რომ რესპონდენტთა დიდ ნაწილს ჯერ არ უსარგებლია საკუთარი კუთვნილი შვებულებით.
რესპოდენტთა 40%-ს შვებულება აქვს 14 კალენდარულ დღეს, 35%-ს – 24 სამუშაო დღეს, 13%–ს – 1 კვირა, რესპოდენტთა მცირე ნაწილს (10%) შვებულება აქვს ერთი თვე.
„შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გამოკითხულთა 21% ვერ სარგებლობს ანაზღაურებადი შვებულებით. დანარჩენ გამოკითხულთა 59% არასრულად სარგებლობს აღნიშნული უფლებით.
საქართველოს შრომის კოდექსის გათვალისწინებით, დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით და დამატებით, ანაზღაურების გარეშე შვებულებით წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით“, – ნათქვამია კვლევაში.
ბიულეტენი
რესპონდენტთა 35% სარგებლობს ბიულეტენით, 65%–ს არ უსარგებლია.
რესპონდენტები ასახელებენ შემდეგ მიზეზებს, რის გამოც ვერ უსარგებლიათ ბიულეტენით:
28% ასახელებს კომპანიის არასწორ მენეჯმენტურ სისტემას, 37% შემცვლელის არ არსებობას, 15% აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის პირადი ნების გამო ვერ ისარგებლეს ბიულეტენით, 11%–ს არ დასჭირვებია, 3%–ს კი ბიულეტენი არ უნაზღაურდება, შესაბამისად არ აქვს ბიულეტენით სარგებლობის სურვილი.
ბონუსები და დამატებითი ანაზღაურება
სწრაფი კვების ობიექტებში დასაქმებულთა 57% ამბობს, რომ მათ სამსახურში მოქმედებს ბონუსური სისტემა, ხოლო 43% ამბობს, რომ არ მოქმედებს.
რესპონდენტთა 72% ბონუსები ერიცხებათ, სამსახურში გეგმის შესრულების შემთხვევაში, 22% ბონუსები ერიცხებათ კომპანიის მოგების შემთხვევაში, 5% წელიწადში ორჯერ ერიცხებათ ბონუსები, 2% დაკისრებული მოვალეობის კარგად შესრულების შემთხვევაში ერიცხებათ ბონუსები.
სადღესასწაულო დღეებში მუშაობისას, დამატებით ანაზღაურებას დასაქმებულთა უმრავლესობა 82% არ ღებულობს, 18% იღებს.
დისკრიმინაცია
დასაქმებულები, რომლებიც აღიარებდნენ, რომ დასაქმების ადგილას ხდება მათი დისკრიმინაცია, გამოყოფდნენ დისკრიმინაციის შემდეგ ნიშნებს: 27% დისკრიმინაციას განიცდიდა ასაკის ნიშნით, 13% სქესის ნიშნით, ასევე 13% ასახელებს, რომ დისკრიმინაციას განიცადა პოლიტიკური ნიშნით, ხოლო დასაქმებულთა 47% აღნიშნავდა, რომ მათ მიმართ განხორციელდა ყველა ნიშნით დისკრიმინაცია.
კვლევის შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ლინკზე
© ongo.ge