ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომლის მეშვიდე ნაწილი საქართველოში დასაქმებულთა უფლებებს ეხება. ანგარიშის ამ ნაწილში ასახული იქნა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ მიწოდებულ ინფორმაცია. ის საუბრობს იმ საკანონმდებლო და პრაქტიკულ პრობლემეზე, რომელსაც პროფკავშირები და დასაქმებულები სისტემატურად აწყდებიან.
დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ზოგადად კანონი ითვალისწინებს დასაქმებულთა უმრავლესობის, მათ შორის, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულების უფლებებს შექმნან და შეუერთდნენ დამოუკიდებელ პროფკავშირებს, გაიფიცონ კანონიერად და აწარმოონ კოლექტიური მოლაპარაკებები.
კანონმდებლობის მიხედვით, თუ პროფკავშირი ან დასაქმებულთა ჯგუფი წამოიწყებს მოლაპარაკებებს კოლექტიური შეთანხმების მისაღწევად, დამსაქმებლებმა კეთილსინდისიერად უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები.
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა უზრუნველყოფს გაერთიანების თავისუფლებისა და კოლექტიური მოლაპარაკების უფლებას, დამსაქმებლები მოლაპარაკებებს ყოველთვის კეთილსინდისიერად არ აწარმოებდნენ. დამსაქმებელთა ვალდებულებები მედიაციის პროცესში მონაწილეობის შესახებ ყოველთვის არ არის ნათლად განსაზღვრული კანონით ან პრაქტიკით. ამის ნათელი მაგალითი იყო რუსთავის აზოტის ქარხანაში ჩიხში შესული მოლაპარაკების პროცესი. 28 აპრილს, დაახლოებით 2000-მა დასაქმებულმა განუსაზღვრელი ვადით გაფიცვა მოაწყო მას შემდეგ, რაც კომპანიამ უარყო მოთხოვნა ხელფასის 50 პროცენტით გაზრდაზე. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, რამდენიმე დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დასაქმებულებს დაუკმაყოფილეს მოთხოვნა და 8.7 პროცენტიდან 25 პროცენტამდე მოუმატეს ხელფასი. ამ ფაქტმა გამოიწვია გაფიცულ სამუშაო ძალაში განხეთქილება. გაფიცვა არ არის შეზღუდული დროში , თუმცა კანონი ზღუდავს ლოკაუტებს 90 დღემდე. სასამართლომ შესაძლოა დაადგინოს გაფიცვის კანონიერება, ხოლო გაფიცვის წესების დამრღვევებს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაემუქროს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს დამსაქმებლების მიერ პროფკავშირის წევრების ან პროფკავშირული ორგანიზაციების საქმიანობების მიმართ დისკრიმინაციას, ის არ მოითხოვს ცალსახად პროფკავშირული საქმიანობის გამო სამსახურიდან გათავისუფლებული დასაქმებულის სამსახურში აღდგენას.
დასაქმებულთა გარკვეულ კატეგორიებს, ვინც ჩართულია სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ „კრიტიკულ სერვისებსა“ და „ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის აუცილებელ სფეროებში“, არ აქვთ გაფიცვის უფლება. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ დადგენილ ჩამონათვალში შედის ისეთი სერვისები, რომლებიც მათი შეხედულებით, არ წარმოადგენენ აუცილებელ ბიზნესსა და მომსახურებას, კერძოდ ასეთი სერვისებია : მუნიციპალური დასუფთავების დეპარტამენტები, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების ობიექტები, ნავთობისა და გაზის წარმოების, მომზადების, გადამუშავების ობიექტები.
დოკუმენტში აღნიშნულია პროფკავშირების როლი დასაქმებულთა დაცვის გასაძლიერებლად და არსებული უფლებების დასაცავად.
„ქვეყანაში გაერთიანების თავისუფლების, კოლექტიური მოლაპარაკებებისა და გაფიცვის უფლებისადმი პატივისცემის საკითხის მუდმივი აქტუალურობის გამო, პროფკავშირები მთელი წლის განმავლობაში მოუწოდებდნენ მთავრობას დასაქმებულთა დაცვის გასაძლიერებლად და კანონით მინიჭებული უფლებების დასაცავად შემდგომი ნაბიჯების გადადგმისაკენ. მიუხედავად ამისა, მთავრობამ ეფექტურად არ აღასრულა კანონები, რომლებიც იცავს გაერთიანების თავისუფლებას და კრძალავს ანტიპროფკავშირულ დისკრიმინაციას. უკანონო დათხოვნისა და შრომითი უფლებების შესახებ სამართლებრივი დავების სამართლებრივი გადაწყვეტა ხანგრძლივად ჭიანურდებოდა. დოკუმენტში ასევე, განხილულია მედიაციის პროცესთან დაკავშირებული პრობლემები:
„დასაქმებულები ძირითადად იყენებდნენ გაფიცვის უფლებას კანონის შესაბამისად, თუმცა, ისინი ზოგჯერ ხელმძღვანელობის ანგარიშსწორებას აწყდებოდნენ. 3 მაისს, „გურია ექსპრესის“ თანამშრომლებმა ხელფასების გაზრდისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს მოთხოვნით 38-დღიანი გაფიცვა დაიწყეს. გაფიცვის დროს დამქირავებელმა უარი თქვა პროფკავშირებთან დიალოგზე და გაფიცვის შესაწყვეტად სხვა საშუალებებს მიმართა. პროფკავშირების გარეშე დასაქმებულები არ იყვნენ თანახმა რაიმე სახის შეთახმება მიეღწიათ დამსაქმებელთან. პარალელურად, მიმდინარე მედიაციის პროცესის განმავლობაში, შრომის ინსპექციამ გამოავლინა უსაფრთხოების ზომების დარღვევის ფაქტები. მრავალმხრივი მოლაპარაკებების შედეგად გაიმართა ფართომასშტაბიანი აქციები და მსვლელობები პროცესებში სახელმწიფო მოხელეების ჩართვის მოთხოვნით. გაფიცვა დასრულდა დასაქმებულთა, პროფკავშირების და დამსაქმებელთა შეთანხმებით, რომელსაც ხელი მოეწერა 12 ივნისს. „გურია ექსპრესის“ ხელმძღვანელობამ შეიტანა სარჩელი 26 დასაქმებული ადამიანისი.წინააღმდეგ, რათა მათი გაფიცვა უკანონოდ ეცნოთ. სასამართლომ შეაჩერა აღნიშნული საქმე, რადგანაც საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ დაამტკიცა, რომ დამსაქმებელს არ ქონდა სამართლებრივი საფუძველი ეს გაფიცვა არაკანონიერად გამოეცხადებინა“ – ვკითხულობთ ანგარიშში.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს დამუკიდებელი პროფკავშირებისთვის ფუნქციონირების ხელის შეშლის ფაქტორზეც.
„ზოგიერთი დამსაქმებელი ერეოდა პროფკავშირების საქმიანობაში. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ცნობით, დამსაქმებელი აფინანსებდა „ყვითელ“ პროფკავშირებს საქართველოს ფოსტასა და საქართველოს რკინიგზაში, ეს უკანასკნელნი კი ხელს უშლიდნენ დამოუკიდებელი პროფკავშირების ფუნქციონირებას. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ასევე მიუთითებდა პროფკავშირის წევრობის ნიშნით ფართოდ გავრცელებულ შევიწროებაზე, რომელიც არსებობს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, კერძოდ სარკინიგზო და საფოსტო მომსახურებაში. მაგალითად, „საქართველოს ფოსტას“ არ ჰყავს პროფკავშირი დამსაქმებლის ანტი-პროფკავშირული აქტივობებიდან გამომდინარე. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თანახმად, „საქართველოს ფოსტას“ აქვს ე.წ. ფონდი დასაქმებულთა მხარდაჭერისათვის, რომელიც კომპანიაში შეიქმნა პროფკავშირის ჩასანაცვლებლად. „საქართველოს რკინიგზაში“, „ყვითელი“ პროფკავშირი ჯერ ისევ არსებობდა, თუმცა, წლის განმავლობაში, კომპანიის ხელმძღვანელობამ თანამშრომლობა დაიწყო საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წევრ ორგანიზაციასთან – რკინიგზელთა პროფკავშირთან და არ ერეოდა აქტიურად მის საქმიანობაში“ – ვკითხულობთ დასკვნაში.
ანგრიშში, რომელიც სულ 85 გვერდისგან შედგება, მეშვიდე საკმაოდ ვრცელი თავი სწორედ პროფესიული კავშირების გაერთიანების საქმიანობასა და დასაქმებულთა შრომითი უფლებების გაუმჯობესებისთის შესაბამისი უწყებების მიმართ რეკომენდაციების გაცემას ეხება.
სრული ანგარიში შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.