მიმდინარეობს საიტის განახლება

სს “ელმავალმშენებელში” კუთვნილ ხელფასებს მიიღბენ – პროტესტმა შედეგი გამოიღო

სს “ელმავალმშენებელი” ქარხნის მუშები სახელფასო დავალიანებას 17 მარტისთვის მიიღებენ. ახლო მომავალში სავარაუდოდ დირექტორიც შეიცვლება. ამის შესახებ განცხადება დღეს საპროტესტო აქციაზე პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა გააკეთა. მან ქარხნის მუშებს წერილი წაუკითხა, რომელიც სს”ელმავალმშენებლის” უცხოელი მეპატრონისგან მიიღო. წერილში წერია, რომ კომპანის ანგარიშებს ინკასო ადევს და გარკვეული პროცედურების შესრულების შემდეგ, ორი კვირის ვადაში ხელფასების ჩარიცხვა გახდება შესაძლებელი.

„კომპანია logo Trans Company LTD, სს ელმავალმშენებელი ქარხნის აქციების 87%-იანი წილის მფლობელი ინფორმირებულია ქარხნის შრომითი კოლექტივის წინაშე 2018 წლის ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეში სახელფასო ვალის შესახებ. მოცემული ვალის დაფარვის ფულადი სახსრები გამოიძებნა და უნდა ჩარიცხულიყო ქარხნის ანგარიშზე 2019 წლის თებერვალში. თუმცა გადახდის პროცესში ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს, უფრო ზუსტად, მოხდა იმ ანგარიშის დაბლოკვა, საიდანაც იგეგმებოდა ფულის გადარიცხვა.

კომპანია loco Trans Company LTD-მ ძალისხმევა არ დაიშურა საკითხის სასწრაფოდ გადასაწყვეტად, მაგრამ ანგარიშის განბლოკვის პროცედურა გაგრძელდება არანაკლებ ორი კვირისა. ფულის სს „ელმავალმშენებლის” ანგარიშზე დარიცხვის სავარაუდო თარიღია 2019 წლის 17 მარტი”, – ნათქვამია წერილში.

კომპანიის უცხოელი მფლობელი ახალი ინვესტორის ძიებაშია და ქარხნის მოდერნიზაციის გეგმა აქვს – ამის შესახებ განცხადება ირაკლი პეტრიაშვილმა წერილზე დაყრდნობით განაცხადა.

შეგახსენებთ ქარხნის მუშებმა, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ორგანიზებით საპროტესტო აქციები კუთვნილი ხელფასების მოთხოვნით გამართეს. ადმინსტრაციას თანამშრომლების ექვს თვემდე დავალიანება აქვთ. თანამშრომელთა მოთხოვნაა ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაც. პეტრიაშვილის განცხადების შემდეგ აქცია დაიშალა. მიღებული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში საპროტესტო გამოსვლები განახლდება.