თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მეტროს მემანქანეთათვის გაფიცვის უფლების შეზღუდვა მკვეთრად ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო სტანდარტებს და არის ფუნდამენტური უფლების, ასოციაციის თავისუფლების ხელყოფა – ასე აფასებს პროფკავშირების გაერთიანება სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას საგანგაშოდ მიიჩნევს.
გაფიცვის უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის უფლება, თუმცა საქართველოს კანონმდებლობა უკიდურესად ზღუდავს მას, რამდენადაც ის ფაქტობრივად დასაქმებულთა უმრავლესობას გაფიცვის უფლების გარეშე ტოვებს. მითუმეტეს, რომ თავად გაფიცვის უფლების მოპოვება, თავის მხრივ უკავშირდება წინმსწრებ სავალდებულო შემათანხმებელ პროცედურებს და მედიაციას, რაც კიდევ უფრო ართულებს აღნიშნული უფლების რეალიზებას. ამ ფონზე კი სასამართლოს კვლავ აქვს შესაძლებლობა გადადოს ან შეაჩეროს კანონიერი გაფიცვა.
ამგვარი რეგულირება წარმოადგენს პროფკავშირების მუდმივი კრიტიკის საგანს, მათ შორის შრომის კოდექსის 51-ე მუხლის, მე-2 პუნქტი ადგენს, რომ დაუშვებელია უშუალოდ სამუშაო პროცესის დროს გაფიცვის უფლების გამოყენება იმ დასაქმებულთა მიერ, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან, ან თუ ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია ამ საქმიანობის შეჩერება.
პროფკავშირებთან კონსულტაციის გარეშე, 2013 წლის 6 დეკემბერს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით №01-43/ნ დამტკიცდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხა, რომელმაც მოიცვა ისეთი დარგები, რომელიც საერთოდ არ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ფაქტობრივად აუკრძალა გაფიცვა დასაქმებულთა უმრავლესობას როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, შრომითი უფლებების დაცვის ყოველგვარი ალტერნატიული, გაფიცვის უფლების შეზღუდვის სანაცვლო საკომპენსაციო მექანიზმების გარეშე, რაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების უხეში დარღვევაა.
იგივე ეხებათ იმ დასაქმებულებს, რომლებიც მუშაობენ ისეთ დაწესებულებებში, რომლის საქმიანობის შეჩერებაც შეუძლებელია ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობა, არ განმარტავს თუ რა იგულისხმება ამგვარ სამსახურებში და იძლევა დასაქმებულთა გაფიცვის უფლების საწინააღმდეგოდ ინტერპრეტაციის საშუალებას.
პროფკავშირების კრიტიკას სრულად იზიარებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და ამ შენიშვნებს სისტემატურად ასახავს შსო-ს ექსპერტთა კომიტეტის ყოველწლიურ ანგარიშებში, მათ შორს 2018 წლის ანგარიშშიც, სადაც ის სახელმწიფოს მიუთითებს, რომ შეცვალოს შრომის კანონმდებლობა იმგვარად, რომ ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხა დავიწროვდეს და მან მოიცვას ასეთი საქმიანობები ამ სიტყვის მკაცრი გაგებით; განიმარტოს, თუ რომელი სამსახურებია, სადაც ტექნოლოგიურად შეუძლებელია პროცესის შეჩერება და იქ, სადაც გაფიცვის უფლების შეზღუდვის ამგავრი წინაპირობა არსებობს დასაქმებულებს არა სრულად აეკრძალოთ გაფიცვა, არამედ სამსახურებში შენარჩუნდეს მინიმალური მომსახურების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანთა ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვას.
კომიტეტი, პროფკავშირების ანგარიშზე დაყრდნობით ასევე მოუწოდებს სახელმწიფოს სოციალური პარტნიორების ჩართულობით, შეცვალოს შრომის კოდექსის 50-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც დასაშვებია გაფიცვისა გადადება ან შეჩერება, თუ საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას ან მესამე პირის საკუთრებას, აგრეთვე სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის საქმიანობას.
სამწუხაროა, რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მრავალწლიან ბრძოლას გაფიცვის უფლებისთვის სათანადო მხარდაჭერა არ მოყვა საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორიდან, რამაც ვფიქრობთ მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც მეტროს მემანქანეებს გაფიცვა აეკრძალათ.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება კვლავ მოუწოდებს სახელმწიფოს, შეცვალოს კანონმდებლობა იმგვარად, რომ დასაქმებულებს მიეცეთ გაფიცვის უფლების ეფექტური რეალიზების საშუალება, შრომის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
პროფკავშირების გაერთიანება უახლოეს მომავალში მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შრომის კანონმდებლობაში გაფიცვის შემზღუდველი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით და გამოიყენებს მის უფლებამოსილებას საჩივრით მიმართოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გაერთიანების თავისუფლების კომიტეტს.