მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირებმა დეკრეტული შვებულების დროს გათავისუფლებული სოციალური მუშაკის დავა მოიგო

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, სოციალური მუშაკის  გათავისუფლების ბრძანება უკანანოდ მიიჩნია და დამსაქმებელს მისი სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 11 500 ლარის, ოდენობით დააკისრა.

ა.ტ. წლების განმავლობაში დასაქმებული გახლდათ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში, მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, სოციალური მუშაკის პოზიციაზე.

2018 წლის 17 დეკემბრიდან ა.ტ. იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში. 27 დეკემბერს შეეძინა ქალიშვილი, რომელიც 2019 წლის იანვრის თვეში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოათავსეს საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში. სწორედ ამ პერიოდში ა.ტ. დაიბარეს სამსხურში „ატესტაციის“ გავლის მიზნით. მიუხედავად ზემოაღნიშნული მდგომარეობისა იგი  იძულებული გახდა გასულიყო სამსახურში ტესტირების გავლის მიზნით.

მოგვიანებით, ა.ტ. გაათავისუფლეს სამსახურიდან. ზეპირი განმარტებით მისი გათავისუფლება მოხდა რეორგანიზაციის პროცესში შტატების შემცირების გამო.

მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც დააკმაყოფილა ა.ტ.-ს სასარჩელო მოთხოვნები სრულად:  გათავისუფლების ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა მისი სამსახურში აღდგენა. გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ა.ტ.-ს გათავისუფლების ბრძანება უკანანოდ იქნა მიჩნეული, მოსარჩელის აღდგენის ვალდებულებით და  ა.ტ. მიიღებს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების 11 500,00 ლარის (ხელზე ასაღები თანხა) ოდენობით.

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში იცავდა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა.

აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 116-ე მუხლის შესაბამისად, „მოხელე ქალი არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის ან მოხელის შეფასების შედეგების გამო.“