სახელმწიფო დეპრტამენტის ანგარიშში მოხვდა ბავშვთა შრომის აკრძალვა და დასაქმების მინიმალური ასაკის საკითხი.
გარდა რეკომენდაციებისა, დოკუმენტში განხილულია კანონი, რომლის მიხედვითაც იკრძალება ბავშვთა დასაქმება საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებზე, ასევე ბავშვთა შრომითი ექსპლუატაცია, მათ შორის, იძულებითი შრომა და კომერციული სექსუალური ექსპლუატაცია.
დასაქმების მინიმალური კანონიერი ასაკი არის 16 წელი, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ბავშვებს მშობლების თანხმობის საფუძველზე შეუძლიათ იმუშაონ 14 წლის ასაკიდან. 18 წლამდე ასაკის პირები არ შეიძლება რომ ჩაერთონ სიცოცხლისთვის საშიშ ან მიწისქვეშა სამუშაოში. 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს ეკრძალებათ ღამის სამუშაოზე დასაქმება და მათთვის განსაზღვრულია შემცირებული სამუშაო საათების რაოდენობა. კვირის განმავლობაში მათ არ შეუძლიათ რომ იმუშაონ 36 საათზე მეტი. ხოლო 14 ან 15 წლის არასრულწლოვნებისთვის სამუშაო საათების რაოდენობა განსაზღვრულია 24 საათით. კანონით ნებადართულია შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება 14 წლამდე ასაკის პირებთან სპორტის, ხელოვნების და კულტურის სფეროში დასაქმების შემთხვევაში.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წარმოადგინა ბავშვთა შრომის კანონდარღვევის 1 შემთხვევა წლის განმავლობაში, რომელიც განსახილველად გადასცა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს. მთავრობამ ეფექტურად აღასრულა კანონი, თუმცა ბავშვთა შრომის გარკვეული ნაწილი გამოუვლენელი დარჩა. ექსპერტებმა განაცხადეს, რომ არასრულწლოვნები დასაქმებულნი იყვნენ მომსახურების, სამშენებლო, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სექტორებში.
სახალხო დამცველის ოფისის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის – „ბავშვთა შრომა კორონავირუსის პანდემიის დროს და მას შემდეგ“- მიხედვით კი 8,800 ბავშვი ჩართული იყო სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ შრომაში, რაც უტოლდებოდა მომუშავე ბავშვების 64 პროცენტს. გარდა სახიფათო სამუშაოებისა, იყო ცნობები არაჯანსაღი და ძალადობრივი პირობების (მუდმივი ყვირილი, ფიზიკური შეურაცხყოფა); მავნე სამუშაო გარემოს (მტვერი, კვამლი, მაღალი ტემპერატურა, სიცივე და ა.შ.); სახიფათო ნივთიერებებთან ან მოწყობილობებთან კონტაქტისა და სამუშაო ადგილზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობის შესახებ.
ბავშვთა შრომაში ჩართულ ბავშვთა დაახლოებით 52 პროცენტი იყო 5-დან 13 წლამდე ასაკის.
ბავშვთა შრომა ფართოდ იყო გავრცელებული ქალაქებში და მასში ჩართული ბავშვების 88 პროცენტი მუშაობდა ჯანმრთელობისთვის მავნე გარემოში. უფროს ასაკობრივ ჯგუფებში ბავშვები სულ უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი სხვა სექტორებში. უმეტეს შემთხვევაში, სახელმწიფომ ეს შემთხვევები არ მიიჩნია ძალადობრივად და არ დაასახელა ბავშვთა შრომად. ზოგიერთ ეთნიკური უმცირესობებით დასახელებულ რაიონში, საოჯახო ფერმის ვალდებულებები ხელს უშლიდა სკოლაში დასწრებას და შესაბამისად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვების სკოლაში დასწრება განსაკუთრებით დაბალი იყო. ქვემო ქართლის (ეთნიკურად აზერბაიჯანული რეგიონი) და კახეთის (სადაც ასევე უმეტესად ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა იყო) ზოგიერთი ოჯახი შორეულ საძოვრებზე მუშაობდა წელიწადში ექვსიდან ცხრა თვემდე, ამიტომ მათი შვილები იშვიათად დადიოდნენ სკოლაში. დაზარალებული ბავშვების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ იყო ხელმისაწვდომი.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ქუჩაში მათხოვრობა ბავშვთა შრომის ყველაზე თვალსაჩინო ფორმად დარჩა, განსაკუთრებით თბილისში. 2018 წელს UNICEF-მა განაცხადა, რომ ქუჩაში მცხოვრები ოჯახების ბავშვები და თანმხლები ბავშვები სამეურნეო და ტურისტული სეზონების შემდეგ გადავიდნენ შავი ზღვასთან არსებულ ტურისტულ ადგილებში. ასეთ პირობებში ბავშვები დაუცველები იყვნენ მოსალოდნელი ძალადობისაგან და მათ არ ქონდათ წვდომა არც განათლებას და არც სამედიცინო სერვისებზე, გარდა გადაუდებელი სერვისებისა.
სრული ანგარიში შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე