მიმდინარეობს საიტის განახლება

ILO – Danida: ყოვლისმომცველი შრომის ბაზარი საქართველოში სამუშაო ადგილების შესაქმნელად

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ თბილისსა და რეგიონებში ტრენინგების სერია დაიწყო. გახსნის კონფერენცია დღეს ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონში” გაიმართა.
შესაძლებლობების ამამაღლებელ სემინარს: სოციალურ დიალოგზე და შრომით ურთიერთობებზე ბათუმი 1 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს.
შეხვედრა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მთავარმა ტექნიკურმა მრჩეველმა კინან ბაჰნასიმ გახსნეს.
ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, ტრენინგების სერიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან გულისხმობს საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების გადამზადებას ისეთი მნიშვნელობის საკითხებში, როგორიცაა გლობალური პრაქტიკა შრომითი დავების პრევენციისა და გადაწყვეტის მექანიზმების საქმეში; “განვიხილავთ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წინაშე დაყენებულ საკითხებს, მათ შორის შრომის კოდექსში ცვლილებებს, საარსებო მინიმუმის საკითხს, საპენსიო რეფორმას, უმუშევრობის შემწეობას და ა.შ. ტრენიგნგების მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ სამუშაოებსაც. ტრენინგების სერია მნიშვნელოვანია ჩვენთვის (პროფკავშირებისთვის), აგრეთვე უდაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი წევრების და ზოგადად დასაქმებულების ცოდნის ამაღლება, ცნობადობის გაზრდა, რაც მათ ჩართულობას და მონაწილეობას უზრუნველყოფს მათთვის და ქვეყნისთვის საჭირო საკითხებში. სწორედ დასაქმებულები და მეწარმეები არიან ეკონომიკური დოვლათის შემქმნელები და ძირითადი დაინტერესებული მხარეები. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ჯამბაზებით ზედმეტად გადატვირთული ქართული პოლიტიკა, სადაც ამ ორი ჯგუფის ინტერესის და საჭიროებების გარდა ყველაფერზეა საუბარი, ამიტომ მეწარმეების ცნობიერების ამაღლებასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რათა სრულფასოვანი და კომპეტენტური სოციალური პარტნიორები გვყავდეს , რასაც აგრეთვე სერიოზულ ყურადღებას უთმობს დანიის მთავრობის ის პროექტი, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით ხორციელდება საქართველოში.”
სემინარის ძირითადი ტრენერები საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი და იურისტი თამარ სურმავა არიან.
პროფკავშირების წევრები სხვადასხვა სექტორებიდან მაღალკვალიფიციური ტრენერებისგან მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საქმიანობის, სოციალური დიალოგის კონცეფციის, სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიის და მისი სტრუქტურის შესახებ საქართველოში;
რაისა ლიპარტელიანი: “სემინარის მიზანია ხაზი გაუსვას სოციალური დიალოგის მნიშვნელობას რეგიონში და 2 დღის მანძილზე იმსჯელოს იმ გამოწვევებზე რომელიც ამ მიმართულებით არსებობს და როგორიცაა შრომითი უფლებები, შრომის უსაფრთხოება, საპენსიო რეფორმა, უმუშევრიბის შემწეობა, მინიმალური ხელფასი და ქალთა შრომითი უფლებები.”