“Pipeline Union”-ის (მილსადენის პროფკავშირი) თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ პირმისაშვილი “BP საქართველო”-ს ადმინისტრაციას გულგრილობაში ადანაშაულებს. მაშინ როდესაც მის უკანონო გათავისუფლებაზე კომპანიის ადმინისტრაცია არ რეაგირებს, კოლეგას მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან უცხადებენ.
ვახტანგ პირმისაშვილთან ინტერვიუ დავით არაბიძემ მოამზადა.
ბატონო ვახტანგ,როგორია მდგომარეობა დღეს Pipeline Union-ში?
სოციალური პარტნიორობის უარყოფის პირობებში „Pipeline Union“-ში სავალალო მდგომარეობაა. პროფესული კავშირი კომიტეტის წევრების გარდა უკვე სულ რამდენიმე ადამიანს ითვლის. თუმცა, ბოლო დროს როგორც ადგილობრივი, ასევე მსოფლიო ნავთობის და გაზის მრეწველობაში დასაქმებულთა მხარდაჭერის ფონზე შეინიშნება დადებითი ძვრები. ცოტა ხნის წინ პროფესიული კავშირი იდგა დაშლის პირას და კომიტეტში თვითლიკვიდაციის საკითხიც კი განიხილებოდა, მაგრამ პროფესიული სოლიდარობის და მიმდინარე აქტიური ქმედებებიდან გამომდინარე ეს საკითხი დროებით შეჩერებულია. დღეს დამსაქმებლები ძალას არ იშურებენ იმისთვის, რომ არაკანონიერი გზებით იმოქმედონ წევრებზე და კავშირი დაშალონ. ერთ-ერთი ამგვარი ხერხი არის თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება. გარდა კომიტეტის თავმჯდომარის გათავისუფლებისა მათ სხვადასხვა საფუძვლით სამსახურიდან დაითხოვეს კავშირის კიდევ რამდენიმე წევრი, რითაც უფრო შეამცირეს დასაქმებული წევრების რაოდენობა. კანონის შესაბამისად სამსახურიდან დათხოვნილი წევრი მინიმუმ 6 თვის განმავლობაში რჩება კავშირის სრულუფლებიან წევრად. ასევე თანამშრომელი, რომელიც ასაჩივრებს დამსაქმებლის ბრძანებას გათავისულებაზე კვლავ პროფესიული კავშირის წევრად რჩება.
ზოგადად რა საშუალებებსა და მეთოდებს მიმართავს კომპანია პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად? რა ფორმით მიმართეთ თქვენ დამსაქმებელს?
დამსაქმებლის მხრიდან დიდი წნეხის მიუხედავად, კავშირმა სცადა გამოეყენებინა თითქმის ყველა კანონიერი გზა სოციალური და შრომითი უფლებების დასაცავად და პირველადი ორგანიზაციის გადასარჩენად. ინფორმაციისთვის მინდა ავღნიშნო, რომ კომპანია “BP საქართველოს” „კარგად“ აქვს დარეგულირებული კომპანიის შიდა ქცევის კოდექსი, რომლის მიხედვითაც, თუ თანამშრომელს მცირე პრობლემა მაინც შეექმნება იგი ვალდებულია მიმართოს სხვადასხვა შიდა ინსტანციის წარმომადგენლებს. კონფიდენციალობის დასაცავად, ასევე არსებობს „Open Talk” (თავისუფლად საუბარი) ფორმა, რომელსაც ნებისმიერმა თანამშრომელმა შეიძლება მიმართოს საკითხის განსახილველად. ჩემი საკითხი დავაყენე კომპანიის ყველა შიდა ინსტანციაში, მათ შორის ქცევის კოდექსის მიხედვით მივმართე ჯერ უშუალო ხელმძღვანელს, შემდეგ დისციპლინის უფროსს, კადრების განყოფილებას, ბიზნესის ეთიკის კონტროლის ოფიცერს, სოციალური საკითხების მართვის ჯგუფს, BP-ის ადამიანის უფლებების სპეციალისტს (NiliSafavi). ყველა ფაქტობრივი გარემოებები გადავუგზავნე “BP საქართველო”-ს უფროსს, ბატონ კრის შლუტერს, თუმცა უშედეგოდ.
გამოვიყენე „Open Talk”-ის მეთოდი, დავაფიქსირე სავარაუდო დარღვევების 4 შემთხვევა, ჩემს მიმართ წარმოებულ დისციპლინურ დევნაზე. მათი პასუხი იყო, რომ აღნიშნული საკითხი გადაეცა კომპანიის შესაბამის წარმომადგენლებს და ისინი თავად დამიკავშირდებოდნენ, რაც არ მომხდარა. მიჩნდება ძალიან ლოგიკური კითხვა – რისთვის არსებობს ეს მეთოდი და რატომ იხარჯება უამრავი ფული, თუ ისევ იგივე დაინტერესებული პირები განიხილავენ წამოჭრილ პრობლემას? მინდა მჯეროდეს რომ „Open Talk”-ის მეთოდი არ არის ფარსი და შექმნილი მხოლოდ იმიტომ, რომ კომპანია გამოჩნდეს ზე მოწესრიგებული და ცივილიზებული. სასამართლოს დახმარებით, მოვიპოვე ჩემს მიმართ წარმოებული დისციპლინური დევნის დამადასტურებელი რამდენიმე მტკიცებულება და მათ აუცილებლად დავაფიქსირებ, როგორც კომპანიის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელში, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის პირობების ინსპექციის დეპარტამენტში მათი შემდგომი კანონიერი რეაგირებისთვის.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე რამდენიმე სტატია დაიბეჭდა თქვენი პროფესიული კავშირის პრობლემების თაობაზე. მასალები გამოქვეყნდა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მედიაში. პრესის ყურადღების ქვეშ მოქცევამ რამდენად იქონია გავლენა დამსაქმებელთა მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენაზე?
მართალი ბრძანდებით, ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას დახმარებისთვის (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს), მაგრამ მედიაციის პროცესი დამქირავებლების მხრიდან უკანონოდ იქნა მიჩნეული. შემდგომში ჩვენ გადავწყვიტეთ მიგვემართა, როგორც გაზისა და ნავთობის მუშაკთა პროფკავშირისთვის, ასევე საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისთვის, რათა განეხორციელებინათ უფრო აქტიური მოქმედებები ჩვენს დასაცავად. საერთაშორისო გაზეთ “Georgia Today’s”-ში დაბეჭდილ სტატიას გამოეხმაურა მსოფლიო ინდუსტრიის ყველაზე დიდი საერთაშორისო პროფესიული კავშირის (IndustriALL Global Union) აღმასრულებელი მდივანი ვალტერ სანჩესი. აღნიშნული ინდუსტრიული კავშირი აერთიანებს 50 მილიონ დასაქმებულს ნავთობისა და გაზის მრეწველობაში, რაც დამეთანხმებით საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალაა ნებისმიერი დიდი კომპანიისთვის. პირველი ისინი დაუკავშირდნენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (GTUC) ხელმძღვანელებს და გაერთიანების იურისტებს. მათგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია “Pipeline Union”-ში არსებულ 0პრობლემებთან დაკავშირებით.
IndustriALL Global Union-ის გენერალურმა მდივანმა მკაცრი წერილი გადაუგზავნა BP-ის აღმასრულებელ დირექტორს ბობ დადლის, სადაც მოუწოდა მას დაინტერესებულიყო „BP საქართველო“-ს და მისი რეკრუტირების სააგენტო HR-ის არაკანონიერ ქმედებებზე, რომელიც წერილის თანახმად ლახავს პროფესიული კავშირების მსოფლიოში აღიარებულ ფუნდამენტურ უფლებებს, სოციალური პასუხისმგებლობის, სოციალური პარტნიორობის პრინციპებს, სამართალსა და კანონიერებას. ასევე მათ მიმართეს საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატას, რომლის ერთ-ერთი მთავარი წევრია „BP საქართველო“. სავაჭრო პალატას მიაწოდეს სათანადო ინფორმაცია კომპანიის არა ცივილურ ქმედებებთან დაკავშირებით და თხოვეს საკითხით დაინტერესება და დახმარება. „ჩვენ გვწამს, რომ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა სათანადო ყურადღებით განიხილავს ამ შემაშფოთებელ ინფორმაციას და შესაბამის რეაგირებას მოახდენს“ – ნათქვამია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის, ქალბატონი სარა ვილიამსონის სახელზე გაგზავნილ წერილში.
„BP საქართველო“-ს და მათი დასაქმების სააგენტოს მხრიდან რა კომენტარი გაკეთდა?
როგორც ერთ-ერთი კომპანიის ჟურნალისტმა გადმომცა, “BP საქართველო”ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აღნიშნული ორგანიზაციის და პროფესიული კავშირის წევრები არ არიან BP თანამშრომლები“. აღნიშნულ პასუხს მე გამოვეხმაურე სოციალური ქსელში, სადაც გამოვთქვი ჩემი მოსაზრება: „საქართველოს ორგანული კანონი“შრომის კოდექსი“ს, მუხლი 3.1 შრომის ურთიერთობის სუბიექტები,“დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ან/და პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო“. ეს ნიშნავს, რომ დამსაქმებელი არის ის კომპანია, რომლის დავალებებსაც ასრულებს დაქირავებული. ვინც იცის კომპანი BP საქართველოს და მისი დასაქმების სააგენტოს HR-ის ურთიერთობა, ყველა დამეთანხმება, რომ სააგენტო არ მიუთითებს არც ერთ დაქირავებულს იმის შესახებ, თუ რა სამუშაო უნდა შეასრულოს მისთვის ყოველდღიურად. ვითარებას მთლიანად “BP” აკონტროლებს, თანამშრომლები ანგარიშვლალდებულნი “BP-საქართველო”-სთან არიან და მითითებებსაც იქიდან იღებენ. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ კომპნია BP არის დამსაქმებელი რომლისთვისაც სრულდება სამუშაო.“
BP საქართველოს წარმომადგენლების მხრიდან საერთაშორისო გაზეთ “Georgia Today’s”-ში გაკეთდა განცხადება – „BP ამჯობინებს იმუშაოს დაქირავებულებთან პირდაპირ ყველა დამატებითი ადმინისტრაციული ერთეულის გარეშე“(“BP expresses preference to work with the employees directly without an additional administration layer”). გუშინდელ შეხვედრაზე, საქართველოს პროფესიულ კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, ქალბატონი ეთერ მათურელი გამოეხმაურა აღნიშნულ განცხადებას –
„BP საქართველო”-ს ადმინისტრაციული მართვა და პროფკავშირის ფუნქციები ერთმანეთში ერევა. მათი წარმომადგენლები ადმინისტრაციულ მმართევლობას უწოდებენ პროფესიულ კავშირს, მაშინ როდესაც პროფკავშირი არის თვითმართველობის პრინციპზე დაფუძნებული საზოგადოებრივი გაერთიანება“
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია კომენტარი არ გაუკეთებია რეკრუტირების სააგენტო HR-ს და მის დამფუძნებელს, ბატონ ნოდარ შურღაიას. აღსანიშნავია, რომ შურღაია ა.წ. 14 სექტემბრიდან გათავისუფლებულია აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან, კომპანიაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების საფუძვლით. უნდა ითქვას, რომ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის სოციალური პასუხისმგებლობა, მხოლოდ რადიო ეთერში გამოსვლით შემოიფარგლა და როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება მისი ქმედებები, რომელიც არასოდეს არ ყოფილა მიმართული ადამიანის ღირსეული დასაქმების და უკვე დასაქმებულთა სოციალურ შრომითი უფლებების პატივისცემისკენ. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, ჩვენი დაშლის პირას მისული, პროფესიული კავშირის მიმართ განხორციელებული მისი ქმედებები.
თქვენი სოციალურ–შრომითი უფლებების დასაცავად რა შემდგომი ნაბიჯების გადადგმას აპირებს თქვენი კავშირი?
ძალიან რთულია იმ პროფკავშირის სახელით საუბარი, რომელშიც თითზე ჩამოსათვლელი წევრები დარჩნენ. „Pipeline Union-ის წევრები, აქტიურობის შემდეგ, სამსახურის დაკარგვის კიდევ უფრო მეტ საფრთხეს ხედავენ დამსაქმებლისგან. მაგრამ ისინი ერთგული რჩებიან იმ იდეის და ღირებულებების, რომელიც კავშირის შექმნის და დამსაქმებელთან ცივილიზებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას ემსახურება. მე, პირადად ბოდიშს ვუხდი პროფესიული კავშირის ყველა წევრს იმ რთული მდგომარეობის გამო, რომელშიც ‘Pipeline Union”-ის გააქტიურებამ ჩააგდო. მე, როგორც უკვე გათავისუფლებულ თანამშრომელს თითქოს დასაკარგი ბევრი აღარაფერი მაქვს, გარდა იმ საფრთხისა, რომ კომპანია ხელს შემიშლის მომავალ კარიერული განვითარებაში, მით უმეტეს ქმედებას უკვე ჰქონდა და აქვს ადგილი. აქედან გამომდინარე გასაგებია, რა მდგომარეობაში არიან კავშირის ის წევრები, რომლების მუშაობენ იმ კომპანიაში, რომელსაც მათი პროფესიული ორგანიზაცია საჯაროდ უპირისპირდება.
იმედს გამოვთქვამ, რომ კომპანია გაითვალისწინებს, როგორც ქართული ასევე მსოფლიო ინდუსტრიის პროფესიული კავშირების არაერთ თხოვნას და შეწყვეტს ნებისმიერი სახის უკანონო ჩარევას პროფესიული კავშირის ფუნქციონირებაში. მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს არ მინდა არსებობდეს ქვეყანაში ისეთი კანონი, რომელსაც ძალა არ აქვს და არც ადგილობრივი და მით უმეტეს სტუმარი კომპანი არ ემორჩილება. „ნებისმიერი ჩარევა პროფესიული კავშირის ფუნქციონირებაში დაუშვებელია“ ასეთი ჩანაწერი არის, როგორც შრომის საერთაშორისო სამართალში (98 კონვენცია) ასევე საქართველოს კანონში პროფკავშირების შესახებ და მას ყველა უნდა იცავდეს.
28 ოქტომბერს, გახლდით საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების და არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის და მიერ ორგანიზებულ, შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ გამაფრთხილებელ აქციაზე მთავრობის კანცელარიასთან, სადაც ერთ-ერთმა მომხსენებელმა წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: „დამსაქმებელს უნდა დაუძლურებული ქვეყანა და არაკონკურენტული გარემო, რათა იაფად აიყვანოს სამუშაოზე დახარბებული მუშახელი და მარტივად მართოს“.
ამგვარ შემთხვევასთან გვაქვს საქმე BP საქართველოს შემთხვევაშიც. ის არის დაქირავებულისთვის ერთ-ერთი მაღალი ანაზღაურების გადამხდელი უკონკურენტო კომპანია, და ამ პრივილეგიით ცდილობს მარტივად დაიმორჩილოს თანამშრომლები და არ მისცეს უფლება ხმა ამოიღონ თავიანთი სოციალური და შრომითი პრობლემების შესახებ. ჩემთვის ფინანსურ უზრუნველყოფაზე მაღლა დგას ზნეობრივი ნორმები და ადამიანის უფლებების პატივისცემა. ეს ღირებულებები აერთიანებს ჩვენი პროფესიული კავშირის ყველა წევრს.
ინდუსტრიალის გლობალური კავშირის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
http://www.industriall-union.org/ru/profsoyuz-v-gruzii-podaet-v-sud-na-bp-po-povodu
http://www.industriall-union.org/fr/georgie-le-syndicat-cite-bp-en-justice-pour-des-soupcons-de-discrimination
http://www.industriall-union.org/georgia-union-takes-bp-to-court-over-alleged-discrimination