ი.ნ. შპს „აგრიჯორჯიაში“, რომელიც „ფერრეროს“ ჯგუფში შემავალი კომპანიაა („ფერრერო“ აწარმოებს ცნობილ ტკბილეულს: „Ferrero Rocher”, “Raffaello”, “Kinder”, “Nutella”, “Tik-Tak” და სხვ.), ბუღალტრის პოზიციაზე 2017 წლიდან არის დასაქმებული. ამ წლების განმავლობაში მას ხშირად უწევდა ისეთი დავალებების შესრულება, რომლებიც სცდებოდა როგორც მის რუტინულ მოვალეობებს, ისე, ბუღალტრის კომპეტენციას. ეს ყველაფერი კი იმით იყო განპირობებული, რომ შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო აღწერილობა სხვადასხვა მოვალეობასთან ერთად მოიცავდა ჩანაწერს „სხვა ვალდებულებები“ და დამსაქმებელი ამით სარგებლობდა. დასაქმებული კომპანიის ხელმძღვანელობისგან მისი პოზიციის დასახელებისა და სამუშაო მოვალეობების დაზუსტებას წლების განმავლობაში უშედეგოდ მოითხოვდა.
ი.ნ. პროფკავშირების გაერთიანების დარგობრივი ორგანიზაციის, პროფკავშირ „ლაბორის“ წევრია და საკუთარი ინტერესების დაცვა სწორედ პროფკავშირებს მიანდო. პროფკავშირების გაერთიანების იურისტებმა მას კონსულტაცია გაუწიეს და მათი დახმარებით, დასაქმებულმა საჩივრით შრომის ინსპექციას მიმართა.
ინსპექტირების შედეგად გამოიკვეთა, რომ არა მხოლოდ ი.ნ.-ს, არამედ, სხვა დასაქმებულების სამუშაო აღწერილობებიც შეიცავდა ჩანაწერებს: „სხვა ვალდებულებანი“, „სხვა აღნიშნული დავალებანი“, „სხვა დაკისრებული დავალებები“, „ეხმარება სამუშაო ადგილის უფროსს სხვადასხვა საქმეში“, „სხვა სახის დავალებების შესრულება“, „სხვადასხვა დავალებების შესრულება“, „სხვა აღნიშნული ფუნქციები“, „სხვა დაკისრებული ვალდებულებები“, „სხვა დამატებითი ფუნქციები“.
შრომის ინსპექციამ მსგავსი ფორმულირებები ბუნდოვნად, შრომის კოდექსის საწინააღმდეგოდ მიიჩნია და განმარტა:
- „ვალდებულებათა ზოგადი ხასიათი წარმოშობს სამომავლოდ შრომით ურთიერთობაში ისეთი დამატებითი ფუნქციების დაკისრებას დასაქმებულისთვის, რომელიც თავისი არსით შესაძლებელია, იყოს შეთავსებითი სამუშაო ან რჩებოდეს კომპეტენციის მიღმა“;
- „… სამუშაოს სახე და აღწერილობა ის არსებითი პირობებია, რომლებიც მნიშვნელოვანია დასაქმებულისთვის, რათა მისთვის განსაზღვრული და ცხადი იყოს, რა უფლება-მოვალეობებით არის აღჭურვილი შრომით ურთიერთობაში“;
- „შრომის კოდექსის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ცალსახად ამბობს, რომ შრომითი ხელშეკრულების შინაარსის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია დასაქმებულის თანამდებობა, შესასრულებელი სამუშაოს სახე და აღწერილობა. … იმ პირობებში, როცა ბუნდოვანია, არასრულადაა გაწერილი ან საერთოდ არაა განსაზღვრული შეთანხმებული ანაზღაურება რა სახისა და აღწერილობის სამუშაოს მიემართება, შესაძლებელია, დასაქმებულს დაევალოს მისი რეალური სამუშაო რეალური აღწერილობის მიღმა ისეთი დამატებითი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება, რომლებიც არ უკავშირდება მის მიერ დაკავებულ პოზიციას. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ შრომით ხელშეკრულებაში განსაზღვრული უნდა იყოს ამ პირობის (თანამდებობა და სამუშაოს სახე და აღწერილობა) ორივე კომპონენტი ერთად და დეტალურად.“
- „თუკი შრომითი ურთიერთობისა და შესასრულებელი ვალდებულებების შინაარსი ცხადი და განსაზღვრული არ იქნება, დამსაქმებელი ყოველთვის შეძლებს, თავისთვის ხელსაყრელი პირობები მოახვიოს თავს დასაქმებულს.“
შრომის ინსპექციამ დამსაქმებელს დაავალა, 20 კალენდარული დღის ვადაში შრომითი ხელშეკრულებით ზუსტად განსაზღვროს ამა თუ იმ პოზიციაზე მყოფ დასაქმებულთა სამუშაო აღწერილობები დასაქმებულთა კომპეტენციისა და პროფესიული უნარების გათვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიას დაეკისრება ჯარიმა და იგივე მითითების შესრულება.
ი.ნ.-ს ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტები: ლევან ხვინგია და თამილა გაბაიძე იცავენ.
პროფკავშირების პრაქტიკა მოწმობს, რომ სამუშაო აღწერილობის ცხადად განუსაზღვრელობა და მასში „სხვა მოვალეობების“ ჩაწერა განსაკუთრებულად პრობლემურია როგორც შრომითი უფლებების რეალიზების, ისე, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის თვალსაზრისით. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული უარს იტყვის მისი კომპეტენციისა და მოვალეობების შეუსაბამო დავალების ან „სხვა დავალების“ შესრულებაზე, დისციპლინური სახდელი ეკისრება ან სულაც სამსახურიდან ათავისუფლებენ. ასეთი დავალების შესრულებამ კი შესაძლოა, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგად სამუშაო ადგილის დაზიანება ან/და საწარმოო ტრავმაც კი გამოიწვიოს. სამუშაო ადგილის დაზიანების შემთხვევაში დამსაქმებელი დასაქმებულისგან მოითხოვს მატერიალური ზიანის ანაზღაურებას, რაც დაბალი ხელფასების პირობებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს მშრომელს. საწარმოო ტრავმის შემთხვევაში კი დამსაქმებელმა, შესაძლოა, უარი თქვას მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებაზე სწორედ იმ საფუძვლით, რომ დავალება რომელიც შეასრულა, „არ იყო დასაქმებულის მოვალეობა“ და „საწარმოო ტრავმა დასაქმებულის ბრალითაა გამოწვეული“.
პროფკავშირების გაერთიანება მოგიწოდებთ დასაქმებულებს, მოგვმართეთ, თუ თქვენს შრომით ხელშეკრულებაში მსგავს ჩანაწერს აღმოაჩენთ. პროფკავშირები კანონის საფუძველზეა უფლებამოსილი, დასაქმებულთა სახელით აწარმოოს საქმე შრომის ინსპექციაში, მათ შორის, ანონიმურობის დაცვით.