შრომითი უფლებები და პროფკავშირების წინაშე მდგომი გამოწვევები – საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა 2 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და ამერიკის შრომის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
დისკუსიაზე განიხილეს ევროპის რეგიონში და საქართველოში დასაქმებულთა უფლებები, დღეს არსებული გამოწვევები, მათ შორის გაერთიანების თავისუფლების და სოციალური დიალოგის მიმართულებით. ხაზი გაესვა თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული პროფკავშირული მოძრაობის მნიშვნელობას, ძლიერი და ფუნქციონალური დემოკრატიის ჩამოყალიბებაში.
თავის გამოსვლაში ირაკლი პეტრიაშვილი შეეხო საქართველოში მინიმალური ხელფასის არ არსებობას და იმას თუ რა პრობლემებს ქმნის ეს დასაქმებულებისთვის. ასევე ქალთა და მამაკაცთა ხელფასებს შორის დისბალანსს და იმას, თუ როგორ დამძიმდა ქალთა მდგომარეობა კოვიდის პირობებში. ირაკლი პეტრიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პროფკავშირების წევრობა აღარ ისჯება ისე, როგორც ეს ხდებოდა 2012 წლამდე, თუმცა საქართველოს ფოსტა და საქართველოს რკინიგზა ამ მიმართულებით კვლავ პრობლემად რჩება. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი კომპანიები არიან სახელმწიფო კომპანიები. ასევე აღინიშნა, რომ ქვეყანაში არ ხდება სოციალური დიალოგის პოპულარიზაცია ყველა დონეზე, ხოლო პოლიტიკური სპექტრის დღის წესრიგი და მოსახლეობის საჭიროებები აცდენილია ერთმანეთს. პეტრიაშვილის თქმით, ამას ადასტურებს ყველა ავტორიტეტული კვლევა, სადაც მოქალაქეები უმთავრეს პრობლემად ასახელებენ დასაქმებას, სიღარიბეს და სოციალურ პრობლემებს პრობლემებს.
ღონისძიება ჩატარდა ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, რომელიც 2021 წლის 9-10 დეკემბერს შეერთებული შტატების პრეზიდენტის და მთავრობის მიერ ორგანიზებული სამიტით მთავრდება. ღონისძიებაზე მთავრობების, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები და საერთაშორისო ინსტიტუტები აიღებენ ვალდებულებებს დემოკრატიის წინაშე მდგარი საფრთხეების მოსაგვარებლად შემდეგი სამი ძირითადი თემის მიხედვით: ავტორიტარიზმისგან დაცვა, კორუფციასთან ბრძოლა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ხელშეწყობა.
ირაკლი პეტრიაშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს 7 დეკემბერს დაგეგმილ კონფერენციაში დასაქმებულთა უფლებების შესახებ, სადაც მომზადდება რეკომენდაციები და მიმართვა სამიტში მონაწილე მთავრობებისთვის.