მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირების გაერთიანება გილოცავთ 8 მარტს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით ვულოცავთ უკრაინელ ქალებს, რომლებიც სამშობლოს, სიცოცხლისა და უფლებებისთვის  გმირულად იბრძვიან.

მსოფლიოში ყველა ქალის შრომითი, თუ სხვა უფლება, სათანადოდ უნდა იყოს დაცული. სწორედ ქალთა სიძლიერის, ბრძოლისუნარიანობისა და სიმამაცის დემონსტრირებისთვის დაწესდა 8 მარტი ოფიციალურ დღესასწაულად.

ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით, ქალთა შრომითი უფლებების გარანტიების დადგენისა და მისი აღსრულების უზრუნველსაყოფად, შრომის კანონმდებლობაში არაერთი ცვლილება შევიდა. თუმცა, გენდერული თანასწორობის დასამკვიდრებლად  გატარებული ღონისძიებები არასაკმარისია.  შედეგად, საქართველოში გენდერული თანასწორობა და ქალთა შრომითი უფლებები კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება.

კოვიდ პანდემიასთან   ბრძოლის მიზნით მიღებულმა ზომებმა პირდაპირი გავლენა იქონია ფინანსებზე და ქალები ეკონომიკური ჩაგვრის გამო  კიდევ უფრო მოწყვლად ჯგუფად იქცნენ.

პანდემიის ნეგატიური გავლენა ქალებზე  2020 წლის მსგავსად,  2021 წელსაც გაგრძელდა. დასაქმებულ ქალთა რაოდენობა 2020 წელს 42 ათასით შემცირდა. 2021 წელს კი 2019 წელთან შედარებით, 52 400-ით ნაკლები ქალი იყო დასაქმებული. უმუშევრობის დონე ქალებში 2019 წელთან შედარებით 1,8%-ით გაიზრდა და 17,8%-ს მიაღწია.

ქალთა ეკონომიკური აქტიურობა კვლავაც დაბალია და კაცებისას 22,4%-ით ჩამორჩება.

მნიშვნელოვან პრობლემად რჩება  ქალებისა და კაცების ხელფასებს შორის სხვაობა (32,4%). ამ ფონზე, სახელწმიფოს კვლავაც არ აქვს შრომის ღირებულების შეფასების მეთოდოლოგია და ღირსეული მინიმალური ხელფასი, რაც უზრუნველყოფდა სახელფასო უთანასწორობის შემცირებას.

დეკრეტული შვებულების ანაზღაურება (გარდა საჯარო მოხელეებისა) კვლავ სახელმწიფოს  1000 ლარიანი დახმარებით შემოიფარგლება, რაც სახეწლმიფოს მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმსაც კი მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

პროფკავშირების გაერთიანების პრაქტიკა მოწმობს, რომ კვლავ ხშირია სამუშაო ადგილებზე ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევები, მათ შორის,   ფეხმძიმობის, ან სხვა ოჯახური ვალდებულებებების გამო.

გადაწყვეტილების მიმღებ, ხელმძღვანელ პოზიციებზეც  ქალთა  წარმომადგენლობა კვლავაც დაბალია.

მზარდია ქალებში სიღარიბის ტენდენციაც. საარსებო შემწეობის მიმღებ პირებს შორის 355 ათასი (საერთო რაოდენობის 55%) ქალია.

ქვეყანაში არსებული რეალური სურათი ამ მონაცემებზე  გაცილებით   მძიმეა, განსაკუთრებით კი არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ქალების, რომლებიც ბაზისური შრომითი გარანტიებითაც კი ვერ სარგებლობენ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია, სახელწმიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები  ქალთა შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, მათ შორის:

  • დადგინდეს ,,დეკრეტული შვებულების“ ღირსეული ანაზღაურება ყველა დასაქმებულისთვის და საქართველომ მოახდინოს შსოს 156-ე (,,ოჯახური ვალდებულებების მქონდე დასაქმებულთა შესახებ) და 183-ე (,,დედობის დაცვის შესახებ“) კონვენციების რატიფიცირება;

 

  • მოხდეს შსო-ს 190–ე  კონვენციის ,,ძალადობის და შევიწროების შესახებ“ რატიფიცირება;

 

  • დადგინდე ღირსეული მინიმალური ხელფასი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

 

  • დაწესდეს უმუშევრობის შემწეობა;

 

  • შემუშავდეს შრომის ღირებულების გაზომვა/შეფასების მეთოდოლოგია;

 

  • გატარდეს ღონისძიებები არაფორმალური დასაქმების ფორმალიზებისკენ;

 

  • გაძლიერდეს ინვესტირება ზრუნვის ეკონომიკაში.