მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

მანიფესტი – უსაფრთხო და ღირსეული შრომისთვის

ღირსეული შრომის უფლება ადამიანის ისეთივე ფუნდამენტური უფლებაა როგორც სიცოცხლის, რწმენის, განათლების თუ კონსტიტუციით გარანტირებული სხვა უფლებები და თავისუფლებები. ადამიანის შრომითი უფლებების და სტანდარტების დარღვევას შესაძლოა შეეწიროს ადამიანის სიცოცხლე, რისი სამწუხარო მაგალითებიც ქართულმა საზოგადოება არაერთგზის იხილა უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში. „არ არსებობს ადამიანის შრომაზე უფრო დიდი სიმდიდრე“ – აცხადებდა XVIII-XIX საუკუნეების დიდი ბრიტანელი პოეტი – პერსი ბისი შელი, თუმცა მისი ეს სიტყვები არ კარგავს აქტუალურობას 21-ე საუკუნეშიც, როდესაც კვლავ დასაცავია ადამიანის ღირსება, მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტები.

დღეისათვის, შრომის უსაფრთხოება კვლავ რჩება ყველაზე მთავარ და ყველაზე მწვავე გამოწვევად  – რასაც მოწმობს საწარმოო შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკა –  20072018 წლებში სამუშაო ადგილებზე გარდაიცვალა 473 და მძიმედ დაშავდა 805 დამიანი. აქედან მხოლოდ 2018 წელს, გარდაიცვალა 18 და მძიმედ დაშავდა 12 დასაქმებული. თუმცა ეს სტატისტიკა სრულად ვერ მოიცავს საწარმოო შემთხვევების რეალურ მასშტაბს. კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება პროფესიული დაავადებების აღრიცხვის საკითხიც, ვინაიდან არ არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც მოახდენდა შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების უპირობო მოთხოვნაა, რომ ეროვნული კანონმდებლობა შეესაბამებოდეს ევროკავშირის სტანდარტებს და შსო-ს კონვენციებს. ამ მიმართულებით, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შრომის ინსპექციის ჩამოყალიბებას დამოუკიდებელ და ეფექტიან სამსახურად – საჭიროა გაფართოვდეს შრომის ინსპექციის მანდატი და მიეცეს მას სამუშაო ადგილებზე უპირობო დაშვების უფლება, ხოლო მისი კომპეტენცია გავრცელდეს ყველა სახის შრომაზე! კვლავ კონტროლის გარეშე დარჩება მდგომარეობა მრავალ დარგში, სადაც გახშირდა ადამიანთა გარდაცვალება სამუშაო ადგილებზე – ბოლო წლების განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა ისეთ დარგებში, როგორიცაა: მედიცინა, ენერგოდისტრიბუცია, ბუნებრივი აირის დისტრიბუცია, კომუნალური მომსახურება, კავშირგაბმულობა, სოფლის მეურნეობა და ა.შ., სადაც არსებულ მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს საქართველოს ხელისუფლება საზედამხედველო ობიექტების ნუსხის მიღმა ტოვებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მოითხოვს, რომ შრომის ინსპექციის უფლებამოსილებები გავრცელდეს ეკონომიკის ყველა დარგზე და გააჩნდეს შრომითი უფლებების და შრომის კანონმდებლობის აღსრულების ინსპექტირების მანდატი, რათა საწარმოო შემთხვევების რაოდენობა დავიდეს მინიმუმამდე და საქართველო ამ მიმართულებით გახდეს ევროპული სტანდარტების ქვეყანა, სადაც დასაქმებულის უსაფრთხოება და შრომითი უფლებები დაცული იქნება.

უკანასკნელი 15 თვის განმავლობაში მხოლოდ სამთო-მოპოვებით სამუშაოებზე  (შახტებში და მაღაროებში)  გარდაიცვალა 13 ადამიანი. აქედან მხოლოდ შახტებში 11.

ეს ციფრები უფრო მეტია ვიდრე საგანგაშო …!

საქართველოს პროფკავშირების დიდი ძალისხმევის შედეგად, საქართველოს მთავრობა და დამსაქმებელთა წარმომადგენლები დათანხმდნენ პროფკავშირების ინიციატივას, რათა შრომის უსაფრთხოების კუთხით ტყიბულში არსებული მდგომარეობა, ისევე როგორც მთლიანად შრომის უსაფრთხოების სისტემა ადგილზე და რეაბილიტაციის პერსპექტივები შეაფასოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა და მხოლოდ შესაბამისი დასკვნა გახდეს სამომავლო სამოქმედო გეგმის საფუძველი. მანამდე, მსხვერპლთა რიცხვის შემდგომი ზრდის თავიდან აცილების და შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მოითხოვს:

  1. სრულად შეჩერდეს ტყიბულის შახტების ფუქციონირება და მხოლოდ შსო-ს ექსპერტების დასკვნის მიხედვით განხორციელდეს მისი რეაბილიტაცია. ამ პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მეშახტეების მიეცეს კომპენსირება საკუთარი ხელფასის ოდენობით და შეუფერხებლად შენარჩუნდეს ტყიბულის სოციალური და კულტურული აქტივობები.
  1. ტყიბულელი მეშახტეების და ჭიათურელი მაღაროელების საპენსიო ასაკის დაიწიოს 55 წლამდე და მათ თავად გააკეთონ სამუშაოზე დარჩენის ან პენსიაზე გასვლის არჩევანი მითითებული ასაკიდან და მიიღონ ღირსეული პენსია თვეში 560 ლარის ოდენობით, როგორც ეს აქვთ პარლამენატრებს;
  1. ტყიბულელი მეშახტეები და ჭიათურელი მაღაროელები სრულად განთავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან!
  1. მოხდეს მეშახტეების და  მაღაროელების  შრომის ანაზღაურების ინდექსაცია 2016 და 2017 წლების ინფლაციის შესაბამისად;
  1. შეიქმნას შრომის უსაფრთხოების სადაზღვევო სისტემა, რაც უზრუნველყოფს დაზარალებული დასაქმებულების და მათი ოჯახების კომპენსირებას მიღებული ტრავმის სიმძიმის შესაბამისი პროპორციით.

საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 2 ნოემბერს მოახდინა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #144 კონვენციის რატიფიკაცია ,,შრომის საერთაშორისო სტანდარტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით სამმხრივი კონსულტაციების შესახებ“.

ამასთანავე, მხოლოდ ერთი კონვენციის მიღებით წარმოუდგენელია ქვეყნის შრომითი ბაზრის, მშორმელი მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის  და სოციალური პირობების გაუმჯობესება. სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში, საქართველო კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნად შსო-ს კონვენციების რატიფიკაციის კუთხით.

პროფკავშირები მოითხოვენ:

  • მინიმალური ხელფასის განაკვეთის განსაზღვრას შსო-ს #131 კონვენციის შესაბამისად;
  • ,,შახტებზე შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის შესახებ“ N176-ე,
  • „დედობის დაცვის შესახებ“ შსო-ს 183-ე,
  • „ოჯახური ვალდებულებების მქონე პირთა“ შესახებ შსო-ს #156-ე,
  • „სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ შსო-ს #155-ე და
  • `შრომის ინსპექციის შესახებ“ შსო-ს #81-ე კონვენციების რატიფიცირებას.

ვაცხადებთ, რომ მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სოციალური სისტემა არის საქართველოს ეკონომიკური წინსვლის, პოლიტიკური სიძლიერის  და ქვეყანაში სოციალური მშვიდობისა და სამართლიანობის დამყარების  გარანტი.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს გადაწყვეტილება მინიმალური ხელფასის ღირსეულ დონემდე  გაზრდის შესახებ. მინიმალური ხელფასის ნიშნულის  და მისი ადექვატური მოცულობის განსაზღვრა არის მხოლოდ საქართველოს პროფკავშირების მოთხოვნა, არამედ ეს არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის  საყოველთაოდ აღიარებული და მისი წევრი-ქვეყნებისათვის რეკომენდებული შრომის საერთაშორისო სტანდარტი.

საქართველოს პროფკავშირები მოითხოვენ ქვეყანაში უმუშევრობის შემწეობის შემოღებას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რიცხოვნობას, ისევე როგორც საშუალებას მისცემს მრავალ დაუსაქმებელ ადამიანს გაიუმჯობესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, განათლების მიღების პერსპექტივები ან მოაგვაროს ყოველდღიური ყოფითი პრობლემები.

საქართველოს პროფკავშირებმა მოამზადეს და საქართველოს მთავრობას და ფართო საზოგადოებას წარუდგინეს ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული დისკრიმინიაციული საპენსიო სისტემის ალტერნატიული სამსვეტიანი ალტერნატივა, სადაც მაქსიმალურად დაცულია მშრომელთა ინტერესები, თუმცა, სამწუხაროდ, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ამ ინიციატივის მთავარი პრინციპები უგულვებელყოფილი რჩება ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს პროფკავშირები აგრძელებენ ბრძოლას ღირსეული და სამართლიანი საპენსიო სისტემის მისაღებად.

სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ყურადღების გარეშე რჩება ქვეყანაში ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და შრომითი პირობების გაუმჯობესება – ამ მიმართულებით, მდგომარეობა სამწუხაროდ უცვლელია და შენარჩუნებულია ის უდიდესი დისბალანსი, რომელიც არსებობს ქალისა და მამაკაცის შრომითი ანაზღაურების საკითხში. ხოლო ეს განსხვავება 40%-ს აღწევს! უკანასკნელ პერიოდში, ქართული საზოგადოება არაერთხელ გახდა იმ შემაშფოთებელი გარემოების მოწმე, რომ ქალები არიან სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროების და დისკრიმინაციის ყველაზე ხშირი მსხვერპლნი. მათ ექმნებათ ხელოვნური ბარიერები კარიერული წინსვლის პროცესში. სამსახურში მიღების დროს, ქალის ოჯახური მდგომარეობა ან პოტენციური დედობა არის ხელისშემშლელი ფაქტორი მისი შრომითი დასაქმებისათვის, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება დეკრეტული შვებულების ღირსეული ანაზღაურება და შესაბამისად, მოვითხოვთ, იგი   განისაზღვროს   ხელფასის სრული ოდენობით.

ქვეყნის ხელისუფლების და ბიზნეს-წრეების მხრიდან პროფკავშირული მოძრაობა და ასოციაციის თავისუფლება კვლავ განიხილება როგორც ბიზნესის წარმოების და განვითარებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი. სახელმწიფო მფლობელობაში არსებული კომპანიები ტრადიციულად რჩება მშრომელთა უფლებების მასობრივი და პერმანენტული დარღვევის ადგილებად, რომელთა ადმინისტრაციების უკანონო ქმედების მიმართ სახელმწიფო არის სრულიად გულგრილი და ხელმძღვანელებისთვის მიცემულია ქმედების სრული თავისუფლება. მმართველი პოლიტიკური ძალის პრიორიტეტები კვლავაც პრიორიტეტულად მიმართულია საბანკო სექტორის გაძლიერებისკენ, რომელიც განიხილება როგორც ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. მსხვილმა ბანკებმა სრულად დაიპყრეს ეკონომიკური საქმიანობის თითქმის ყველა სფერო – ბანკები ფლობენ ყველა ბიზნეს-სექტორს, მათ საკუთრებაში და კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა როგორც ქვეყნის უმსხვილესი საწარმოები, ისე სამშენებლო, საგანმანათლებლო, სადაზღვევო, ჯანდაცვის და უძრავი ქონების უდიდესი ნაწილი.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მოუწოდებს ქვეყნის ხელისუფლებას გადადგას ქმედითი ნაბიჯები შრომითი უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით, მიმართოს მაქსიმალური ძალისხმევა შრომის არსებული სტანდარტების გაუმჯობესების და მოქმედი რეგულაციების შესრულების კონტროლის თვალსაზრისით, მოახდინოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების რატიფიცირება, რომელთა სრულფასოვანი იმპლემენტაცია  გარანტირებულად უზრუნველყოფს მოსახლეობის სოციალური და ყოველდღიური ყოფითი პირობების გაუმჯობესებას, შრომითი ბაზრის ზოგად გაჯანსაღებას, უმუშევრობის შემცირებას და ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისა და სტაბილურობის განმტკიცებას.

 

იქნება სოლიდარობა, ყველაფერი გამოვა!

 

2018 წლის 1 მაისი