მიმდინარეობს საიტის განახლება

სასამართლომ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ქართველი სეზონური მუშებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა

2024 წლის 27 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ – დავით წერეთელმა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, გერმანიაში, მარწყვის საკრეფად წასული 11 სეზონური მუშის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 500-500 ლარის ოდენობით დააკისრა.

ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როდესაც ქართულმა სასამართლომ ქვეყნის საზღვრებს მიღმა კონსტიტუციური ვალდებულების შეუსრულებლობისა და მოქალაქის უფლებების დაუცველობის გამო სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დააკისრა. მოსამართლის განმარტებით, ვინაიდან გერმანიაში დასაქმება სახელმწიფოთაშორის დადებულ შეთანხმებას ეფუძნებოდა, ყველა ხარვეზი, რაც გამოვლინდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იყო. სასამართლომ, ასევე, დადგენილ ფაქტად მიიჩნია, რომ სეზონური მუშები ღირსებისშემლახავ პირობებში ცხოვრობდნენ.

ქართველი მუშების მიერ გადატანილ სტრესსა და დამცირებასთან შედარებით დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობას პროფკავშირები არაპროპორციულად მიიჩნევს, თუმცა, გადამწყვეტი მაინც სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ფარგლების განსაზღვრა იყო. პროფკავშირების გაერთიანება ულოცავს გამარჯვებას მოსარჩელეებსა და ქართველ მშრომელებს, ეს უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი და სახელმწიფოს მიმართ სტანდარტის დამდგენი გადაწყვეტილებაა, პასუხისმგებლობის როგორი სტანდარტით დაიცვას საქართველოს მოქალაქის შრომითი უფლებები უცხოეთში.

სასამართლოში ქართველი სეზონური მუშების ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავს.

ვისაც ისტორია არ ახსოვს, 2021 წლის ზაფხულში, გერმანიაში, მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულებმა (24 ქართველი) 11 მაისს სოციალურ ქსელში ვიდეო ჩანაწერი გამოაქვეყნეს, რომელიც მძიმე სამუშაო და საცხოვრებელ პირობებს ასახავდა: გერმანელმა დამსაქმებელმა სამუშაოდ ჩასულებს საცხოვრებლად შესთავაზა არა ბინა, არამედ კონტეინერი, რომელშიც არ იყო იზოლირებული ოთახები ქალებისა და მამაკაცებისთვის; იყო ანტისანიტარია, სააბაზანოში _ არაჰიგიენური მდგომარეობა; სამზარეულოში არ იყო საკვების მოსამზადებლად საჭირო არანაირი ინვენტარი; საპირფარეშოში იატაკი იმდენად დამპალი იყო, რომ ჩატყდა და ერთ-ერთმა დასაქმებულმა ფეხი დაიშავა. დამსაქმებელმა არ უზრუნველყო მისთვის სამედიცინო დახმარება და ამის გამო დაშავებულს გერმანიაში ჩასვლიდან რამდენიმე დღეში საქართველოში უკან დაბრუნება მოუხდა. გარდა ამისა, ყველა ოთახში არ იყო შუქი, საცხოვრებელში არ იყო ინტერნეტი.

სამუშაო პირობებს რაც შეეხება, გერმანელმა დამსაქმებელმა ჩასვლისთანავე ჩამოართვა ყველას შრომითი ხელშეკრულებები და, მოთხოვნის მიუხედავად, ასლებიც აღარ გადაუცია. დამსაქმებელი არ უზრუნველყოფდა დასაქმებულებს 8-საათიანი სამუშაო დღით, გასამრჯელოს არ ანაზღაურებდა „მინიმალური ხელფასის შესახებ“ გერმანიის კანონით დადგენილი ოდენობით. 2021 წლის მაისი-ივნისის თვეებში მინიმალური ხელფასი გათვალისწინებული იყო 9.50 ევრო საათში, 1-ლი ივლისიდან კი _ 9.60 ევრო საათში. მართალია, კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე ნაკლები იყო, მაგრამ მინიმალურ ხელფასს შრომითი ხელშეკრულებებიც ითვალისწინებდა _ 9.35 ევრო საათში. სინამდვილეში კი დასაქმებულები გასამრჯელოს იღებდნენ მოკრეფილი მოსავლის წონის მიხედვით, რაც მიზერული თანხა იყო და გერმანიაში კვებისა და ცხოვრების ხარჯსაც ვერ ფარავდა. ამის გამო სეზონურ მუშებს საქართველოში მყოფი ნათესავებისა და მეგობრებისგან თანხის სესხებაც კი მოუწიათ. დასაქმებულები საუბრობდნენ გერმანელი დამსაქმებლის მხრიდან ღირსების შემლახავ მოპყრობასა და აგდებულ დამოკიდებულებაზეც.

11 მაისს გამოქვეყნებულ ვიდეო ჩანაწერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც საქართველოში, ისე – გერმანიაში. 2021 წლის 04 ივნისს ქართველების სამუშაო ადგილი შეამოწმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მიგრანტთა საკონსულტაციო სამსახურმა (MIRA). შემოწმების შედეგად MIRA-მ მთელი რიგი დარღვევები გამოავლინა.

დასაქმების პროგრამაში ქართულ მხარეს ოფიციალურად წარმოადგენდა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. ქართველი დასაქმებულები უჩიოდნენ, რომ:

  • მათ ქართულმა სააგენტომ არ მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია გერმანიაში დასაქმების პირობებზე;
  • გამგზავრებამდე შრომითი ხელშეკრულებებიც კი არ ჰქონიათ;
  • მიიღეს დაპირება კარგ ანაზღაურებაზე, თუმცა ასე არ აღმოჩნდა;
  • მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე რეაგირება არ მოუხდენიათ მანამ, სანამ მედიას არ შეატყობინეს;
  • MIRA-ს მიერ დადგენილი დარღვევები გერმანელ დამსაქმებელს არ გამოუსწორებია და ქართულ მხარეს ამის საწინააღმდეგოდ ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

 

ყოველივე აღნიშნულის გამო 11-მა ქართველმა სეზონურმა მუშამ პროფკავშირების გაერთიანების დახმარებით სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართა. სასარჩელო მოთხოვნები ეყრდნობა კონსტიტუციის დანაწესს, რომ საქართველო ვალდებულია, მფარველობა გაუწიოს საქართველოს მოქალაქეებს, მიუხედავად მათი ადგილსამყოფლისა. აგრეთვე, გერმანიას და საქართველოს შორის ლეგალური დასაქმების პროგრამის თაობაზე დადებულ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ქართულმა მხარემ დასაქმების პირობების მონიტორინგისა და სამუშაო პირობების შესახებ დასაქმების კანდიდატთა წინასწარი ინფორმირების ვალდებულებები იკისრა, რაც სააგენტოს არ შეუსრულებია.

საქართველოს და გერმანიის პროფკავშირების დახმარებით, დასაქმებულებმა სარჩელით, ასევე, მიმართეს გერმანიის სასამართლოს და მოითხოვეს  2021 წლის მაისის და ივნისის თვეებში დამსაქმებლის ბრალით იძულებითი მოცდენის ანაზღაურება „მინიმალური ხელფასის შესახებ“ გერმანიის კანონით დადგენილი ანაზღაურების ტარიფით – საათში 9.50 ევროს ოდენობით, რაც დაკმაყოფილდა (ვრცლად იხ. ბმულზე: https://gtuc.ge/sezonur-samushaoze-dasaqmebulebi/ ).