7-8 თებერვალს ქალაქ ჟენევაში შედგა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკომისიის მიერ ორგანიზებული შეხვედრა სოციალური დიალოგის თემაზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დამსაქმებელთა და დასაქმებულთა წარმომადგენლები. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან შეხვედრას ესწრებოდა ეკონომიკური ანალიტიკოსი გიორგი ჭანტურიძე.
შეხვედრა მიეძღვნა შსო-სა და ევროკომისიის გეგმას სოციალური დიალოგის კუთხით ჩატარდეს კვლევა. პროექტი პირველად მოიცავს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებსაც. 36 ევროპული ქვეყნიდან შეირჩევა 12 ქვეყანა, რომლებშიც ჩატარდება შესაბამისი კვლევა.
სოციალური პარტნიორობის თემატიკიდან შეხვედრაზე შეირჩა რამოდენმე საკითხი, რომლებზეც სავარაუდოდ ჩატარდება კვლევა, ესენია:
- კოლექტიური მოლაპარაკებები:
- სექტორული კოლექტიური შეთანხმებები;
- მულტიეროვნული კოლექტიური ხელშეკრულებები.
- პოტენციურ წევრთა მოზიდვა დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებებში და შესაძლებლობების განვითარება.
- სამმხრივი კოოპერაცია.
- დიგიტალიზაცია – თანამედროვე შრომის ბაზრის გამოწვევა:
- დასაქმებულისა და დამსაქმებლის იდენტიფიკაცია ონლაინ პლატფორმებზე; სოციალური დაცვა; უნარების გაუმჯობესება; შრომის ინსპექტირება; სოციალური დიალოგი; თანაბარი ანაზღაურება;
მომზადებული ეროვნული ანგარიშების საფუძველზე საბოლოოდ მომზადდება ერთიანი კვლევა, რომელიც წარმოაჩენს ევროპაში არსებულ მდგომარეობას სოციალური დიალოგის კუთხით და ამასთან გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს.
სოციალური დიალოგი არის სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობიანი განვითარების მთავარი გზა. სოციალური პარტნიორობის ეფექტურობა ევროპული გამოცდილებით დასტურდება. სოციალურ დიალოგში მონაწილეობენ სახელმწიფოს, დასაქმებულებისა და დამსაქმებლების წარმომადგენლები.
საქართველოში სოციალური დიალოგი ვერ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. დამსაქმებელთა უმეტესობა დასაქმებულთან დიალოგის ნაცვლად გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვითა და პროფკავშირებთან არათანასწორი ბრძოლით არის დაკავებული. ეს კი საბოლოოდ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევაში აისახება.
ქვეყანაში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნიდან გამომდინარე 2015 წელს შეიქმნა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია. კომისიის წინაშე პროფკავშირებმა დააყენა მრავალი საკითხი, როგორიცაა: შრომითი უფლებების დახვეწა; შრომის ინსპექციის შექმნა; მინიმალური ხელფასის შემოღება; უმუშევრობის შემწეობის დაწესება; საპენსიო რეფორმის პროცესში, სიტემაში სოლიდარობის ელემენტების შეტანა და მრავალი სხვა. აღნიშნული საკითხებიდან მხოლოდ მცირე ნაწილია განხილული, რაც გამოწვეულია იმით, რომ კომისია წლიურად 4-ის ნაცვლად მხოლოდ ერთხელ იკრიბება. ეს კი თავის მხრივ მთავრობის პასიურობის შედეგია.
სამმხრივი კომისიის გარდა, რომელიც ეროვნულ დონეზე წარმოადგენს დიალოგს, სუსტია პარტნიორობა სექტორულ და ადგილობრივ დონეზეც. დამსაქმებლები ხშირად დასაქმებულთა გაერთიანებებს, ნაცვლად პარტნიორებისა, აღიქვამენ, როგორც საფრთხეს და ცდილობენ უკანონო გზებით მის დაშლას. რეალურად კოლექტიური მოლაპარაკება და პროფკავშირული სტრუქტურა კომპანიაში წარმოადგენს დამსაქმებლისთვის დამხმარეს – გაიმარტივოს დასაქმებულებთან ურთიერთობა და აამაღლოს მოტივაცია, რაც საბოლოოდ კომპანიის ეფექტურობაზე აისახება.
მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა და იმიჯის მქონე კომპანიები აფორმებენ კოლექტიურ ხელშეკრულებებს და სოციალურ პარტნიორებთან აწარმოებენ კონსტრუქციულ დიალოგს, ეს კი მათსავე საკეთილდღეოდ მოქმედებს. დღეს ქვეყნის მასშტაბით მოქმედია 57 კოლექტიური ხელშეკრულება საწარმოთა დონეზე და ერთი სექტორული ხელშეკრულება.