მიმდინარეობს საიტის განახლება

ირაკლი პეტრიაშვილმა საქართველოში ქალთა უფლებებზე მომზადებული სარჩელი შსო-ს წარუდგინა

ბოლო წლების განმავლობაში პირველად, ჟენევაში, შრომის საერთაშორისო კონფერენციამ საქართველოს საკითხი იმ 25 ქვეყანას შორის განიხილა, სადაც ყველაზე მეტად ირღვევა შრომის საერთაშორისო სტანდარტები და შრომითი უფლებები.
 
წელს საქართველო შსო-ს ყურადღების ცენტრში, ქალის და მამაკაცის თანაბარი შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ, შსო-ს მე-100 ფუნდამენტური კონვენციის შეუსრულებლობის გამო მოექცა. საქართველოში წლების განმავლობაში ქალების ხელფასი მნიშვნელოვნად ჩამორჩება მამაკაცებისას. ბოლო სტატისტიკით მამაკაცების საშუალო ხელფასი 1166 ლარია, ხოლო ქალების 731.2 ლარი, რაც ნიშნავს რომ მამაკაცების შრომა ქალებზე თითქმის 52.2%- ით მეტად ანაზღაურდება. ხელფასებს შორის სხვაობა არსებობს ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის იქ, სადაც ქალები არიან დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი.
 
აღნიშნულს განაპირობებს ქალისა და მამაკაცის სამუშაოსთან მიმართებაში ქვეყანაში არსებული ტრადიციულად სტერეოტიპული დამოკიდებულება, ვერტიკალური და ჰორიზონტალური რეგულაცია, რის გამოც ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი ხელმძღვანელ, მაღალ ანაზღაურებად პოზიციებზე.
ამ ძირითად და სხვა საკითებხთან დაკავშირებით, სარჩელი ირაკლი პეტრიაშვილის სახელით მომზადდა და პოზიცია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა შსო-ს სტანდარტების კომიტეტზე თავად წარმოადგინა.
 
პროფკავშირების ინიციატივით შსოს საერთაშორისო კონფერენციის 107-ე სესიამ ასევე იმსჯელა იმის შესახებ, რომ საქართველოში არ არსებობს ქალისა და მამაკაცის შრომის შეფასება-გაზომვის მეთოდოლოგია, რაც ასევე წარმოადგენს შსო-ს მე 100 კონვენციის დარღვევას.
საქართველოს კანონმდებლობა პროფკავშირების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ქალისა და მამაკაცის თანაბარი შრომისთვის არათანაბარი ანაზღაურების არ კრძალავს, რაც ახალისებს ამგვარ, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას შრომით ურთიერთობებში.
 
შსოს-ს ჟენევის კონფერენცია ყოველწლიური საერთაშორისო მაღალი დონის ღონისძიება. მასზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავრობები იკრიბებიან, ისევე როგორც ყველაზე წარმომადგენლობითი დამსაქმებელთა ასოციაციები და პროფკავშირული გაერთიანებები. კონფერენცია იღებს შრომის საერთაშორისო სტანდარტებს და იხილავს შრომით და სოციალურ საკითხებს. ქვეყნების კონკრეტული საქმეების განხილვის შედეგად შსო რეკომენდაციით მიმართავს წევრ სახელმწიფოებს დადგენილი სტანდარტების შესრულების თაობაზე.
 
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, პროფკავშირების ანგარიშებზე დაფუძნებულმა, შსო-ს კრიტიკულმა რეკომენდაციებმა საქართველოსთან მიმართებაში, განაპირობა საქართველოს შრომის კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ცვლილება.
 
პარადოქსია, რომ ქალთა უფლებების დაცვისკენ მიმართული საკითხი მამაკაცმა – ირაკლი პეტრიაშვილმა წარმოადგინა, ხოლო სახელმწიფოს ხარვეზებით სავსე მიდგომას ქალი, ჯანდაცვისა და შრომის.მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია იცავდა.
 
ირაკლი პეტრიაშვილის პოზიციას აშშ-ს და ნორვეგიის პროფკავშირები იზიარებენ და კომიტეტზე საქართველოს პროფკავშირების ინიციატივის მხარამჭერებად სწორედ ისინი წარსდგნენ.
 
ჟენევაში, სარჩელის წარდგენის პარალელურად, საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებზე საერთაშორისო პროფკავშირულ ლიდერებთან შეხვედრებისას, პეტრიაშვილმა არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია მეტროპოლიტენში განვითარებულ მოვლენებზე და მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე – დასაქმებულთა გაფიცვის უფლებით უზრუნველყიფის თაობაზე. პეტრიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებასა და აქციის მონაწილეებს შორის მალე შედგება კონსტრუქციული დიალოგი, ისევე როგორც ეს გუშინ მოხდა ჭიათურაში და კონკრეტული შედეგით დასრულდება.