მიმდინარეობს საიტის განახლება

NDI: უმუშევერობა – უცვლელი პრობლელმა

NDI-ს გამოკითხვის შედეგები 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით საზოგადოებაში არსებული განწყობების შესახებ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა .

მთავარი პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს არ შეცვლილა ბოლო 10 წლის განმავლობაში. მათგან უმეტესობა სოციალურ-ეკონომიკური საკითხებია. სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა, ტერიტორიული მთლიანობა, პენსიები, ხელფასები -ასე გამოიყურება ყველაზე პრობლემური ექვსეული.

იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც პრობლემად სამუშაო ადგილებს ასახელებდნენ წინა წელთან შედარებით 3 %-ით შემცირდა და 51% შეადგინა. მაგრამ ეს საკითხი კვლავ ყველაზე მტკივნეულად რჩება მოსახლეობისთვის. ამასთან 8%-ით მეტმა ადამიანმა დაასახელა ბრობლემად სიღარიბე.

25% ხვდა წილად პენსიებს, ეს იგივე მაჩვენებელია რაც 1 წლის წინ. გამოკითხვა ჩატარდა 2018 წლის დეკემბერში და მიუხედავად იმისა, რომ დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი 2019 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, ამან გავლენა ვერ მოახდინა მოსახლეობის მოლოდინზე, რაც ასახავს მოსახლეობის ნეიტრალურ  დამოკიდებულებას საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით. ამასთან, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ასევე მოსახელობაში ინფორმაციის ნაკლებობა რეფორმასთან დაკავშირებით.

2%-ით გაიზარდა უკმაყოფილება ხელფასებით და 20% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ხელფასების საშუალო მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება, მოსახლეობაში ეს არ იწვევს დადებით აღქმას, რაც გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში განსაკუთრებით დიდია უთანასწორობა. ხელფასების ზრდა შესამჩნევია იმათთვის, ვისაც ისედაც მაღალი ხელფასები აქვთ, ხოლო დაბალხელფასიანი მოსახლეობისთვის ზრდა ნაკლებშესამჩნევია და ინფლაციის ფონზე ხელფასების ოდენობასთან დაკავშირებული აღქმა უარესდება კიდეც.

რთული სურათია მოსახლეობაში კარგი სამსახურის შოვნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი – 37% თვლის, რომ იმისათვის, რომ იშოვო კარგი სამსახური ყველაზე მნიშვნელოვანი „ნაცნობობაა“. მხოლოდ 23% თვლის მნიშვნელოვნად პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას. ხოლო განათლებას, ნიჭსა და შრომისმოყვერეობას ბევრად ნაკლები ადამიანი მიიჩნევს გადამწყვეტად.

რაც შეეხება უმუშევრობას, მოსახლეობის 21% თვლის, რომ უმუშევარია და ეძებს სამსახურს. შარშან იგივე მაჩვენებელი 22,2% იყო. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით უმუშევრობის დონე 13,9%-ს შეადგენს. ასეთი აცდენა ოფიციალურ და გამოკითხვით მიღებულ შედეგებს შორის აიხსნება საქსტატის მეთოდოლოგიის ნაკლოვანებებით. საქსტატი სოფლად უმუშევრობის დონედ მიიჩნევს მხოლოდ 5%-ს (ქალაქად 22,7%) და სოფლის მეურნეობაში ჩართული მოსახლეობის უმეტეს ნაწილს დასაქმებულად თვლის. გამოკითხვიდან კი ჩანს, რომ ქალაქსა და სოფელში მოსახლეობის აღქმა უმუშევრობასთან დაკავშირებით ერთნაირია და 21%-ს შეადგენს. საქსტატი მომავალში საკუთარი მეთოდოლოგიის გადახევას გეგმავს და ოფიციალური მაჩვენებელი სავარაუდოდ მიუახლოდვება რეალურ მდგომარეობას, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ, ვინაიდან ახალ მეთოდოლოგიაშიც რჩება გარკვეული ხარვეზები.

მნიშვნელოვანია ასევე ფარული უმუშევრობის საკითხი. გამოკითხულთა 3,7% თვლის, რომ დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, მაგრამ ამჟამად არ ეძებს სამსახურს. შესაბამისად ეს ადამიანები შეიძლება ჩავთვალოთ ფარულ უმუშევრებად.

არსებული პრობლემები იმ პოლიტიკის გამოძახილია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებები უკვე მრავალი წელია ატარებენ. ეკონომიკური ზრდა ინკლუზიურია და ამით სარგებელს ძირითადად ვიწრო წრე ნახულობს. ხელფასების ზრდა არ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. არ არსებობს მინიმალური ხელფასი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დაბალანაზღაურებადი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. გამოკითხვაში  უმუშევრობის პრობლემას მოსდევს სიღარიბე, რაც ცხადია სწორედ უმუშევრობასთან არის დაკავშირებული. უმუშევრობა  ქვეყანაში არ უნდა იწვევდეს აუცილებლად სიღარიბეს, საქართველოში კი, სადაც არ არსებობს უმუშევრობის შემწეობა, უმუშევრად დარჩენა სიღარიბისთვის გაწირვას ნიშნავს. განხორციელებული საპენსიო რეფორმის ძირითადი მიზანი კაპიტალის ბაზრის განვითარებაა და არა სოციალური დაცვა. რაც მოსახლეობის განწყობაზეც აისახება. რეფორმა, რომელიც არ ეყრდნობა სოლიდარობის პრინციპს არ იწვევს ნდობას მოსახლეობაში და საბოლოოდ უთანასწორობის კიდევ უფრო გაღრმავებას გამოიწვევს, რასაც თავის მხრივ მოყვება ფარდობითი სიღარიბის ზრდა.

პროფკავშირების გაერთიანება ხელისუფლებას მოუწოდებს გაატაროს სამართლიანი და სოლიდარული შრომის ბაზრის პოლიტიკა უმუშევრობის შემწეობისა და მინიმალური ხელფასის დაწესებით, სოლიდარობაზე დაფუძნებული საპენსიო რეფორმით. ეს არის ერთად-ერთი სწორი გზა, რათა მოხდეს იმ უმთავრესი სოციალური პრობლემების გადაჭრა, რომლის წინაშეც ქვეყანა უკვე ათწლეულებია დგას.

გიორგი ჭანტურიძე