ბრიუსელში ევროპის პროფკავშირების ქალთა კომიტეტის შეხვედრა მიმდინარეობს

სხდომის მონაწილეებს საქართველოში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ეთერ მათურელმა მიაწოდა, რომელიც ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს ვიცე პრეზიდენტიცაა.

ეთერ მათურელმა კოლეგები ევროპის ქვეყნებიდან საქმის კურსში ჩააყენა, ხვალ თბილისში დაგეგმილ მუშათა მსვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც ხშირი საწარმოო უბედური შემთხვევებით, გაუმართავი საკანონმდებლო ბაზითა და შრომის ინსპექციის არ არსებობითაა გამოწვეული.

ეთერ მათურელმა ისაუბრა საქართველოში ქალთა უფლებებზე პრობლემებზე სამუშაო ადგილებზე.

საქართველოში არსებული ვითარების განხილვის გარდა, მსჯელობა შეეხო შრომის უსაფრთხოების კუთხით ევროპის ქვეყნებში არსებულ ვითარებას და მიდგომებს, გენდერული თანასწორობის საკითხებს და პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს ქალთა კომიტეტის სამოქმედო გეგმას.

ქალები ჩაერთნენ ჯაჭვურ საერთაშორისო კამპანიაში „stop-შეჩერდი“ და გააპროტესტეს ძალადობა სამუშაო ადგილებზე. კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღეს – პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის წარმომადგენლებმაც.