მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირების გაერთიანების ინიციატივის საფუძველზე „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელებთან შეხვედრა კონკრეტული შედეგებით დასრულდა

განხილვის მთავარი საკითხი ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულების შრომის ანაზღაურებისა და დასაქმების საკითხი იყო. საუბარია იმ 677 ადამიანზე, რომლებიც 2020 წლის 17 თებერვლიდან სოფელ შუქრუთში, მოსახლეობის მხრიდან მაღაროების ბლოკირების გამო შრომით მოვალეობებს ვერ ასრულებენ.

შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მიერ საშემოსავლო გადასახადის დაკავებასთან გაცხადებულ შეღავათთან დაკავშირებითაც იმსჯელეს, რომლის თანამშრომლებისთვის გადანაწილების თხოვნითაც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ „ჯორჯიან მანგანეზს“ მიმართა.

მხარეებმა დასაქმებულთა ინტერესების გათვალისწინებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. გაფორმდა შესაბამისი მემორანდუმიც.
კერძოდ:

„ჯორჯიან მანგანეზი“ ვალდებულებას იღებს, 22 მაისამდე, იმ 677 დასაქმებულიდან, რომელიც მაღაროების პიკეტირების გამო შრომით მოვალეობებს ვერ ასრულებს, 600-მდე პირი მათი პოზიციის, კომპეტენციისა და სტაჟის გათვალისწინებით, სხვა ობიექტებზე არსებულ ალტერნატიულ სამუშაო ადგილებზე დაასაქმოს. აღსანიშნავია, რომ ასეთ დასაქმებულებს მიეცემათ შესაბამისი შრომის ანაზღაურება სატარიფო განაკვეთის 100%-ის ოდენობით;

მემორანდუმის მიხედვით, პიკეტირებული ობიექტების ის დასაქმებულები, რომლებიც ახალ ობიექტებზე ვერ დასაქმდებიან შრომით ანაზღაურებას 60%-ის ოდენობით მიიღებენ;

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის და პიკეტირების პირობებშიც კომპანია ყველა დასაქმებულს ანაზღაურების 30% უხდიდა და პროფკავშირების თხოვნის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება, თუ მოსახლეობის პიკეტი 1 აგვისტომდე შეწყდა და პიკეტირებული მაღრო სრულფასოვან მუშაობას დაუბრუნდა, აპრილში აღებული ხელფასის 30% -ი დამატებით 30% ით შეივსება.

რაც შეეხება მთავრობის მიერ, საშემოსავლო გადასახადთან დაწესებულ შეღავათს, მას შემდეგ, რაც საქართველოს კანონმდებლობაში გაცხადებულ შეღავათთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილება შევა, „ჯორჯიან მანგანეზი“ და პროფკავშირები ერთობლივ კომისიას შექმნიან, რომელიც მათი წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. ამის შემდეგ, აღნიშნული კომისია შეისწავლის და განსაზღვრავს, თუ რა დამატებითი ხარჯები წარმოიშვა და შეიძლება წარმოეშვას კომპანიას ახალი კორონავირუსით გამოწვეული რეგულაციების გამო. სწორედ ამ საკითხის გათვალისწინებით, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა სქემითაა მიზანშეწონილი მთავრობის შეღავათის შედეგად გამოთავისუფლებული საშემოსავლო გადასახადის თანხების გადანაწილება.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ კრიზისულ პერიოდში, „ჯორჯიან მანგანეზმა“ და პროფკავშირების გაერთიანებამ არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება განახორციელეს – სკრინინგ პროგრამიდან დაწყებული სოციალური დახმარებით დამთავრებული, მაინც არსებობდა რეალური განცდა, რომ სოციალური თვალსაზრისით საკმაოდ სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა, როგორც „ჯორჯიან მანგანეზი“, ასევე იქ დასაქმებული პირები.

https://www.facebook.com/gtuc.ge/videos/531735147497801/