მიმდინარე წლის 28-29 ოქტომბერს, მეტალურგთა საერთაშორისო ევრაზიულმა კავშირმა (EURASIAMETAL) თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გამართა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომლის პარალელურად მიმდინარეობდა EURASIAMETAL-ის ახალგაზრდული კონგრესი.
ღონისძიებებში მონაწილეობას 18 ქვეყნის 250 წარმომადგენელი იღებდა. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიურ მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პოზიციებს EURASIAMETAL-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი თეიმურაზ გვენეტაძე, ხოლო ახალგაზრდულ კონგრესზე კი საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი ია მაღრაძე წარმოადგენდნენ.
თეიმურაზ გვენეტაძემ EURASIAMETAL-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე წარადგინა წერილობითი ანგარიში საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიურ მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის დასაქმებულთა უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილის და საქართველოში არსებული შრომით-სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური ზოგადი მდგომარეობის შესახებ.
მეტალურგთა საერთაშორისო ევრაზიული კავშირის (EURASIAMETAL) პრეზიდენტმა პევრულ კავლაკმა და გენერალურმა მდივანმა მეჰმედ სოიუპეკმა, ისევე როგორც ყოველთვის, თავიანთ გამოსვლებში ეხლაც აღნიშნეს, რომ საქართველოს პროფკავშირების ეფექტური მუშაობა სამაგალითოა მთელი რეგიონისთვის.