მიმდინარეობს საიტის განახლება

ქალები წინა ხაზზე, გენდერული პრობლემები – კონფერენცია დისტანციურად გაიმართა

ქალები წინა ხაზზე, გენდერული პრობლემები – პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს, ახალი გამოწვევები, ქალთა უფლებები და საჭიროებები – ამ საკითხებზე იმსჯელეს ევროპის პროფკავშირების წევრი ნაციონალური ცენტრების ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კონფერენცია ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა. საქართველოს პროფკავშირებს გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, ეთერ მათურელი წარმოადგენდა. მან შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საქართველოში არსებული ვითარება და კრიზისის ჭრილში ქალების მდგომარეობა. აღნიშნა, რომ გენდერული დისბალანსის გამო, დასაქმებული ქალები კრიზისის შედეგად განსაკუთრებით ზარალდებიან. კერძოდ:

პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილ დასაქმებულთა(სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, არ იგულისხმებიან თვითდასაქმებულები) საერთო რაოდენობიდან – 43 800 ადამიანიდან 99%, ანუ 43 400 ქალია. 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა 0,9 % და შეადგინა 12,3 %, რაც შადგენს 15 900 უშევარს – აქედან 89%, ანუ 13 900 არის ქალი.

კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთი მნიშვნელობის აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: შრომის ბაზრის გამოწვევები; ჯანდაცვა და შრომის უსაფრთხოება; სამუშაო ცხოვრების ბალანსი; სოციალური დაცვა; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 190 -ე კონვენციის (შრომის სფეროში ძალადობისა და შევიწყოების აღმოფხვრის შესახებ) რატიფიცირების აუცილებლობა.

კონფერენციის პირველ ნაწილში მონაწილეობდნენ ევროპის პროფკავშირის ხელმძღვანელი პირები, ესთერ ლინჩი, ევროპული პროფკავშირების კონფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილე, ანტონ ლეპიკი, ევროპის პროფკავშირების აღმასრულებელი მდივანი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები. მეორე ნაწილში კონფერენციის მონაწილეებს მიმართა ჩიდი კინგმა, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის დირექტორმა, რომელმაც ისაუბრა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 190- ე კონვენციისა და 206–ე რეკომენდაციის რატიფიცირების მნიშვნელობის შესახებ.

კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიმართა პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა შარან ბაროუმ, რომელმაც ისაუბრა ქალების გაძლიერებაზე პანდემიის დროს, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის მიმდინარე, სამომავლო აქტივობებზე და ქალებისთვის მნიშვენლოვან სხვა შრომის ბაზრის გამოწვევებზე.