მიმდინარეობს საიტის განახლება

რატომ აძლევენ ხოლმე მოწმეები ცრუ ჩვენებებს – სტილისტმა პროფკავშირების დახმარებით სასამართლო დავა მოიგო

სალონ „MClub ჭავჭავაძეში“ სტილისტის პოზიციაზე დასაქმებული აკაკი გოგეშვილი დამსაქმებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა.

აკაკიმ დახმარებისთვის პროფკავშირების გაერთიანებას მომართა. საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა. განხილვის დროს, დამსაქმებელი ცდილობდა დაემტკიცებინა, თითქოსდა, აკაკი დამწყები სტილისტი იყო და არ ჰქონდა საკმარისი კვალიფიკაცია, არც განვითარებას ცდილობდა, კლიენტებსაც ცუდად ემსახურებოდა.

მოპასუხის მიერ მოწვეული მოწმეების ჩვენებებში, აშკარა წინააღმდეგობებისა და ცრუ ჩვენების დამადასტურებელი გარემოებები გამოიკვეთა. მოსამართლემ გაიზიარა პროფკავშირების გაერთიანების იურისტის მიერ აღმოჩენილი დეტალები და მოწმეთა ჩვენებები საქმის არაერთ სადავო ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით არ გაითვალისწინა.

2023 წლის 30 ნოემბერს სასამართლომ ბათილად ცნო აკაკი გოგეშვილის სამსახურიდან გათავისუფლება და დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა, რაც დღეის მდგომარეობით ხელზე ასაღები ოდენობით 1600 ლარს შეადგენს, განაცდურის ოდენობა გადაწყვეტილების აღსრულებამდე გაიზრდება, აგრეთვე, სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის გამო, დააკისრა კომპენსაციისა და სასამართლო ხარჯის გადახდა.

პროფკავშირების მიერ წარმოებულ სასამართლო დავებში ხშირია მოსარჩელე დასაქმებულის თანამშრომლების მხრიდან ისეთი ჩვენების მიცემის ფაქტები, როდესაც სამსახურის დაკარგვის, ან შრომითი პირობების გაუარესების (დისციპლინირება, ხელფასიდან თანხის დაქვითვა, ისეთი გარემოს შექმნა, რომ დასაქმებულმა თავად შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა) შიშის გამო, მოწმე ან სიმართლეს მალავს, ან ამბობს, რომ – „არ ახსოვს“, „არ იცის“, არ დაუნახავს და ა.შ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც დამსაქმებელი პირდაპირ ახდენს ზეწოლას თანამშრომლებზე, რომ მოსარჩელის საწინააღმდეგოდ მისცენ ჩვენებები.

პროფკავშირები აცნობიერებს ამ პრობლემის რეალურ მიზეზს – სოციალურ სიდუხჭირეს, უმუშევრობის მაღალ დონეს, თუმცა, ამავდროულად, არ აპირებს, შეურიგდეს ცრუ ჩვენებების გზით დასაქმებულთა უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეშლას. ზემოთ აღწერილ ფაქტზე პროფკავშირების გაერთიანების იურისტი საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს. ხოლო, აკაკი გოგეშვილის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავს.