მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირებმა ტელეკომპანია “მაესტროს” 26 ჟურნალისტის შრომითი დავა უზენაეს სასამართლოში მოუგო!

უზენაესმა სასამართლომ ხუთ წელზე მეტხანს მიმდინარე დავა ტელეკომპანია “მაესტროს” თანამშრომლების სასარგებლოდ გადაწყვიტა.
 
2016 წლის ივნისში ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამშრომლები, რომლებიც მუშაობდნენ გადაცემებზე „საქმიანი დილა“ და „ბიზნეს კონტაქტი,“ კომპანიამ სამსახურიდან უკანონო გაფიცვის ბრალდებით გაათავისუფლა. რეალობა კი აბსოლუტურად განსხვავებული იყო – დასაქმებულებმა პროტესტი ხელმძღვანელობის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების გამო გამოთქვეს, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მათ დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას და შემდგომში უარყოფითად აისახებოდა მათ მდგომარეობაზე. პროტესტის პასუხად კომპანიამ მათ შეუწყვიტა შრომითი ხელშეკრულებები, ცოტა ხნის შემდგომ გადაცემები დახურა.
 
პროფკავშირების გაერთიანება შრომით დავაში პირველივე დღეებიდან ჩაერთო. 26 ჟურნალისტის დასაცავად მომზადებულ და წარდგენილ იქნა სარჩელი საქალაქო სასამართლოში. 2018 წლის 5 ივნისს – სამსახურიდან გათავისუფლებიდან 2 წლის თავზე პირველმა ინსტანციამ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც გათავსუფლების ბრძანება ბათილად ცნო და ტელეკომპანია „მაესტროს“ დაევალა მოსარჩელეების სასარგებლოდ კომპენსაციების გადახდა, ასევე სახელფასო დავალიანებისა და ჯარიმის გადახდა.
 
ტელეკომპანია ,,მაესტრომ“ გადაწყვეტილება გაასაჩივრა ჯერ სააპელაციო, ხოლო შემდგომ უზენაეს სასამართლოში. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება 2021 წლის 5 თებერვალს გვეცნობა. ,,სტუდია მაესტრომ“ დავა წააგო. კომპანია ვალდებულია გადაუხადოს სოლიდური თანხები 26 მოსარჩელეს.
 
 
დასაქმებულთა ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტები, რაისა ლიპარტელიანი და თამარ სურმავა იცავდნენ.