მიმდინარეობს საიტის განახლება

შპს “სანტე ჯი ემ თი პროდუქტებს” სასამართლო დავა მოვუგეთ

სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დასაქმებულის სარჩელი, გაუქმდა შპს “სანტე ჯი ემ თი პროდუქტების“ ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და კომპანიას დაეკისრა დასაქმებულისთვის კომპენსაციის გადახდა 1 წლის ხელფასის ოდენობით.

ი.ჭ. 2013 წლის 1 ივლისიდან დასაქმებული იყო შპს “სანტე ჯი ემ თი პროდუქტებში”, სხვადასხვა პოზიციაზე. 2018 წლის თებერვლიდან მოსარჩელე დაწინაურდა და დაინიშნა პროცესების კოორდინატორის პოზიციაზე. მხარეთა შორის ურთიერთობა იყო უვადო.

2019 წლის 4 თებერვალს, უშუალო ხელმძღვანელმა განუცხადა, რომ ის გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან. მიუხედავად არაერთი მცდელობისა ი.ჭ.-ს კომპანიამ არ განუმარტა მისი გათავისუფლების საფუძველი, ხოლო პროცესის მიმდინარეობისას მოპასუხემ გააჟღერა პოზიცია, რომ თითქოსდა ი.ჭ. თავად არ გამოცხადდა სამსახურში და ამის გამო გაათავისუფლეს დაკავებული პოზიციიდან.

ი.ჭ.-მ დავა დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი.ჭ.-ს სარჩელი, გაუქმდა შპს “სანტე ჯი ემ თი პროდუქტების“ ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და კომპანიას დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 1 წლის ხელფასის ოდენობით.

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში იცავდა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა.