მიმდინარეობს საიტის განახლება

სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვის უფლება უკვე მოიპოვეს

პროფესიული კავშირების გაერთიანება პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია); პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია) ჩართულია კოლექტიურ შრომით დავაში სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს” წინააღმდეგ.

სოციალური მუშაკები უთითებენ სოციალური სერვისების მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკის მძიმე მდგომარეობაზე,  კერძოდ კი, სათანადო სერვისების, მექანიზმების არარსებობისა თუ სათანადო რესურსების სიმწირის გამო სოციალური მუშაკები ხშირად ვერ ახერხებენ ყოველდღიურ რეჟიმში ეფექტური დახმარება აღმოუჩინონ შესაბამისი საჭიროების მქონე პირებსა თუ ოჯახებს, რის გამოც ყოველდღიური საფრთხის ქვეშ არის მოწყვლადი ჯგუფების –  ბავშვების, შშმ პირების, ხანდაზმულებისა და სხვა პირთა ინტერესები.

სოციალური სერვისების მიმართებით არსებული სისტემური პრობლემების გარდა, სოციალური მუშაკების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს, არასათანადო სამუშაო გარემო და შრომითი პირობები.

მიუხედავად იმისა, რომ დავაზე დაინიშნა მედიატორი , მედიაციისთვის განკუთვნილი ვადა ამოიწურა იმგვარად, რომ ვერ მოხერხდა არათუ რომელიმე პრობლემის გადაჭრა, არამედ ორმხრივი შეხვედრის ორგანიზებაც კი.

გუშინ, 5 მარტს, პარლამენტში დავით სერგეენკოსთან გამართულ შეხვედრაზე, მინისტრმა გამოთქვა პოზიციები რამდენიმე საკითხთან, მათ შორის  სოციალური მუშაკების სატრანსპორტო უზრუნველყოფისა და კადრების დამატებასთან  დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე სოცმუშაკების მიერ დაყენებული არცერთი საკითხი გადაწყვეტილი არ არის. ამ პრობლემებთან დაკავშირებით ხვალ 3 საათზე პროფკავშირების გაერთიანება, სოციალურ მუშაკებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხვდება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი ზოიძეს.

პროფესიული კავშირების გაერთიანება პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, რათა სოციალური მუშაკების მოთხოვნები იქნას უმოკლეს ვადებში გადაჭრილი. გასათვალისწინებელია, რომ სოციალურ მუშაკებს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით უკვე მოპოვებული აქვთ გაფიცვის უფლება.