მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირების გაერთიანება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ტრადიციულად წელსაც ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად მრავალწლიანი ბრძოლის  შედეგად მიღწეული გარკვეული პროგრესისა, საქართველოში შრომითი უფლებები კვლავ ყოველდღიურად და სისტემატიურად ირღვევა.

სამწუხარო რეალობაა, რომ  დასაქმებულთა უფლებების დაცვა კვლავ ვერ იქცა პრიორიტეტად ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში, მაშინ როდესაც არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის კვლევა მოწმობს, რომ დასაქმება და სოციალური საკითხები ქვეყნის მოსახლეობის  მთავარი წუხილია.

პანდემიამ კიდევ უფრო ცხადყო ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სოციალურ-ეკონომიკური და შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტებისა და მისი აღსრულების ეფექტიანი მექანიზმების ამოქმედების განსაკუთრებული აუცილებლობა და საჭიროება.

კორონავირუსის გავრცელებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკურ აქტიურობაზეც, რაც იმთავითვე ნეგატიურად აისახა დასაქმებულთა მდგომარეობაზეც.  ასიათასობით  ადამიანმა მოულოდნელად დაკარგა სამსახური ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე ან გაურკვეველი ვადით შემოსავლის გარეშე დარჩა დამსაქმებელთა მიერ უკანონოდ და დაუსაბუთებლად „უხელფასო შვებულებაში გაშვებისა“ და გაუმართლებელი საფუძვლებით შრომითი ურთიერთობის შეჩერების გამო.

შედეგად, უმუშევრობამ   19,5%-ს მიაღწია, აბსოლუტური სიღარიბე 21,3%-მდე გაიზარდა, ხოლო ინფლაცია 12.5%-ს  გაუტოლდა.

ჯანდაცვის სექტორში, მძიმე მრეწველობასა  და  ვაჭრობის სფეროში დასაქმებულებს კი, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე, მათ მიერ გაწეულ შრომასთან შეუსაბამოდ დაბალი ანაზღაურების პირობებში უწევთ დღემდე მუშაობა.

პანდემიამ  უფრო თვალსაჩინო გახადა და ზედაპირზე ამოიტანა  სამუშაო ადგილებზე არსებული გენდერული უთანასწორობა, რაზეც საქსტატის ოფიციალური მონაცემებიც მეტყველებს.

კიდევ უფრო მეტად დამძიმდა ქალების შრომა.  კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა სწორედ ის სექტორები, სადაც  დასაქმებული არიან ქალები. ასეთებია მაგალითად: მომსახურების (სასტუმროები, რესტორნები და ა.შ.)  და  ვაჭრობის სექტორები. უმუშევრად დარჩნენ ასევე საოჯახო მეურნეობებში, ზრუნვის სამუშაოებში დასაქმებული ქალები – დამლაგებლები, ძიძები, მომვლელები, მზარეულები და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა  2021 წლის მე-2 კვარტალში, 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 101 ათასით. მათგან უმეტესობა – 75,5ათასი (74,7%) ქალია.

ბოლო 2 წლის განმავლობაში 422 ათასიდან 633 ათასამდე გაიზარდა  საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ პირთა უმეტესობა კი (54,7%) ასევე ქალები არიან.

ქალისა და კაცის  ანაზღაურებას შორის სხვაობა  საშუალოდ 36%-ს უტოლდება, კვლავ დაბალია ქალთა წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიმღებ, მენეჯერულ პოზიციებზეც.

მიუხედავად შრომის კანონმდებლობაში გატარებული რიგი პოზიტიური ცვლილებებისა, საბოლოო ჯამში, ის მაინც ვერ პასუხობს მშრომელთა გამოწვევებს და კვლავ პრობლემად რჩება რიგი საკითხები, რაზეც პროფკავშირები წლებია საუბრობს:

  • არ არის უზრუნველყოფილი უმუშევრად დარჩენილი პირების დაცვის მინიმალური სტანდარტიც კი, უმუშევრობის შემწეობის სახით;
  • მინიმალური ხელფასი ფაქტობრივად არ არსებობს, ვინაიდან არსებული რეგულაცია მიზერული და არარეალისტურია;
  • არ არსებობს შრომის ანაზღაურების შეფასების მეთოდოლოგია გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობის პრევენციისთვის;
  • დასაქმებულთა დიდი ნაწილისთვის გაუმართლებლადაა შეზღუდული გაფიცვის კონსტიტუციური უფლება და კანონმდებლობა არ აღიარებს  სოლიდარობის გაფიცვას;
  • გაერთიანების თავისუფლება უხეშად ირღვევა და ხშირია პროფკავშირული საქმიანობის ხელშეშლისა და ამ ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები;
  • ე.წ. დეკრეტული შვებულების ანაზღაურება კვლავ მიზერული და დედობის დაცვის გარანტიები არასაკმარისია;
  • სამსახურისა და ოჯახური ვალდებულებების შეთავსება კვლავ პრობლემად რჩება;
  • შშმ პირთა შრომის დაცვის გარანტიები არასაკმარისია;
  • სამუშაო დროის რეგულირება ხარვეზულია, არ არსებობს დღიური სამუშაო საათების ზღვრული ოდენობა და არ არის დადგენილი  ზეგანაკვეთური სამუშაოს ტარიფი;
  • კოლექტიური მოლაპარაკებები არ არის წახალისებული და სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია არაეფექტიანია;
  • სასამართლო – ბაჟის გადახდა გამოწვევაა სამუშაოდაკარგული და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანისთვის, ხოლო შრომით დავებზე გაჭიანურებული სამართალწარმოება არაეფექტიანს ხდის ზოგადად მართლმსაჯულების სისტემას;
  • სასამართლოს გზით დასაქმებულთა დაცვის პოზიტიური პრაქტიკების მიუხედავად არსებითად არ მცირდება შრომითი უფლებების დარღვევის ხელყოფის პრაქტიკების სამუშაო ადგილებზე;
  • არაფორმალური დასაქმების ფორმალიზებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა;
  • შრომის ინსპექციის სამსახურის არსებული ფინანსური და საკადრო რესურსები შეზღუდულია, რასაც კიდევ უფრო ამცირებს  პანდემიასთან დაკავშირებულ რეგულაციების შესრულების ზედამხედველობაზე მიმართული ძალისხმევა

ამ ფონზე მნიშვნელოვანია საქართველომ მიიღოს ყველა ზომა, რათა დასაქმება და სამუშაო ადგილების შექმნა გახდეს ქვეყნის ძირითადი  პრიორიტეტი.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია დასაქმებულების ღირსეული შრომის პირობებით უზრუნველყოფა და შრომისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ისევე, როგორც არაფორმალური დასაქმების ფორმალიზება და ყველა დასაქმებულის დაცვის  თანაბარი შესაძლებლობით უზრუნველყოფა, მათ შორის  არასტანდარტული, პლატფორმულ დასაქმებაში ჩართული პირებისაც.

სამართლიანი ანაზღაურების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ყველა დასაქმებულის ღირსეული მინიმალური ხელფასით უზრუნველყოფა,  ქალისა და კაცის ხელფასებს შორის სხვაობის შემცირება და აღმოფხვრა, ისევე, როგორც კოლექტიური მოლაპარაკებებისა და სოციალური დიალოგის წახალისება და სოციალური კულტურის ნაწილად დამკვიდრების ხელშეწყობა.

სოციალური დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია უმუშევრობის შემწეობის გარდა, ეფექტიანი საპენსიო რეფორმის განხორციელება და მომავალში  სოციალური დაცვის ეფექტიანი და მდგრადი გარანტიების შექმნა და დანერგვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიმართავს  საქართველოს ხელისუფლებას:

  • შექმნას დასაქმებულის უფლებებზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკა, რის ფარგლებშიც უნდა წახალისდეს სოციალური დიალოგი, დაინერგოს უმუშევრობის შემწეობა და ხელი შეეწყოს მინიმალური ხელფასის მარეგულირებელი რეგულაციების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას;
  • კანონმდებლობის დაახლოება შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან შრომითი უფლებებს დაცვის უზრუნველსაყოფად;
  • არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
  • შსო-ს 81, 155, 156, 176, 183, 189, 190 კონვენციების რატიფიცირება და ევროპის სოციალური ქარტიის სავალდებულოდ აღიარება სრულად;
  • ყველა ზემოაღნიშნული საკითხების გათვალისწინებით დამსაქმებელთა და პროფკავშირების ჩართულობით შეიმუშაოს ,,სოციალური კონტრაქტი“ . რომელიც დაეფუძნება ფართო კონსენსუსს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების იგნორირების გარეშე;

პროფესიული კავშირის თითოეული წევრი ვაცნობიერებთ რა,  სოლიდარობის მნიშვნელობას, მიგვაჩნია, რომ არსებული გამოწვევების  დაძლევა მხოლოდ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, ღირსეული შრომის პირობების უზრუნველყოფით, სამართლიანი ანაზღაურებითა და სოციალური დაცვის გარანტიების დადგენითაა შესაძლებელი.

 

იქნება სოლიდარობა ყველაფერი გამოვა!

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება.