31 იანვარს დასაქმებულებმა შრომის ანაზღაურების პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს. მეორე დღეს, პროტესტის შესახებ შეტყობინებით დირექციას წერილობით მიმართეს, თუმცა, მოლაპარაკებისა და სიტუაციის ნორმალიზების ნაცვლად, კომპანიის მენეჯმენტმა მათი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
დასაქმებულები ყვებიან, რომ სახელფასო ანაზღაურების გადახედვის თაობაზე დამსაქმებლისთვის მანამდეც მიუმართავთ. ამავდროულად, კომპანიის განცხადება, თითქოსდა: „სახელფასო ანაზღაურება აღნიშნულ დეპარტამენტში მერყეობს 1000-3000 ლარამდე, საშუალო ხელფასი 2500 ლარია“ – სიმართლეს არ შეესაბამება. რამდენიმე ოპერატორი ამ დრომდე, 500 ლარიან ანაზღაურებაზე მუშაობდა. ძირითადი ნაწილის ანაზღაურება კი 1000 ლარს არ სცდებოდა.
პროფკავშირების გაერთიანება ყოველთვის მიესალმება მოლაპარაკების გზით პრობლემის გადაჭრას, თუმცა, თუ კომპანიის მენეჯმენტი შესაბამის ნებას არ გამოხატავს, დასაქმებულთა უფლებების დასაცავად და მათი შრომითი უფლებების გასაუმჯობესებლად, კანონის ფარგლებში, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ზომასა და ბერკეტს გამოვიყენებთ.