პროფკავშირები სს „რუსთავის აზოტის“ წინააღმდეგ სასამართლოში მეორე წარმოების დავას იგებს. სამსახურიდან უკვე მეორედ, უკანონოდ გათავისუფლებული დ.ჭ., ამ ეტაპზე განსაზღვრული კომპენსაციის მიღმა, იძულებითი განაცდურის სახით 19 თვის ხელფასს მიიღებს, რომელიც გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად გაიზრდება. გარდა ამისა, მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაც მეორე ჯერზეც გაუქმდა.
მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა იცავს.
დ.ჭ. წლების განმავლობაში სს “რუსთავის აზოტში” იყო დასაქმებული. იგი ერთ-ერთია იმ 57 მოსარჩელეთაგან, რომელთაც 2017 წლის იანვრის თვეში უკანონოდ განავისუფლების გამო სასამართლოში დავა დაიწყეს. 3 წლიანი ბრძოლის შემდეგ, 2019 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ დაადგინა, რომ მისი, ისევე როგორც, სხვა მოსარჩელეების სამსახურიდან გათავისუფლება გახლდათ უკანონო, აღადგინა დაკავებულ თანამდებობაზე და სს „რუსთავის აზოტს“ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.
სააღსრულებო წარმოება 2020 წლის თებერვლის თვეში დაიწყო. კომპანია მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენის პროცესს მაქსიმალურად აჭიანურებდა.
2020 წლის 13 ოქტომბერს სს „რუსთავის აზოტი“ იძულებული გახდა გამოეცა ბრძანება დ.ჭ.-ს სამსახურში აღდგენის შესახებ, თუმცა მითითებული ბრძანება დ.ჭ.-სთვის არ ჩაუბარებია.
2020 წლის ნოემბრის თვეში სს „რუსთავის აზოტმა“ დ.ჭ.-ს სამსახურში გამოუცხადებლობის გამო, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ორი ბრძანება გამოსცა. მიუხედავად იმისა, რომ დ.ჭ.-სთვის მისი სამსახურში აღდგენის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ იყო.
აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, 2020 წლის 30 ნოემბერს სს „რუსთავის აზოტმა“ დ.ჭ. დაკავებული თანამდებობიდან კვლავ გაათავისუფლა.
პროფკავშირების გაერთიანების იურისტმა გათავისუფლების ბრძანება რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კვლავ გაუქმდა დ.ჭ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება, მოპასუხე კომპანიას დაეკისრა კომპენსაციის გადახდა მოსარჩელესთვის, ასევე, კომპენსაციასთან ერთად კომპანიას დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღემდე.
2022 წლის 13 ივნისს საქმე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც არ დააკმაყოფილა სს „რუსთავის აზოტის“ სააპელაციო საჩივარი და გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.