კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ 2018 წლის 7 მარტს იქნა მიღებული. ამ კანონის მოქმედების სფერო მნიშვნელოვნად შეზღუდულია, რადგან ის არ ვრცელდება დასაქმების ყველა ადგილზე და მისი მოქმედება მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაო ადგილებით არის შეზღუდული. ამ კანონის მიზნებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა სოციალურ პარტნიორებთან შეთანხმებით, ხოლო დადგენილების მიღების ვალდებულება მთავრობას ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში, ანუ 2018 წლის 7 მაისამდე აქვს.
მოქმედი რედაქციით, კანონის არსებობას მხოლოდ ფორმალური დატვირთვა აქვს, რადგან კანონდარღვევისთვის სანქციების გამოყენების შესახებ რეგულაციები ამოქმედდება მხოლოდ 2018 წლის 1 აგვისტოდან, ხოლო 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდება დამსაქმებლის ვალდებულება უზრუნველყოს დასაქმებული უბედური შემთხვევის დაზღვევით და მხოლოდ ამ პერიოდიდან მოყოლებული გაუჩნდება დამსაქმებელს ვალდებულება მოახდინოს შრომის უსაფრთხოების ორგანიზება და მართვა.
იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი და სხვების შრომის უსაფრთხოება კარგად უნდა ვიცნობდეთ კანონის დებულებებს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა ვალდებულებებს უწესებს დამსაქმებელს და რა უფლებებს ანიჭებს დასაქმებულებს კანონი ეს კანონის. კანონით „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ დამსაქმებელი ვალდებულია მოახდინოს მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების საქმიანობათა რეგისტრაცია. შესაბამისად, ყველა პირი ვინც ახორციელებს ზემოაღნიშნულ საქმიანობას ვალდებულია მოახდინოს ამ საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, ხოლო საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილებების შესახებ უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
ამ კანონის მიხედვით, დამსაქმებლის ვალდებულებებია:
- დაიცვას შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმები;
- უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება. მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს დასაქმებულს ან/და დასაქმებულთა წარმომადგენელს;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით შეამოწმოს, გაზომოს და შეაფასოს საწარმოო გარემოს ფიზიკური და ქიმიური ფაქტორები;
- უზრუნველყოს დასაქმებულებისთვის სწავლებისა (ტრენინგების) და ინსტრუქტაჟის ჩატარება;
- დასაქმებულებს ან/და დასაქმებულთა წარმომადგენელს მიაწოდოს ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებისა და პროფესიული რისკების შესახებ;
- უზრუნველყოს დასაქმებულისთვის წინასწარი და პერიოდული სამედიცინო შემოწმება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
- საწარმო აღჭურვოს შესაბამისი კოლექტიური დაცვის საშუალებებით;
- დასაქმებული და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირები აღჭურვოს შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით;
- დანიშნოს ერთი ან ერთზე მეტი დასაქმებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად ან შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური. 20 ან ნაკლები დასაქმებულის შემთხვევაში პირადად შეუძლია შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოვალეობები. 20- დან 100 -მდე დასაქმებულის შემთხვევაში უნდა დანიშნოს ერთი ან ერთზე მეტი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. 100 ან მეტი დასაქმებულის შემთხვევაში უნდა შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ ორი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით.
კანონი ცნობს დასაქმებულის უფლებებს, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულს უფლება აქვს:
- უარი განაცხადოს იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს ან შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის მის ან მესამეპირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას. საფრთხის არსებობისას დატოვოს სამუშაო ადგილი ან სახიფათო ზონა.
- სამედიცინო დასკვნის საფუძველზე დამსაქმებელს მოსთხოვოს სხვა მუდმივ ან დროებით სამუშაო ადგილზე გადაყვანა ან სამუშაო პირობების შემსუბუქება ან დღის ცვლაში გადაყვანა, თუ ღამის ცვლა საზიანოა დასაქმებულის ჯანმრთელობისთვის, ხოლო დამსაქმებელს აქვს შესაბამისი ვაკანსია და დასაქმებული აკმაყოფილებს ამ ვაკანსიისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.
- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია სამუშაო სივრცეში მიყენებული ზიანისთვის.
- მიმართოს დასაქმებულთა წარმომადგენელს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს, ზედამხედველ ორგანოს, თუ სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების ნორმები სათანადოდ დაცული არ არის.
ამ კანონის თანახმად, დაუშვებელია დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლება ან სხვა დასაქმებულთან შედარებით მისი მდგომარეობის გაუარესება აღნიშნული უფლებების გამოყენების გამო.
საქართველოს კანონის „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ უზრუნველყოფს, ასევე, შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა მონაწილეობას, კერძოდ,
- დამსაქმებელმა გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულების ან/და დასაქმებულთა წარმომადგენლის მონაწილეობა, რაც გულისხმობს: ა)დასაქმებულებთან კონსულტაციებს; ბ) დასაქმებულის ან დასაქმებულთა წარმომადგენლის უფლებას, მოახდინოს შრომის უსფრთხოების შესახებ წინადადების ინიოცირება; გ)დაბალანსებულ მონაწილეობას;
- დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის შრომის უსაფრთხოების საკითხებზე კონსულტაციების, ეფექტიანი თანამშრომლობისა და კომუნიკაციის განხორციელების მიზნით დასაქმებულები დასაქმებულთაგან ირჩევენ შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელს. პირი დასაქმებულთა წარმომადგენლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში.
- იმ საწარმოში/ დაწესებულებაში, სადაც 20 ან მეტი დასაქმებულია, შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელი აირჩევა განსაზღვრული ვადით, ხმათა უბრალო უმრავლესობით. დამსაქმებელი ვალდებულია დაეხმაროს დასაქმებულებს აღნიშნული არჩევნების ორგანიზებაში;
- დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების საკითხებში დასაქმებულთა წარმომადგენელს მისცეს ანაზღაურებადი, სამუშაოსგან თავისუფალი დრო კვირაში არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 საატისა და უზრუნველყოს ის შესაბამისი აღჭურვილობით, რათა მან შეძლოს მისი უფლებამოსილების განხორციელება;
- საწარმოს სიდიდის, სამუშაო პირობებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით დასაქმებულთა წარმომადგენლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორცილებეის დრო განისაზღვრება კოლექტიური ხელშეკრულებით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით;
- დამსაქმებელი ვალდებულია თვალსაჩინო ადგილზე განათავსოს დასაქმებულთა წარმომადგენლების სია შესაბამისი სამუშაო ადგილების მითითებით;
- დაუშვებელია დასაქმებულთა წარმომადგენლის სამუშაოდან გათავისუფლება ან/და არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენება თავისი უფლებამოსილების განხორციელების დროს;
- დასაქმებულთა წარმომადგენელი უფლებამოსილია: ა)წარმოადგინოს დასაქმებულების ინტერესები დამსაქმებელთან, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან და ზედამხედველ ორგანოსთან შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით; ბ)შეამოწმოს სამუშაო სივრცე და სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა, ისე რომ ხელი არ შეუშალოს საწარმოო პროცესს. დარღვევების აღმოჩნის შემთხვევასი დაუყოვნებლივ აცნობოს დამსაქმებელს; გ)მონაწილეობა მიიღოს დამსაქმებლის მიერ ორგანიზებულ დისკუსიებში, რომლებიც შეეხება სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების საკითხებს, მოკვლევებში, რომლითაც დგინდება სამუშაო პროცესში მომხდარისაწარმოო ტრავმების, პროფესიული დაავადებების და სხვა შემთხვევების მიზეზები; გ) ზედამხედველ ორგანოსწარუდგინოს შენიშვნები და წინადადებები ამ ორგანოს მიერ დამსაქმებლის საწარმოში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემოწმებისას; დ) მიმართოს შესაბამის უწყებებს, თუ დამსაქმებლის მიერ მიღებული ზომები და გამოყოფილი საშუალებები სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად არ არის საკმარისი.
ადმინისტრაციული სახდელები ამ კანონის დარღვევისთვის
ამ კანონით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გამოყენებულ იქნება შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები:
- გაფრთხილება
- ჯარიმა
- სამუშაო პროცესის შეჩერება
ზედამხედველობის ორგანო ობიექტის ინსპექტირების პირველ ჯერზე „არარსებითი“ და „არსებითი“ შეუსაბამობების გამოვლენის შემთხვევაში ობიექტის ხელმძღვანელი პირის სახელზე გასცემს წერილობით „მითითებას“. დამსაქმებელს აძლევს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსწორებისთვის. გონივრული ვადის გასვლის შემდეგ დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია საჯარიმო სანქცია. „არსებითი“ და არაარსებითი“ შეუსაბამობებზე საჯარიმო სანქციის ზედა ზღვარი ჯამში შეადგენს 22000 ლარს. „კრიტიკული შეუსაბამობის“ (შეუსაბამობა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის დასაქმებულს) აღმოჩენის შემთხვევაში პირველ ჯერზე გათვალისწინებულია სამუშაო პროცესის შეჩერება, ხოლო 2 წლის განმავლობაში მეორე ჯერზე გამოვლენისას 50 000 ლარის საჯარიმო სანქცია.
სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების მოკვლევასთან დაკავშირებული ვალდებულებები
დამსაქმებელი ვალდებულია:
- დაუყოვნებლივ მიიღოს პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის შემდგომი საფრთხის თავიდან აცილებისთვის აუცილებელი ზომები;
- მძიმე, ფატალური და მასობრივი უბედური შემთხვევის დროს დაიცვას სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის ადგილი და უცვლელად შეინარჩუნოს ის კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენელთა მოსვლამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია ზომების მიღება პირის სიცოცხლისა ან სერიოზული ეკონომიკური ზიანის თავიდან ასაცილებლად. თუ სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის ადგილზე სიტუაცია იცვლება პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შემდგომი საფრთხის თავიდან აცილების ან სერიოზული ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილების მიზნით, დამსაქმებელმა უნდა შეადგინოს სამუშაო ადგილზე არსებული სიტუაციის შესაბამისი აღწერილობა სათანადო მდგომარეობის გამომწვევი მიზეზების მოკვლევის ხელშეწყობისთვის.
- სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს:
- შესაბამის დასაქმებულთა გაერთიანებას (არსებობის შემთხვევაში) და დასაქმებულთა წარმომადგენელს;
- სამართალდამცავ ორგანოებს ამ კანონით გათვალისწინებული უბედური შემთხვევბისა და იმ შემთხვევაში, თუ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებული ფაქტები დანაშაულის ნიშნებზე მიუთითებს;
- ზედამხედველობის ორგანოს – მძიმე, ფატალური და მასობრივი უბედური შემთხვევის დროს.
- აღრიცხოს სამუშაო სივრცეში უბედური და პროფესიული დაავადებების შემთხვევები;
- თუ უბედური შემთხვევა დასაქამებულს სხვა დამსაქმებლის სამუშაო სივრცეში შეემთხვა, ეს დამსაქმებელი ვალდებულია დაზარალებული დასაქმებულის დამსაქმებელს დაუყოვნებლივ აცნობოს უბედური შემთხვევის შესახებ;
ამდენად, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღებით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და საჭიროებს შემდგომ დახვეწასა და სრულყოფას. მაგალითად, შრომის ინსპექტორს ამ კანონით არ აქვს მინიჭებული უფლებამოსილება შეამოწმოს შრომის კანონის შესრულება კონკრეტულ საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაციაში, მათ შორის, არ არის უფლებამოსილი შეამოწმოს დასაქმების ადგილას გენდერული თანასწორობის დაცვის მნიშვნელოვანი ასპექტები და სრულად ფოკუსირდება შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე. მიუხედავად ამისა, პოზიტიურად უნდა შეფასდეს კანონის ამოქმედების ფაქტი და ის, რომ გადაიდგა პირველი ნაბიჯები შრომის ინსპექციის, როგორც ინსტიტუტიციის შექმნისა და შემდგომი განვითარებისკენ. შესაბამისად, დამსაქმებლები და დასაქმებულები ვალდებულნი არიან მიიღონ მაქსიმალური ზომები კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების განსახორციელებად, რათა ყველას მიეცეს უფლება ისარგებლოს კანონით მინიჭებული უფლებებით. ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი უფლებების ცოდნა გვიქმნის ამ უფლებით სარგებლობის გარანტიას!