მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) პან–ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) განცხადება COVID-19 კრიზისთან დაკავშირებით

 COVID-19–ის გლობალურმა კრიზისმა გავლენა მოახდინა ევროპის მთელს კონტინენტზე.  მილიონობით ადამიანი დაინფიცირდა ან დაინფიცირდება მომავალში. თავისუფლად მოძრაობასა და შრომის ბაზარზე დაწესებულმა  მკაცრმა შეზღუდვებმა სამუშაო ადგილების დაკარგვის ზრდასა  და ბიზნესების გაკოტრებასთან მიგვიყვანა.

ათწლეულების მანძილზე მიმდინარე სტრუქტურულმა  რეფორმებმა, რაც ქამრების შემოჭერის პოლიტიკამ კიდევ უფრო გაამძაფრა,   საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემებს ბევრ ქვეყანაში  ბრძოლისუნარიანობა დააკარგვინა.  ყველაზე ცუდ შემთხვევებში,  როგორიცაა საქართველო, სადაც ჯანდაცვა სრულიად პრივატიზებულია, სახელმწიფო აღმოჩნდა კერძო ჯანდაცვის მძევალი. იგი იძულებულია გადაუხადოს უზარმაზარი თანხები კერძო სექტორს  პრევენციული  ღონისძიებების გასატარებლად ან არსებული პრობლემების  მოსაგვარებლად.   დაბალმა  ანაზღაურებამ და  დაუცველმა დასაქმებამ მრავალი ადამიანი  მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ მას არჩევანის გაკეთება დაავადების გავრცელებასა ან მწვავე სიღარიბეს შორის უწევს.

მრავალი წლის მანძილზე ჩვენ  კვლავ მოგვიწევს  გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად მიღებული გაკვეთილის გათვალისწინება.  ჩვენ გვჭირდება ნეო–ლიბერალიზმის, სტრუქტურული რეფორმისა და ქამრების შემოჭერის პოლიტიკის დასრულება.  ჩვენ გვჭირდება დემოკრატიები,  რომელთათვის ადამიანი უპირველესი ფასეულობაა. ჩვენ გვჭირდება ახალი სოციალური კონტრაქტი, რომელიც ყველა დასაქმებულს უზრუნველყოფს  შრომითი უფლებების, ღირსეული ანაზღაურებისა და  სოციალური დაცვის უნივერსალური უსაფრთხოების ბადით.ეს ბადე ასევე მოიცავს ადეკვატური დაფინანსების მქონე საჯარო სერვისებს, მათ შორის ჯანდაცვას ყველასთვის, რომელიც  საჭიროების ეტაპზე უფასო იქნება.

ახლა ევროპის უმეტესი ნაწილი ჩაკეტილია. ეროვნულმა მთავრობებმა (ზოგ შემთხვევაში დაგვიანებით) მიიღეს შეზღუდვის მკაცრი ზომები, დაკეტეს საზღვრები და საწარმოები, შეაჩერეს კულტურული და სპორტული ღონისძიებები და დახურეს სკოლები.  ეს შეზღუდვები საჭიროებიდან გამომდინარეობდა, მაგრამ მათ მოკლევადიანი გავლენა ექნებათ  დასაქმებულთა ანაზღაურებაზე,  თუმცა  ეკონომიკასა და საზოგადოებაზე ეს გავლენა გრძელვადიანი იქნება.

მოთხოვნის შესაბამისად  ბევრი დასაქმებული რჩება სახლში  და ბევრმა  (განსაკუთრებით ქალებმა) უნდა იზრუნოს  სკოლიდან დათხოვილ ბავშვებზე, და ამით მათ არანაზღაურებადი ზრუნვითი სამუშაოს მოცულობა პანდემიასთან დაკავშირებით კიდევ უფრო იზრდება.  ზოგი დისტანციურად მუშაობს, სხვები სარგებლობენ სოციალური დაცვის დაზღვევით  ან ნახევარ–განაკვეთიანი დასაქმების სქემებით.  მრავალი სხვა დასაქმებული კი დაითხოვეს სამსახურიდან ან დარჩნენ ოჯახების გამოსაკვებად და საოჯახო და კომუნალური გადასახადების გადასახდელად საჭირო შემოსავლის გარეშე.  ქალები იმყოფებიან ოჯახური ძალადობის მეტი რისკის ქვეშ , ხოლო მიგრანტ დასაქმებულებს ორმაგი გამოწვევა აქვთ, პირველი – შემოსავლების დაკარგვა და მეორე  –  საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობის არქონა. ჯანდაცვის სფეროს მუშაკები – რომელთა არაპროპორციულად დიდ ნაწილს ქალები წარმოადგენენ – გადატვირთულები არიან და არასაკმარისი პერსონალური დაცვის საშუალებების პირობებში და  ვირუსთან მეტი კონტაქტის გამო მომეტებული რისკის ქვეშ იმყოფებიან. მრავალი სხვა ადამიანი, რომლებიც ახლა  დისტრიბუციაში, საცალო ვაჟრობაში, ზრუნვისა და სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სერვისებში მუშაობენ – მათ არაპროპორციულად დიდ ნაწილს კვლავ ქალები შეადგენენ –  ასევე რისკის ქვეშ არიან და იმსახურებენ ჩვენ პატივისცემას.

ქვეყნებს, რომლებთაც განვითარებული და ინკლუზიური ეკონომიკა აქვთ, და მიუხედავად იმისა, რომ მათთვისაც გამოწვევა იყო სტრუქტურული რეფორმები და ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, მაინც   გააჩნიათ შესაძლებლობა გამოიყენონ ეკონომიკური სტიმულები, თანხები ჩადონ ჯანდაცვის სერვისებში და შეინაჩუნონ ხელფასები. ეს განსაკუთრებით ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს ეხება. პროფკავშირების ზეწოლის ან მათთან თანამშრომლობით, რამდენიმე ქვეყანამ  უზრუნველყო დამატებითი  დამატებითი ანაზღაურებადი ბიულეტენი,  სახელფასო სუბსიდიები დასაქმებულების და თვითდასაქმებულებისთვის, და ასევე მოკლევადიანი სამუშაოებისთვის.   ასევე უზურნველყო იპოთეკური სესხისა და ქირების შემსუბუქება. თუმცა უფრო მეტია იმ ქვეყნების რიცხვი, რომელთაც მოახდინეს ბიზნესის მხარდაჭერა სუბსიდიების მეშვეობით, გადასახადების გაუქმებითა და უფრო იაფი სესხების საშუალებით.

თუმცაღა, ევროპის ბევრ ქვეყანას დიდი ვალი აქვს, მათი სოციალური დაცვა და საჯარო სექტორი არადაეკვატურადაა დაფინანსებული, ფართოდაა გავრცელებული სიღარიბე და საშიშპირობებიანი დასაქმება, ხოლო  კოლექტიური მოლაპარაკებები და სოციალური დიალოგი სუსტადაა განვითარებული. ეს ქვეყნები ვერ შეძლებენ Covid-19-ის შედეგებთან გამკლავებას.

მიუხედავად იმისა, რომ  არსებობენ პასუხისმგებლიანი ბიზნესები ევროპასა და მსოფლიოში, რომლებიც აცნობიერებენ როგორც ვირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების, ისე  ეკონომიკის შენარჩუნების, საზოგადოებისა და მოქალაქეების მხარდაჭერის და აღდგენაში თავიანთი წვლილის შეტანის საჭიროებას, ამავდროულად  არსებობს ბევრი ხარბი ბიზნესი, რომლებიც  პასუხისმგებლობას არიდებენ თავს და ათავისუფლებენ დასაქმებულებს, ან აიძულებენ მათ იმუშაონ  დაუცველ სამუშაო პირობებში ან სთავაზობენ მათ თავიანთი შრომითი უფლებების დროებით შეჩერებას დათანხმდნენ.  ხორვატიაში პროფკავშირებმა წარმატებით მოახერხეს ამგვარი არაკეთილსინდისიერი წინადადებების თავიდან აცილება, მაგრამ ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ და გამოვიჩინოთ სოლიდარობა თუ ამგვარი წინადადებების საფრთხე წარმოიშვა. პოლონეთში ახლახან მიიღეს COVID-19–ის კრიზისის საპასუხო კანონი, რომელიც ითვალისწინებს ისეთი რეგულაციების შემოღებას,  რომლებიც ეხება არა კრიზისს, არამედ მიზნად ისახავს სოციალური დიალოგის შეზღუდვასა და  სოციალური პარტნიორების დამოუკიდებლობაში ჩარევას.

COVID -19–ის გლობალური კრიზისი მოითხოვს გლობალურ პასუხს.  მიუხედვად იმისა, რომ გარკვეული  პოზიტიური ნიშნები ჩანს დიდი ოცეულის და საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან,  ევროკავშირმაც კი  ვერ შეძლო  საკმარისად კოორდინირებული მიდგომის მიღება.

პან–ევროპული რეგიონალური საბჭო (PERC), რომელიც წარმოადგენს პროფკავშირებს რეიკიავიკიდან ვლადივოსტოკამდე, კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპის პროფკაშირული მოძრაობის ერთიანობას და  კვლავ  მოუწოდებს სოლიდარობისკენ ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ჰუმანიტარული კრიზისთან საბრძოლველად –  კრიზისისა,  რომელიც ასე მოედო ევროპის კოონტინენტს და რომლის დასაძლევადაც საჭიროა სახელმწიფო ხელისუფლებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესებისა და პროფკავშირების ერთობლივი ძალისხმევა.

ჩვენ მოვუწოდებთ ეროვნულ მთავრობებს, რომ:

  • შეაჩერონ დაავადების გავრცელება, თუმცა ამავე დროს, პატივი სცენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს, განსაკუთრებით სოციალური ზეწოლის გაძლიერების ფონზე
  • უზრუნველყონ ჯანდაცვის სერვისებისა და წინა ხაზზე მყოფი ყველა ქალისა და მამაკაცისათვის უფრო ადეკვატური მხარდაჭერა.
  • უზრუნველყონ ყველა ადამიანისათვის  ჯანმრთელობის მხარდაჭერა, როგორც ახლა, ისე მომავალში.
  • დანერგონ ეკონომიკური პაკეტები  სოციალური დიალოგის საშუალებით, რათა თავიდან იქნას აცილებული ბიზნესის ჩამოშლა და უმუშევრობა, რათა მოხდეს შემოსავლის დონის შენარჩუნება ყველა დასაქმებულისათვის, მოხდეს სოციალური დაცვის სისტემების შენარჩუნება და გაფართოება და ასევე განვითარდეს დროებითი უმუშევრობის დაცვის სისტემა, რათა ყველა დასაქმებული იყოს სათანადოდ დაცული, მათ შორის არატიპიურ და საშიშპირობებიან სამუშაო ადგილებზე დასაქმებულები.
  • განსაკუთრებით უზრუნველყოფილ იქნას   ღირსეული ანაზღაურება ყველა დასაქმებულის, თვითდასაქმებულების და ასევე პლატფორმის ეკონომიკაში დასაქმებულებისათვის.  ასევე, პირველივე დღიდან მოხდეს ბიულეტენის ანაზღაურება და საცხოვრებელ ხარჯებთან დაკავშირებით დახმარება.
  • შენარჩუნდეს სასიცოცხლო მნიშვნელობის მიწოდების ქსელების მუშაობა საქონლის და პროდუქციის მოძრაობისთვის საზღვრების გაღების  საშუალებით და ამავე დროს, მოხდეს ტრანსპორტის მუშაკების უზრუნველყოფა შესაბამისი  დაცვის აღჭურვილობით.
  • განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს იმ ქალების საჭიროებებს, რომლებიც ოჯახური ძალადობის გაზრდილი რისკის ქვეშ იმყოფებიან; და
  • დაცული იყოს მიგრანტი დასაქმებულების  უფლებები, კერძოდ ნება დართონ მათ დარჩნენ  მასპინძელ ქვეყნებში და მათზე გავრცელდეს იგივე სოციალური და დასაქმების უფლებები, რაც აქვთ ადგილობრივ მოქალაქეებს.

ჩვენ მოვუწოდებთ  საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ევროკავშირსა და საერთაშორისო საფინანსო  ინსტიტუტებს , რომ:

  • ითანამშრომლონ დაავადების შესაჩერებლად საჭირო  ღონისძიებებთან დაკავშირებით, მათ შორის ინფორმაციის, სამედიცინო ცოდნის და გამოცდილების, ასევე   ტექნოლოგიებისა და მარაგების და პერსონალური დამცავი საშუალებების გაზიარებით;
  • გაზარდონ  ფინანსური მხარდაჭერა გაჭირვებული ეკონომიკებისთვის ყოველგვარი პირობის გარეშე, გარდა იმ პირობისა, რომ ისინი ამ რესურსებს გამოიყენებენ საჯარო ჯანდაცვის სერვისების და დასაქმებულების შემოსავლების მხარდაჭერის ღონისძიებების დასაფინანსებლად;
  • გამოყონ საკმარისი თანხა გლობალურ ეკონომიკაში მოთხოვნა–მიწოდების შესანარჩუნებლად; და
  • იმუშაონ სოციალურ პარტნიორებთან ერთად,  იმის უზრუნველსაყოფად, რომ მიღებული ღონისძიებები დააკმაყოფილებს   მშრომელებისა და ყველა ზომის ბიზნესის საჭიროებებს.

ჩვენ მოვუწოდებთ ბიზნესებსა და დამსაქმებლებს, რომ:

  • იმუშაონ პროფკავშირებთან ერთად,  რათა უზრუნველყონ  დასაქმებულთა უფლებების, სამუშაო ადგილების და შემოსავლების დაცვა,  მიუხედავად დასაქმების ფორმისა ( მათ შორის დაუცველი ხელშეკრულებებისაც).
  • მხარდაჭერა გამოუცხადონ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას წარმოების შეცვლით, იქ სადაც შესაძლებელია,  რათა მოხდეს სამედიცინო და პერსონალური დამცავი საშუალებების წარმოება.
  • შეწყვიტონ დასაქმების დაცვის შემცირებისთვის ლობირება.
  • უზრუნველყონ დასაქმებულები პერსონალური დამცავი საშუალებებითა და სხვა ზომებით, რომლებიც შეამცირებს ვირუსის გავრცელებას სამუშაო ადგილებზე.
  • დათანხმდნენ უკეთეს თანამშრომლობას პროფკავშირებთან საწარმოების დონეზე დასაქმებული ადამიანების დასაცავად.

 

2020 წლის 1 აპრილი