კომპანია RMG Copper-ის და RMG Gold-ის თანამშრომლები სრულმასშტაბიანი გაფიცვისთვის ემზადებიან, რომლიც თარიღად 14 თებერვალი დაანონსდა. დასაქმებულები მოუწოდებენ კომპანიის ადმინისტრაციას, რომ მდგომარეობა ჩიხში არ შეიყვანონ და ეს რამდენიმე დღე უფრო რაციონალურად გამოიყენონ, რაც ხელს შეუწყობს ღირსეული სოციალური დიალოგის დამკვიდრებას.
გაფიცვის მთავარი მოთხოვნა კომპანიის ადმინისტრაციის 30 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებაა, რომლითაც სამსახურიდან 180-ზე მეტი დასაქმებული გაათავისუფლეს. ამავე მოთხოვნით 8 თებერვალს საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ორგანიზებით, კაზრეთში მასშტაბური საპროტესტო აქცია შედგა.
გამაფრთხილებელ გამოსვლაში მონაწილეობა, RMG Copper-ის და RMG Gold-ის 350-ზე მეტმა თანამშრომელმა მიიღო. თუმცა ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ხმაურიანი საპროტესტო გამოსვლა მედიის დიდი ნაწილის ყურადღების მიღმა დარჩა. აქციას 8 თებერვალს სოლიდარობა გამოუცხადა რუსთავის საწარმო ,,აზოტი“-ს, რუსთავის მეტალურგი შპს ,,რუსთავის ფოლადიდს“, ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა ჰერკულესის, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნისა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ქუთაისის ოფისის ათობით წარმომადგენელმაც. ისინი 14 თებერვალს დაგეგმილ გაფიცვასაც სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.
პროტესტის მონაწილეებისთვის მიუღებელია კომპანიის არგუმენტები, სადაც აცხადებენ, რომ ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის გამო ამცირებენ საწარმოო სიმძლავრეებს.მეტალურგთა პროფკავშირში მიიჩნევენ, რომ მენეჯმენტს, როგორც მინიმუმ კომპანიას რეორგანიზაციის, კადრების ოპტიმიზაციის და დასაქმებულთა გარკვეული კატეგორიის შემცირების გეგმა წინასწარ უნდა შეემუშავებინა, სადაც სამუშაოზე დარჩენისა და შემცირების კრიტერიუმები მკაფიოდ იქნებოდა განსაზღვრული. თანამშრომლებს კი სრულიად მოულოდნელად ქუჩაში არ დატოვებდნენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ, ჯერ კიდევ 23 იანვარს, როდესაც შედგა ადმინისტრაციისა და დასაქმებულთა ბოლო შეხვედრა, ადმინისტრაციას არც პირდაპირ და არც ირიბად არ უთქვამს მსგავსი მოლოდინის შესახებ. შესაბამისად, გამორიცხულია, რომ 5-6 დღის განმავლობაში – რეალიზაციის საერთაშორისო ბაზარზე, ან ადგილობრივ და უცხოურ ბიზნეს წრეებში, საბანკო-საფინანსო სისტემაში და ასე შემდეგ, მომხდარიყო ისეთი უარყოფითი ძვრები, რომ კომპანია 180-ზე მეტი ადამიანის სამსახურიდან განთავისუფლები აუცილებლობის წინაშე დამდგარიყო.
კომპანიის ადმინისტრაციამ მხოლოდ ერთი კრიტერიუმი გამოიყენა – მან სამსახურიდან საგაფიცვო კომიტეტის წევრები და უკანასკნელი რამდენიმეთვიანი საპროტესტო მოვლენების ორგანიზატორები და მონაწილეები მოიცილა თავიდან.
საპროტესტო აქციის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი საკითხი სახელფასო თემაა. საქმე იმაშია, რომ 2006 წლიდან ამ საწარმოში არ მომხდარა შრომის ანაზღაურების მინიმალური ინდექსაციაც კი. პირიქით, 2008 წლის ომის დროს, ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე ხელფასებმა 20%-ით დაიკლო. თუმცა კრიზისის გავლის შემდეგ ძველ ნიშნულს არ დაბრუნებია. ამას დაემატა 2008 წლის შემდეგ დღემდე მომხდარი ინფლაცია და ფასების ზრდა. საბოლოო ჯამში სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების ზრდამ დღემდე – 44% შეადგინა.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტი – 2012 წლის ბოლოს გაიმართა დასაქმებულთა კოლექტივის წარმომადგენლების და ადმინისტრაციის შეხვედრა, რომელზეც ადმინისტრაციამ ვარაუდი გამოთქვა, რომ 2013 წელი კარგი წელი იქნებოდა ფინანსური შემოსავლების თვალსაზრისით და 2013 წლის ბოლოს შესაძლებელი იქნებოდა ხელფასების ზრდის საკითხებზე ემსჯელათ მხარეებს. კომპანიის ადმინისტრაციამ კი კრიზისის დაწყება გამოაცხადა და 180-ზე მეტი ადამიანი გაუშვა სამსახურიდან,
საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით 2013 წელი მართლაც რომ წარმატებული ყოფილა კომპანიისთვის, სპილენძის კონცენტრატების ექსპორტით 2013 წელს ქვეყანაში შემოსული თანხების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კომპანიისთვის 2013 წელი უფრო წარმატებული იყო ვიდრე წინა 5-6 წელი.