რუსთავის აზოტში გაფიცვა შეწყდა

მიმდინარე წლის 3 მაისს სს ,,რუსთავის აზოტი“-ს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით დასრულდა ქარხნის თანამშრომელთა მიერ 27 აპრილს დაწყებული გაფიცვა, რომელმაც გაფიცვის დაწყებიდან მე-3 დღეს საწარმოს სრული გაჩერება გამოიწვია, არ გაჩრებულა მხოლოდ ერთი საამქრო – გაფიცულთა გადაწყვეტილებით, არ მოხდა ჟანგბადის საამქროს მუშაობის შეწყვეტა, რადგან აღნიშნული საამქრო ჟანგბადით ამარაგებს სამედიცინო დაწესებულებებს, რაც აუცილებელია პანდემიის ეფექტურად მართვისთვის.

გაფიცვის მე-5 დღეს კომპანიის ადმინისტრაციამ გაფიცულებს შემდეგი შეთავაზება გააცნო:

  • იმ დასაქმებულებს, რომელთა ხელფასიც არ არემატება დარიცხულ 1000 ლარს, ხელფასი გაეზარდოთ დარიცხული 250 ლარით,
  • იმ დასაქმებულებს, რომელთა დარიცხული ხელფასიც შეადგენს 1500 ლარს, ხელფასი გაეზარდოთ დარიცხული 125 ლარით,
  • გაფიცვის შეწყვეტისთანავე ყველა დასაქმებულს ჩაერიცხება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული ფულადი საჩუქარი 50 ლარის ოდენობით,
  • კომპანია დასაქმებულების ხელფასიდან არ ჩამოჭრის გაფიცვის გამო გაცდენილი დღეების ანაზღაურებას.

გაფიცულთა მიერ, კომპანიის ადმინისტრაციის შეთავაზების საპასუხოდ მომზადდა შემხვედრი წინადადება – გაფიცულთა აზრით კომპანიის შემოთავაზებას უნდა დაემატოს შემდეგი პუნქტები:

  • არ განხორციელდება სს ,,რუსთავის აზოტი“-ს თანამშრომელთა დევნა და იძულება 2021 წლის 27 აპრილს დაწყებული გაფიცვის ლიდერობის ან მასში მონაწილეობის გამო,
  • სს ,,რუსთავის აზოტი“-ს თანამშრომელთა მიერ საქართველოს კონსტიტუციით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 87-ე კონვენციით გარანტირებული გაერთიანების თავისუფლების ხელშეუხებლობა,

კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში გაგრძელდეს დასაქმებულებს, მათ წარმომადგენლებსა და კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები შემდეგ საკითხებზე:

  • შრომის ანაზღაურების ყოველწლიური ინდექსაცია, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების მატების მაჩვენებლების (წლიური საშუალო ინფლაცია) შესაბამისად,
  • იმ დასაქმებულების შრომის ანაზღაურების მატების მიზნით გადახედვა, რომელსაც კომპანიის ადმინისტრაციის 2021 წლის 1-ლი მაისის შეთავაზების მიხედვით ხელფასი ეზრდებათ 125 ლარით,
  • შრომის პირობები და სხვა სოციალური ბენეფიტები,
  • სამედიცინო დაზღვევის პაკეტის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება,
  • სს ,,რუსთავის აზოტი“-ს თანამშრომელთა შრომით-სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა საკითხები.

კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით, გაფიცულთა მიერ წარმოდგენილი შემხვედრი წინადადებები აბსოლუტურად ლოგიკური და მისაღებია, თუმცა, საბოლოო შეთანხმების ტექსტის მომზადებისა და გენერალური დირექტორის მიერ ხელმოწერის დაფიქსირებისთვის აუცილებელია, რომ კომპანიის ადმინისტრაციის ყველა საჭირო სტრუქტურა მუშაობდეს, შესაბამისად ეს მოხდება 2021 წლის 4 მაისს, მანამდე კი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საწარმოს ასამუშავებლად მზადებითი სამუშაოები დაიწყება 3 მაისიდანვე.

საგულისხმოა, რომ გაფიცულმა თანამშრომლებმა წარმომადგენლობის წერილობითი მინდობილობა მიანიჭეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და დარგობრივი პროფკავშირის წარმომადგენლებს, შესაბამისად, შემდგომი კოლექტიური მოლაპარაკებების პროცესში დასაქმებულთა ინტერესებს პროფკავშირი წარმოადგენს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს თანამშრომლებმა აზოტის პროფკავშირის აღდგენის დიდი სურვილი და ინიციატივა გამოხატეს, შესაბამისად, დარგობრივი პროფკავშირის პრეზიდენტის სახელზე უკვე შევიდა 500-მდე აზოტელის განცხადება პროფკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი, აზოტის გაფიცვის მონაწილეთა სახელით მადლობას უხდის ყველა იმ ორგანიზაციას და სამოქალაქო აქტივისტს, ასევე საქართველოს პარლამენტის რუსთავის სამაჟორიტარო წარმომადგენლობას, ქალაქის მერიასა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას, გაფიცვასა და კომპანიასთან მოლაპარაკებების პროცესზე პოზიტიური გავლენის მოხდენის მიზნით გაწეული ძალისხმევისთვის და იმედს იტოვებს, რომ სს ,,რუსთავის აზოტი“-ს ადმინისტრაცია ისევე კონსტრუქციულად მიუდგება შემდგომი კოლექტიური მოლაპარაკებების პროცესს, როგორც ამას ახდენდა გაფიცვის მიმდინარეობის დროს.