პროფკავშირმა საქართველოს ბანკს კიდევ ერთი დავა მოუგო

სააპელაციო სასამართლომ დ.ლ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება ბათილად მიიჩნია და საქართველოს ბანკს დააკისრა კომპენსაციის გადახდა 25 000 ლარის ოდენობით. მოსარჩელე საქართველოს ბანკში დასაქმებული გახლდათ 31 წლის განმავლობაში და იყო ბანკის ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელი.
 
2019 წლის მარტში, აბსოლუტურად მოულოდნელად, საქართველოს ბანკმა ე.წ. რეორგანიზაციის საფუძვლით დასაქმებული გაათავისუფლა სამსახურიდან და მის ადგილზე დანიშნა ახლადმოყვანილი კადრი. გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე მივმართეთ სასამართლოს დ.ლ-ს უფლებების დასაცავად.
 
2019 წლის ოქტომბერში პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა პროფკავშირის მოთხოვნა – ბათილად ცნო დასაქმებულის გათავისუფლების ბრძანება და საქართველოს ბანკს დააკისრა კომპენსაციის გადახდა 13 000 ლარის ოდენობით. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ორივე მხარემ გავასაჩივრეთ.
 
2020 წლის 12 ნოემბერს, სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. დ.ლ.-ს სასამხურიდან გათავისუფლების ბრძანება კვლავ ბათილად მიიჩნია და საქართველოს ბანკს დააკისრა კომპენსაციის გადახდა 25 000 ლარის ოდენობით.
 
მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშრების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა იცავს.