საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ეხმიანება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, უზენაეს სასამართლოში დასანიშნი 10 კანდიდატის პარლამენტისთვის წარდგენის საკითხს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროცესი ვერ აკმაყოფილებს გამჭვირვალობის, კანონიერებისა და სამართლიანობის სტანდარტებს. შესაბამისად, მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რითაც დარეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დაკომპლექტების წესი იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნას კანდიდატების შერჩევის ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურა.
ამასთანავე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, დადებითად აფასებს საქართველოს პარლამენტის მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას აღნიშნული საკითხის საგაზაფხულო სესიამდე გადადების შესახებ და იმედოვნებს, რომ ამ საკითხის განხილვას პარლამენტი დაუბრუნდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო რეგულაციებით მკაფიოდ განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა.
პროფკავშირების გაერთიანება, დადებითად აფასებს პარლამენტის ახალი რეგლამენტით დადგენილ წესს, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ქმნის ჯგუფს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ პროცესის გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა წრე არ შემოიფარგლოს მხოლოდ მოქმედი მოსამართლეებით და საზოგადოებრივი ნდობის მანდატის მქონე, სამართლის სფეროში აღიარებულ პროფესიონალებს, ასევე, მიეცეთ შესაძლებლობა გააკეთონ განაცხადი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პოსტზე.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, დადებითად აფასებს „შრომის კოდექსში“ 2013 წლის ცვლილებების შემდგომ შრომითი უფლებების დაცვის თვალსაზრისით ჩამოყალიბებულ სასამართლო პრაქტიკას და დასაქმებულთა სასარგებლოდ მოგებული საქმეების ძალიან მაღალ პროცენტულ მაჩვენებელს, თუმცა, აქვე მიუთითებს უზენაესი სასამართლოს, როგორც დოქტრინალური ორგანოს, როლსა და მნიშვნელობაზე, რომელიც ქმნის ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას ქვეყანაში და იმ ხარვეზებზე, რომელიც თან ახლავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეების შერჩევის პროცედურას. ცხადია, რომ სამართლიანი სასამართლო მხოლოდ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლეების მიერ განხორციელებული მართლმსაჯულებით მიიღწევა.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დამკვიდრებისა და შემდგომი განვითარების მიზნით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:
- დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც უზრუნველყოფს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და დაკომპლექტების წესის ღია, კანონიერ, სამართლიან და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძვნებულ პროცედურას.
- უზრუნველყოს, ამ საკითხზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა და მისი ეფექტიანი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხის განხილვისას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.