მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირების წევრობა 252 000 მოქალაქეს სურს

ფონდმა ღია საზოგადოება საქართველომ, გამოაქვეყნა ახალი სოციოლოგიური კვლევის ნაწილი. გამოკითხვა შეეხო განწყობებს პოლიტიკური პარტიებისა და რელიგიური გაერთიანებების მიმართ, ასევე განათლების, ჯანდაცვის და შრომის საკითხებს. კვლევის სრული ვერსია გაზაფხულის ბოლოს გამოქვეყნდება.

დასმულ კითხვებს შორის იყო კითხვა პროფკავშირების წევრობასთან დაკავშირებით. გამოკითხულთა 3,4%-მა აღნიშნა, რომ ამჟამად არის პროფავშირების წევრი.  გამოკითხვა ჩატარდა მთლიანად მოსახლეობაში, შესაბამისად კვლევის მიხედვით 126 480 ადამიანია პროფკავშირის წევრი. ეს რიცხვი 16 991-ით ჩამორჩება პროფკავშირების წევრთა რეალურ რაოდენობას. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გამოკითხვის ცდომილება 11,8%-ს შეადგენს.

იმ რესპოდენტების 6,8%, ანუ 252 960 მოქალაქე, რომელიც ამჟამად არ არის პროფკავშირების წევრი, აცხადებს, რომ ისურვებდა პროფკავშირებში გაწევრიანებას. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ პროფკავშირებს აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი მოიზიდოს ახალი წევრები, რაც საშუალებას მისცემს უკეთესად დაიცვას მათი უფლებები. ფონდმა კვლევის პროცესში გამოიკითხა ასევე განათლების დონე და საშუალება მოგვცა პროფკავშირებში გაწევრიანების მსურველები დავაჯგუფოთ განათლების დონის მიხედვით. კვლევის მიხედვით – „უმაღლესი  განათლების მქონე  მოქალაქეები უფრო  ხშირად გამოთქვამენ ასეთ  მზადყოფნას  (10,4%), ვიდრე  საშუალო ან უფრო დაბალი  საფეხურის განათლების მქონე ადამიანები  (4.9%).“ აღნიშნული ცხადყოფს, რომ უმაღლესი განათლების მქონე პირებს აქვთ უფრო მეტი ინფორმაცია პროფკავშირების საქმიანობის შესახებ და უკეთესად აცნობიერებენ პროფესიულ კავშირებში გაწევრიანების მნიშვნელობას.

ხშირად დასაქმებულებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია პროფკავშირების შესახებ. ხშირია ასევე შემთხვევები, როცა ისინი სამუშაო ადგილის დაკარგვის შიშით, ვერ ბედავენ პროფკავშირებში გაწევრიანებას. რეალურად კი შრომითი უფლებები ბევრად უკედ არის დაცული მათთვის, ვინც პროფკავშირების წევრია.

თითქმის თანაბარია იმ გამოკითხულთა წილი, რომელიც თვლის, რომ სასამართლო შრომითი დავის შემთხვევაში მათ დაეხმარება (38,5%), ან თვლის, რომ არ დაეხმარება (41,2%). ამ მხრივ ნდობა სასამართლოსადმი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. თუკი წლების წინ შრომითი დავის მოგების შანსი დასაქმებულს თითქმის არ ჰქონდა, შრომის კოდექსში შესული ცვლილებების შემდეგ, პროფესიული კავშირების ჩართულობით, დასაქმებულებმა რამოდენიმე ასეული პროცესი მოიგეს. პროფკავშირები მისი  წევრებისათვის უფასოდ უზრუნველყოფს იურიდიულ კონსულტაციას, სასამართლოში ადვოკატის დაქირავებასა და სასამართლო  ბაჟთან დაკავშირებულ ხარჯებს. სწორედ აღნიშნული ფაქტორების შედეგია ის, რომ მოსახლეობას შრომითი დავის მოგების იმედი გაუჩნდა.

რაც შეეხება, შრომის საკითხებთან დაკავშირებულ უმთავრეს პრობლემებს, გასაკვირი არ არის, რომ წინა პლანზეა არასათანადო ანაზღაურება (71%); შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა (64%); სამუშაო საათების ხანგრძლივობის ნორმის დარღვევა (57%); დისკრიმინაცია ასაკის გამო (46%); ანაზღაურების დაგვიანება (42%) და ა.შ.

დასაქმებულების 71% საკუთარ ანაზღაურებას არასათანადოდ მიიჩნევს. ხელფასით უკმაყფილო არ არის მოსახლეობის მხოლოდ 29%. ასეთი დიდი მაჩვენებელი კიდევ ერთხელ გვახსენებს ქვეყანაში ფაქტიურად არარსებული მინიმალური ხელფასისა და ე.წ. „ბრტყელი“ გადასახადის შესახებ (20% ყველა დასაქმებულისთვის). სწორედ ასეთი პოლიტიკა იწვევს უთანასწორობის ზრდას, რასაც შედეგად სიღარიბის ზრდა მოყვება.

შრომის უსაფრთხოების კვლავ წინა პლანზე ყოფნა, ხაზს უსვამს იმას, რომ შრომის ინსპექცია კვლავაც არ არის ეფექტური. გარდა იმ უდიდესი ნაკლოვანებისა, რომ ინსპექციას უფლება არ აქვს აკონტროლოს შრომის უფლებები, შრომის უსაფრთხოების კონტროლის დონეც არ არის დამაკმაყოფილებელი. შრომის ინსპექცია პირველ რიგში უნდა ასრულებდეს პრევენციის ფუნქციას, მაგრამ როგორც გამოკითხვიდან ჩანს მოსახლეობის 64% თვლის, რომ მათი შრომის უსაფრთხოება არ არის დაცული, ეს კი ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ დამსაქმებლების უმეტესობა შრომის უსაფრთხოების წესებს კვლავაც უგულვებელყოფს.   შრომის ინსპექცია ახალი შექმნილი ინსტიტუტია და დამსაქმებლები ნაკლებად არიან მის შესახებ ინფორმირებული. ამიტომ, სანამ დამსაქმებლები გააცნობიერებენ უსაფრთხოებისა და სხვა შრომითი უფლებების დაცვის მნიშვნელობას, ინსპექციის მხრიდან საჭიროა უფრო ინტენსიური კონტროლი. ამისათვის კი აუცილებელია გაიზარდოს ინსპექციის მანდატი,  ინსპექტორთა რაოდენობა და შემოწმებების ინტენსივობა.

დასაქმებულთა 57% პრობლემად თვლის სამუშაო საათების ხანგრძლივობის ნორმის დარღვევას. ამ მიმართულებით ოფიციალური სტატისტიკაც არსებობს, რომლის მიხედვით დასაქმებულთა უმეტესობა ზეგანაკვეთურად მუშაობს და მათი ნაწილი 2-ჯერ მეტ დროსაც კი ატარებს სამუშაო ადგილზე, ვიდრე ეს შრომის კოდექსითაა დაშვებული (40 საათი კვირაში). ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება არის ერთ-ერთი იმ შრომის უფლებათაგან, რომელსაც შრომის ინსპექცია უნდა აკონტროლებდეს, თუმცა ეს უფლება დღემდე უყურადღებოდაა დატოვებული.

მნიშვნელოვან პრობლემად დასახელდა ასევე დისკრიმინაცია ასაკის გამო და ანაზღაურების დაგვიანება. მსგავსი დარღვევებისთვისაც შრომის კოდექსში არ არის გაწერილი სანქციები და ასევე უკონტროლოა.

პროფესიული კავშირების გაერთიანება აქტიურად აგრძელებს შრომისა  და სოციალური კუთხით დასაქმებულთა უფლებების ლობირებას. ამ მიზნით გაერთიანებას ინიცირებული აქვს არაერთი საკანონმდებლო წინადადება, რომელითა განხორციელების შემთხვევაშიც დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

 

კვლევის ნახვა სრულად შეგიძლიათ აქ