შრომითი ხელშეკრულება არის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება დამსაქმებლისა და დასაქმებულის ძირითადი უფლება-მოვალეობები, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული არსებითი საკითხები.
ხშირად წლების განმავლობაში ისე გრძელდება შრომითი ურთიერთობა, რომ დამსაქმებელი არ აფორმებს წერილობით ხელშეკრულებას ან აფორმებს, მაგრამ ასლს არ გადასცემს დასაქმებულს. ასეთ პირობებში დამსაქმებელი უპირატეს მდგომარეობაშია, დასაქმებულს არ აქვს ინფორმაცია, რა ევალება, რისი დარღვევა ეკრძალება და რა უფლებები აქვს. შედეგად დამსაქმებელი ფსიქოლოგიურ წნეხში ამყოფებს დასაქმებულს, უარს ეუბნება ისეთი უფლებებით სარგებლობაზე, როგორიცაა შვებულება, ბიულეტენი, უქმე დღეებში დასვენება და ა.შ.
გარდა ამისა, დამსაქმებელი ზემოხსენებულ პირობებში ახერხებს დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელების დაკისრებას ანდა სულაც სამსახურიდან გათავისუფლებას ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე.
ასეთ მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდეთ, პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე მოგიყვებათ რამდენიმე წესზე, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვას დამსაქმებელმა თქვენთან შრომით ურთიერთობის დაწყებისას.
- 1 თვეზე მეტი ხანგრძლივობის შრომითი ურთიერთობისას დამსაქმებელმა უნდა გაგიფორმოთ შრომითი ხელშეკრულება წერილობით.
- დამსაქმებელმა წერილობით შრომით ხელშეკრულებაში ზუსტად და ცხადად უნდა ასახოს: ვინ არიან ხელშეკრულების მხარეები; მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა; სამუშაო დრო და დასვენების დრო; სამუშაო ადგილი; დასაქმებულის პოზიციის დასახელება და შესასრულებელი სამუშაოს სახე ან აღწერილობა; შრომის ანაზღაურება ე.ი. ხელფასი და თუ დანამატი გადაიხდება, დანამატიც. აგრეთვე, მათი გადახდის წესი; ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი; ანაზღაურებადი და ანაზღაურებისგარეშე შვებულების ხანგრძლივობა და ამ შვებულებების მიცემის წესი; დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი.
- თუ რომელიმე ამ საკითხზე არ შეიცავს ინფორმაციას შრომითი ხელშეკრულება, ეს არაკანონიერია და უფლება გაქვთ, მოითხოვოთ პირობის შეტანა ხელშეკრულებაში.
- დამსაქმებელმა შრომითი ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი ხელმოწერისთანავე უნდა გადმოგცეთ;
- იმ შემთხვევაში, თუ შემდეგში მოითხოვთ ასლს, მიუხედავად იმისა, ხელმოწერისას გადმოგცათ თუ არა დამსაქმებელმა ხელშეკრულების ეგზემპლარი, დამსაქმებელი ვალდებულია, მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში მოგაწოდოთ ხელშეკრულების ასლი.
- იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი არ მოგაწვდით ხელშეკრულების ასლს, უფლება გაქვთ, მიმართოთ სახელმწიფო ინსპექტორს და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტის _ შრომითი ხელშეკრულების მოუწოდებლობის გამო დამსაქმებლის სამართალდამრღვევად ცნობა და მოთხოვნილი დოკუმენტის გადმოცემის დავალდებულება.
- თუ დამსაქმებელმა გაგიფორმათ რამდენიმე შრომითი ხელშეკრულება, უპირატესობა ენჭება ბოლოს დადებულ ხელშეკრულებას;
- თუ შრომითი ხელშეკრულება შეიცავს კანონსაწინააღმდეგო პირობებს, უპირატესი არის კანონი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ უფლება გაქვთ, არ შეასრულოთ ხელშეკრულების კანონსაწინააღმდეგო პირობა. მაგალითად, თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ შესვენების უფლება გაქვთ დღის განმავლობაში მხოლოდ 30 წუთით, ეს კანონსაწინააღმდეგო პირობაა, რადგან შრომის კოდექსის 24-ე მუხლის მე-5 ნაწილი სულ მცირე 1-საათიანი შესვენების უფლებას ადგენს.
- დამსაქმებელმა ხელშეკრულება უნდა გაგიფორმოთ სულ მცირე 1 წლის ვადით გარდა იმ შემთხვევებისა, თუ სამსახურში აჰყავხართ სეზონური სამუშაოს, კონკრეტული ან დროებით გაზრდილი მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად, სამუშაოზე დროებით არმყოფი პირის ჩასანაცვლებლად ან სხვა ობიექტური გარემოების გამო. ეს იმას ნიშნავს, რომ, როგორც წესი, შრომითი ხელშეკრულება უნდა იყოს 1 წლის ვადით დადებული, უფრო ნაკლები ვადით დადება კი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები.
- თუ შრომით ხელშეკრულებას გიფორმებენ, მაგალითად, 1 წლით, მაგრამ გამოსაცდელი ვადით, ამ შემთხვევაშიც უნდა იცოდეთ, რომ ხელშეკრულება 1 წლის ვადით დადებულად მიიჩნევა. განსხვავება ისაა, რომ პირველი 6 თვე შეიძლება, იყოს გამოსაცდელი ვადა. ე.ი. თუ დამსაქმებელი გამოსაცდელი ვადის შრომით ხელშეკრულებას დებს, უნდა გააფორმოს 1 წლის ვადით და ამ ვადაში არაუმეტეს 6 თვისა განსაზღვროს გამოსაცდელ ვადად.
ეს არის ის წესები, რომლებიც დაგეხმარებათ შრომითი ხელშეკრულების ჯერ წერილობით დადების, შემდეგ კი მისი პირობების შესრულების მიღწევაში. გარდა ამისა, უნდა იცოდეთ ისიც, რომ თუ დამსაქმებელი არ გაგიფორმებთ წერილობით შრომით ხელშეკრულებას, ეს არ ნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობა არ არსებობს და უფლებამოსილია, არ დაიცვას შრომის კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები.
თუ ასეა, შესაძლოა, გაგიჩნდეთ კითხვა, მაშ რისთვის არის საჭირო წერილობითი შრომითი ხელშეკრულება? პასუხი მარტივია: დასაქმებულთა უმრავლესობა არ არის იურისტი და არ იცნობს კანონმდებლობას, ე.ი. არ შეუძლია, მოიძიოს საკანონმდებლო აქტი, რომელიც ამა თუ იმ უფლებას ან ვალდებულებას ადგენს. ამით დამსაქმებლებმა შესაძლოა, ბოროტად ისარგებლონ. წერილობითი შრომითი ხელშეკრულება კი სწორედ ის დოკუმენტია, რომელიც შრომითი ურთიერთობის ყველა არსებით საკითხს აწესრიგებს და დასაქმებულს უქმნის ნათელ წარმოდგენას საკუთარ უფლება-მოვალეობებზე. ამიტომ გირჩევთ შრომითი ურთიერთობის დაწყებისას, პირველ რიგში, მოითხოვეთ შრომითი ხელშეკრულების წერილობით გაფორმება და ერთი ეგზემპლარის თქვენთვის გადმოცემა.