პროფკავშირები მიიჩნევენ, რომ მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის პროექტი, რომელიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წარმოადგინა არ არის სრულყოფილი.
ის არ მოიცავს ყველა იმ დარგს, სადაც ასევე არის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაო ადგილები, კერძოდ: კვების მრეწველობას (ხორცის, რძის პროდუქტების, მცენარეული ზეთის, შაქრის, პურის, ჩაის, მდოგვის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების წარმოება და სხვა); კომუნალურ მეურნეობას და საყოფაცხოვრებო მომსახურებას (წყალგაყვანილობის, წყალარინებისა და ნაგავდამხარისხებელი მეურნეობა); ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შენახვას, კავშირგაბმულობას და სხვა.
პროფკავშირების გაერთიანების შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ნიკა კაკაშვილი აცხადებს, რომ პოზიციის ჩამოყალიბებისას პროფკავშირების გაერთიანება ეყრდნობა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 3 მაისის ბრძანებას (№147/ნ) “მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე”, რომელიც თავის დროზე მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა მოამზადეს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ დოკუმენტით იხელმძღვანელა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამჯერადაც, თუმცა მათ მიერვე, რამდენიმე წლის წინ მომზადებული დოკუმენტიდან დარგების ნაწილი გაუგებარი მიზეზების გამო ამოიღო.
„თუ ნუსხაში არსებული სხვა დარგები შეიტანეს, გაუგებარია ეს დარგები რატომ გამოტოვეს?! მაგალითისთვის, სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ნუსხის პროექტში ვერ მოხვდა შაქრის წარმოება, სადაც დასაქმებულები არიან მტვირთავები, რომლებიც შაქრით სავსე 50 კგ. ტომრებს ეზიდებიან, დანადგარების შემკეთებელი ზეინკლები, რომლებსაც მაღალი ტემპერატურის პირობებში უწევთ მუშაობა, სახარშ განყოფილებებში დასაქმებულები და ა.შ.
ვფიქრობ, ამ დოკუმენტიდან დარგების ნაწილის ამოღებით სახელმწიფო სტრუქტურამ საზედამხედველო ობიექტების რაოდენობა შეამცირა, გამომდინარე იქიდან, რომ შრომის ინსპექტორების რიცხოვნობაა მცირე. სახელმწიფო უწყების მხრიდან არის მცდელობა „შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის“ საზედამხედველო ობიექტების ნუსხაში ბევრი ობიექტი არ მოხვდეს” აცხადებს ნიკა კაკაშვილი.