საერთაშორისო კვლევის კომპანია Universum-მა გამოაქვეყნა მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველი 50 დამსაქმებლის რეიტინგი.
წელს მკვლევარებმა შეისწავლეს 12 ქვეყნის (ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, იტალია, იაპონია, რუსეთი, აშშ და დიდი ბრიტანეთი) ბიზნეს-სკოლების დაახლოებით 100 000 კურსდამთავრებულთა აზრი.
როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა უმრავლესობამ თქვა, რომ ისურვებდნენ ემუშავათ Google-ში. ლიდერთა სამეულში ასევე მოხვდნენ EY და Goldman Sachs. Universum აღნიშნავს, რომ ამ კომპანიებში სტუდენტებს იზიდავს, უპირველეს ყოვლისა, პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, სამუშაოს სტაბილურობა და მათი დამსაქმებლის წარმატება ბაზარზე. კიდევ სად სურთ მუშაობა ბიზნეს-სკოლების სტუდენტებს, იხილეთ ჩამონათვალში.
1. Google
ინტერნეტ-გიგანტი, რომელიც სტაბილურად ხდება ამ რეიტინგის „ოქროს მედალოსანი“ 2010 წლიდან.
2. Ernst & Young
ეს აუდიტორული კომპანია მუდმივად იმყოფება Universum-ის რეიტინგის სათავეში. 2010 წელს მან მიიღო „ბრინჯაო“, 2011 წელს დაიკავა მეოთხე პოზიცია. თუმცა 2012 წელს ეს კორპორაცია მეექვსე პოზიციამდე დაეშვა.
3. Goldman Sachs
2013 წელს ეს ბანკი მოულოდნელად წინ წაიწია რეიტინგში. გასული სამი წლის განმავლობაში მას ეკავა მხოლოდ მეათე ადგილი.
4. PricewaterhouseCoopers
2010 წელს PwC ასევე იმყოფებოდა მეოთხე ადგილზე „საოცნებო დამსაქმებელთა“ შორის. 2011 წელს კომპანია მოხვდა სამეულში, მაგრამ 2012-ში დაეშვა მეშვიდე პოზიციამდე.
5. Microsoft
2010 წელს აქ ცოტა სტუდენტს უნდოდა მუშაობა – Microsoft-მა დაიკავა მეშვიდე ადგილი. 2011 წელს იგი უკვე მეექვსე აღმოჩნდა, ხოლო 2012-ში კომპანიამ მიაღწია მეოთხე პოზიციას.
6. Apple
Apple-ში მუშაობის მსურველთა რაოდენობა ბიზნეს-სკოლების კურსდამთავრებულთა შორის მუდმივად იზრდება. კომპანია ყველაზე მიმზიდველთა რეიტინგში 2010 წელს მოხვდა და იყო მე-18 ადგილზე 50-დან, თუმცა უკვე მომდევნო წელს Apple-მა დაიკავა მეცხრე ადგილი. 2012 წელს მისი რეიტინგი ოდნავ დაეცა მე-11 პოზიციამდე.
7. Deloitte
ეს აუდიტორული კომპანია სტაბილურად იმყოფებოდა საუკეთესოთა ხუთეულში და სტუდენტთა აზრით, იკავებდა მეხუთე ადგილს. 2013 წელს Deloitte აღმოჩნდა ორი პოზიციით დაბლა.
8. KPMG
აუდიტორულ კომპანია KPMG-ს 2013 წელს უპირატესობას მიანიჭებდა გაცილებით ნაკლები სტუდენტი, ვიდრე უწინ. KPMG Universum-ის რეიტინგის არსებობის პირველივე წლიდან იკავებდა მეორე ადგილს, მაგრამ მოულოდნელად დაეცა მერვე პოზიციამდე.
9. Coca-Cola
აქ მუშაობისთვის მზად არის სტუდენტების დაახლოებით იგივე რაოდენობა, რაც სამი წლის წინ. 2010 წელს Coca-Cola იყო მერვე პოზიციაზე, 2011-ში – მეთორმეტეზე, ხოლო 2012-ში მყარად დაიკავა მეცხრე ადგილი.
10. Proctеr & Gamble
ეს კომპანია 2010 წლის რეიტინგის მეექვსე ადგილიდან გადავიდა ათეულის ბოლო პოზიციაზე. თუმცა, 2012 წელს P&G-მა მიიზიდა გაცილებით მეტი სტუდენტი (მას მიანიჭეს მესამე ადგილი). დაახლოებით 2010 წლის დონეზე იმყოფებოდა კომპანია 2011-ში (მეშვიდე პოზიცია).
წყარო: http://www.forbes.ru