მიმდინარეობს საიტის განახლება

საქართველოს ფოსტის ხულოს სერვისცენტრიდან გათავისუფლებული ორსული ქალის საქმეზე საჩივარი ხელვაჩაურის საქალაქო სასამართლომ  წარმოებაში მიიღო!

ნარგიზი თავართქილაძის უფლებებს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება იცავს.

თავართქილაძე შპს “საქართველოს ფოსტის” ხულოს სერვისცენტრში 2008 წლიდან ოპერატორად მუშაობდა, 2012 წლის იანვრიდან იგი დააწინაურეს და სერვისცენტრის მენეჯერის თანამდებობაზე დაინიშნა. მუშაობის ბოლო 2 წლის განმავლობაში ხულოს სერვისცენტრს არ ჰყავდა ოპერატორი, რის გამოც თავართქილაძე მენეჯერის პოზიციას ოპერატორის მოვალეობებს უთავსებდა.

2018 წლის 27 აპრილს ნარგიზი თავართქილაძემ წერილობით შეატყობინა საქართველოს ფოსტას ფეხმძიმობის შესახებ და ორსულობის მე-8 თვიდან დეკრეტული შვებულება მოითხოვა. აღნიშნულ წერილს თან ერთვოდა ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან ორსულობის შესახებ, თუმცა წერილზე პასუხი თავართქილაძეს არ მიუღია და დაახლოებით 1 თვეში – 23 მაისს მიიღო შეტყობინება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინებაში მითითებულია, რომ ერთ-ერთ კურიერს – როინ შანთაძეს უფიქსირდებოდა სატრანსპორტო საშუალების გამოყენება არასამუშაო საათებში, რაც დამსაქმებლის აზრით წარმოადგენს მენეჯერის მიერ დასაქმებულთა არასათანადო კონტროლის შედეგს. ამ ფაქტის გამო როინ შანთაძეს დააკისრეს პასუხისმგებლობის მსუბუქი ფორმა – საყვედური, ხოლო მენეჯერი 4 თვის ორსული ქალი გაათავისუფლეს სამსახურიდან 2018 წლის 1 ივნისიდან.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ საქართველოს ფოსტის გადაწყვეტილება 2018 წლის 19 ივნისს გაასაჩივრა. მთავარი მოთხოვნები: ნარგიზ თავართქილაძის პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის და გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის ანაზღაურება და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენაა. საქმე მიღებულია წარმოებაში ხელვაჩაურის საქალაქო სასამართლოს მიერ.