NDI-ს კვლევით, მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა უმუშევრობაა

NDI-ს კვლევამ და ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 3 368 ადამიანიდან უმეტესობას დასაქმების პრობლემა აწუხებს. დიდი არც ცხოვრების დონით არის კმაყოფილი. სამუშაო ადგილების სიმცირის გარდა, მათ დაბალი ხელფასი და პროდუქტზე ფასის ზრდაც აწუხებთ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა – 36% მიიჩნევს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირდა. 56% ფიქრობს, რომ ვაკანსიების რიცხვი იგივე დარჩა, მის გაზრდაზე კი მხოლოდ 3% საუბრობს. ამასთან, აგვისტოში გამოკითხულთა 32% თავს დასაქმებულად თვლის, ხოლო 68% აცხადებს, რომ უმუშევარია.

იგივე კვლევის თანახმად, რესპონდენტების უმეტესობას არც ცხოვრების დონე აკმაყოფილებს.

NDI-გან განსხვავებით, ვაკანსიების რაოდენობის ზრდაზე საუბრობენ დასაქმების სააგენტო ”ჯობ.გე”-ში. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2013 წლის შემდეგ განცხადებების რაოდენობამ იმატა. მაგალითად, შარშანდელთან შედარებით 1 ივნისიდან 28 ივლისის ჩათვლით, საიტზე ვაკანსიების რიცხვი 40%-ით გაიზარდა.

მიუხედავად ასეთი სტატისტიკისა, საზოგადოების უმეტესობას დასაქმების პრობლემა მაინც აწუხებს.

”სამუშაო ადგილები მართლაც შემცირდა. მართალია, ეს მე ჯერ არ შემეხო, მაგრამ მეშინია ამ არეულობაში არ მოვყვე. ბევრი ჩემი თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს, კადრების შემცირება მოხდა. ზოგგან კომპანიის რეორგანიზაცია განხორციელდა და ამის შედეგად ასზე მეტი კადრი სამუშაოს გარეშე დარჩა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დაიხურა ბევრი მაღაზია. მაგალითად, ჩემი მეგობარი კომპიუტერული ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა, დღეს კი სამსახურის გარეშე დარჩა.

ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარებისა და ბანკების გამკაცრებული საკრედიტო პოლიტიკის გამო, რამდენიმე მაღაზიაც დაიხურა. შემცირებაში მოყვა ძალიან ბევრი თანამშრომელი. ვითარებას ართულებს, პოლიტიკური ნიშნით სამსახურებში მოწყობის ფაქტებიც. ყველასთვის ცნობილია, რომ დღეს სამსახურის დაწყება ნაცნობობით ”მოსული პონტია”, – ამბობს თბილისელი ილია კუპრაშვილი.
წინა რესპონდენტის მსგავსად, ნინო გოგოჭურიც სამუშაო ადგილების სიმცირეზე საუბრობს. მისი თქმით, ვითარება კიდევ უფრო გაუარესებულია, რადგან საწარმოების, მაღაზიების ნაწილი დაიხურა, რასაც უმუშევართა რაოდენობის ზრდა მოჰყვა. როგორც მან ”რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, სამსახურის მაძიებელთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს.

”ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ეკონომიკური აქტივობა ძალიან დაეცა. მაგალითად, გართულდა ბინების გაქირავებაც. ადრე ერთოთახიანს საბურთალოზე 400 დოლარად უპრობლემოდ ვაქირავებდი, ახლა გაჭირდა, რადგან ინვესტიციებმა იკლო. უმუშევართა და, შესაბამისად, უკმაყოფილო ხალხის რაოდენობა გაიზარდა.

სამსახური დავკარგე, რადგან საიდანაც გამომიშვეს, იქ ნაცნობობით მოხდა დასაქმება. რთულია საქართველოში შენი პროფესიით რაიმეს შოვნა. მაღაზიაში კონსულტანტადაც ვცადე მუშაობის დაწყება, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა მარტივი. მოგეხსენებათ, რამდენიმე ბრენდი ქვეყნიდან გავიდა და ამან გარკვეული გავლენა ჩემს დასაქმებაზე იქონია. მაგალითად, ”დებენჰამსი”, რომელიც პეკინის 4-ში მდებარეობდა, დაიხურა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, იგივე ბედი ელის ”ტომ ტეილორს”. თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ ჩიხში აღმოჩნდება”, – ამბობს ნინო გოგოჭური.

დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებასთან ერთად, ხალხი დაბალ ხელფასებს და პროდუქტზე ფასის ზრდას უჩივის. მათი თქმით, საარსებო მინიმუმი შემცირდა, სურსათის ფასმა კი პირიქით, მოიმატა.

NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად კი, გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ის და მისი ოჯახი უკეთესად ცხოვრობს, ხოლო 17% აცხადებს, რომ – უარესად.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ყველაზე მეტად გამოკითხულთა ოჯახების მდგომარეობა თბილისში (22%), თელავში (22%), მცხეთასა (23%) და გორში (22%) გაუარესდა.

რესპონდენტების 70% ფიქრობს, რომ თბილისში ცხოვრება საკმაოდ ძვირი ჯდება. ფინანსების სიმცირე ყველაზე მეტად რაიონიდან ჩამოსულებს აწუხებთ, რადგან დანახარჯი უფრო მეტი აქვთ, ვიდრე ადგილობრივებს.

რესპონდენტების განმარტებით კი, მარტო ბინის დაქირავება საშუალოდ 350 ლარი ჯდება.