აბაშის მერიიდან გათავისუფლებულმა სამმა თანამშრომელმა პროფკავშირების ჩართულობით წარმოებული დავა წარმატებით დაასრულა. მერიამ 2018 წლის 12 იანვარს სამსახურიდან სამი თანამშრომელი გაათავისუფლა. დასაქმებულებმა – მურად ძველაიამ, კობა თოფურიამ და აკაკი ბოკუჩავამ გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნიეს და სასამართლოში იჩივლეს.
სენაკის რაიონულმა სასამართლომ მათი საჩივარი 14 მაისს დააკმაყოფილა – მერიას თანამშრომლების აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მოსთხოვა. აბაშის მერიამ სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა 31 ოქტომბერს სააპელაციომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
აბაშის მერიაში კი სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებამდე ნაადრევად მიაჩნიათ დათხოვნილი თანამშრომლების დაბრუნებაზე საუბარი.
რაც შეეხება მათი გათავისუფლების მოტივს, აბაშის მერიის აუდიტის სამსახურის უფროსის განცხადებით თანამშრომლები 2018 წლის 12 იანვარს მისი სამსახურის ანგარიშის საფუძველზე გაათავისუფლეს.
„საჯარო მოხელების მოქმედებების არაჯეროვანი განხორციელების გამო მქონდა შენიშვნები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი უმოქმედობით ბიუჯეტს მიადგა მატერიალური, მნიშვნელოვანი ზარალი“, – განმარტა ზვიად ცომაიამ.
თავის მხრივ, გათავისუფლებული თანამშრომლების ადვოკატი, პროფკავშირების გაერთიანების იურისტი სერგო მახარაძე მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები კვალიფიციური მოხელეები არიან.
„მთავარი მოტივი იყო ის, რომ მათი გათავისუფლება უნდოდათ და იმ ფორმით გაათავისუფლეს, რომ ასეთი დასკვნა მოამზადეს. ისინი ძალიან კვალიფიციური თანამშრომლები არიან და მოსამართლის მიერ ჩვენი საჩივრის დაკმაყოფილება კარგი პრეცენდენტია“, – აღნიშნა მან.
ⓒ livepress.ge ; liberali.ge