საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით განისაზღვრა გარკვეული ეკონომიკური საქმიანობების შეზღუდვა, ხოლო იმ სექტორებისთვის, რომელთაც არ აქვთ შეჩერებული საქმიანობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აპრილის (№01-149/ო) ბრძანებით განისაზღვრა სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით როგორც ზოგადი რეკომენდაციები, ისე ინდივიდუალური.
ზემოაღნიშნულის გარდა ყველა დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის, რომელზეც ვრცელდება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნა, დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა უსაფრთხო ტრანსპორტირება შემდეგი წესების დაცვით:
ზოგადი რეკომენდაცია
ინფექციური დაავადებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმის შემუშავება
დამსაქმებლებს, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ სპეციალური ზომები, უნდა შეიმუშაონ ინფექციური დაავადებებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა (საგანგებო სიტუაციების გეგმა), რომელიც COVID-19-გან დაცვის ღონისძიებების წარმართვაში დაეხმარება მათ. მნიშვნელოვანია გამოყენებულ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სახელმძღვანელო მითითებები და განისაზღვროს, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი რეკომენდაციების შესრულება.
პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:
- მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;
- ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით);
- აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა,ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);
- მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები.
ინფექციის პრევენციის ძირითადი ღონისძიებების განხორციელებისთვის მზადება
ყველა დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს ჰიგიენის და ინფექციის კონტროლის სათანადო პრაქტიკის განხორციელება, მათ შორის:
- ხელების ხშირი და გულდასმით დაბანის ხელშეწყობა;
- ხელის დასაბანი ადგილის გამოყოფა თანამშრომლებისა და მესამე პირებისთვის;
- ხელის დაბანის შეუძლებლობის შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნას სულ მცირე 70 % ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხე;
- თანამშრომელთა წახალისება, დარჩნენ სახლში ავად ყოფნის შემთხვევაში;
- რესპირატორული ეტიკეტის დაცვის წახალისება, მათ შორის ხველის დაცემინების დროს ცხვირის და პირის დაფარვა;
- ერთჯერადი ხელსახოცებისა და ნაგვის ყუთების უზრუნველყოფა მომხმარებლებისა და საზოგადოებისთვის.
დამსაქმებლებმა უნდა შეიმუშაონ იმ პირთა დაუყოვნებელი იზოლაციის პოლიტიკა და პროცედურები, რომელთაც COVID-19-ის ნიშნები და/ან სიმპტომები გააჩნიათ და ტრენინგები უნდა ჩაუტარონ თანამშრომლებს მათ განხორციელებაში. უნდა უზრუნველყონ სამუშაო ადგილზე მოქნილი სამუშაო რეჟიმის შემუშავება და განხორციელება, მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ავადმყოფობის გამო შვებულების პოლიტიკის მოქნილობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მითითებებთან მისი შესაბამისობა. ობიექტზე არსებულ კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დაავადებული თანამშრომლების სახლში დარჩენა და მათთვის წამახალისებელი, პოლიტიკის, შვებულების აღების, როტაციული გრაფიკის ან/და დისტანციურად შესასრულებელი სამუშაოს შესახებ ღონისძიებების განხორციელება. შესაძლებლობის ფარგლებში უნდა შეიმუშავონ მოქნილი პოლიტიკა, რომელიც თანამშრომლებს საშუალებას მისცემს დარჩნენ სახლში და იზრუნონ ოჯახის წევრებზე.
შენიშვნა: ,,დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ‘‘ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N281/ნ ბრძანების შესაბამისად, იმ პირებზე ვინც კორონავირუსის პრევენციის მიზნით კარანტინში იმყოფებიან საავადმყოფო ფურცლის (ბიულეტინის) ტოლფას ცნობას გასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. აღნიშნული დოკუმენტი დამსაქმებლებისთვის ხელფასის გაცემის საფუძველი იქნება და შესაბამისად დასაქმებულ ადამიანებს ლეგიტიმურად ჩაეთვლებათ და სრულად აუნაზღაურდებათ კარანტინისა და თვითიზოლაციისას გაცდენილი სამუშაო დღეები. ცნობის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@moh.gov.ge .