მიმდინარეობს საიტის განახლება

ახალგაზრდების დასაქმების პრობლემები საქართველოში

ახალგაზრდების დასაქმება, მთელი მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. დღეს, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობაში ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე სწორედ ახალგაზრდებში ფიქსირდება (30.7%).

დასაქმებული ახალგაზრდების სრული უმრავლესობა ან მომსახურების სექტორშია წარმოდგენილი ან თვითდასაქმებულია. ორივე სექტორი, როგორც წესი, განსაკუთრებით დაბალი ანაზღაურებით და ხშირ შემთხვევაში, შრომის მძიმე პირობებით გამოირჩევა. ახალგაზრდებს არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ხარისხიანი, დასაქმების მოთხოვნაზე ორიენტირებული განათლება. 2018 წლის მონაცემებით ქვეყანაში სტუდენტების 24%-ს სტატუსი შეჩერებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ სხვადასხვა მიზეზის გამო, დროებით თუ სამუდამოდ უმაღლესი განათლების მიღება შეწყვიტეს, სტატუს შეჩერებულ სტუდენტთა 36%-თვის ეს მიზეზი ფინანსური დავალიანებაა, 64%-ის მიზეზი კი უცნობია. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, სახელმწიფო ისევ ვერ ახერხებს ქვეყანაში ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების უზრუნველყოფას და ამ უკანასკნელის ეფექტურ მიბმას შრომის ბაზართან, რაც კიდევ უფრო აღრმავებს უმუშევრობასა და დაბალ კვალიფიციურ პოზიციებზე დასაქმებას ახალგაზრდებში.

არარსებული დასაქმების პოლიტიკის, მორღვეული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და აღსრულების მექანიზმებზე უარის თქმით, ახალგაზრდები იძულებულნი ხდებიან იმუშაონ მონურ პირობებში, დაბალ კვალიფიციურ სამსახურებში და უარი თქვან პროფესიულ განვითარებასა და კარიერაზე.

აღნიშნულს ადასტურებს ვაჭრობის სექტორში დასაქმებულთა მდგომარეობის კვლევა, რომელიც პროფკავშირების ახალგაზრდულმა მოძრაობამ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, 2018 წელს ჩაატარა.

კვლევაში გამოიკვეთა, რომ ზემოაღნიშნულ სექტორში, კერძოდ, სუპერმარკეტებში (ნიკორა, ორი ნაბიჯი, ფრესკო, კარფური, ვეჯინი) დასაქმებულთა უმრავლესობა (93%) ახალგაზრდაა (18-30 წელი) და მათი დიდი ნაწილი სტუდენტია. ქსელებში დასაქმებულებს ყოველკვირეულად 50-60 საათი უწევთ მუშაობა, გამოკითხულთა 75.8% არანაირ დამატებით ანაზღაურებას არ იღებს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის, ხოლო 60.2%-ს უწევს ძირითად საქმესთან ერთად დამატებითი სამუშაოს შესრულება. ამ სექტორში საშუალო ხელფასის მოცულობა დაახლოებით 360 ლარია, საიდანაც დასაქმებულებს, დანაკლისების და ჯარიმების უსამართლო სისტემის გამო, ანაზღაურების თითქმის ნახევარი უკავდებათ. ამავდროულად, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც დამსაქმებელი სამსახურში იღებს პირს, როგორც სტაჟიორს და თვეების განმავლობაში ანაზღაურების გარეშე ამუშავებს. დასაქმების ყველა სექტორში პრობლემურია სამსახურის სწავლასთან შეთავსება, იშვიათია ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ადგილებიც. ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს ბიზნესი ქვეყნის ახალგაზრდა თაობას და მის ენერგიას კერძო ინტერესებისათვის ისე, რომ უკლავს მათ ინტელექტუალური და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, მთლიანად ახშობს ქვეყნის რეალური განვითარების პერსპექტივას.

ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნისათვის, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და საკანონმდებლო ბაზის უზრუნველყოფასთან ერთად, პროფკავშირების გაერთიანება აუცილებელად მიიჩნევს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდების შესწავლას და რეგულირებას. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბაზარზე არის ვაკანსიები, თუმცა კადრების კვალიფიკაციის დონე არ შეესაბამება არსებულ მოთხოვნებს. ასევე, პრობლემურია ფაქტი, რომ თავად უმაღლეს სასწავლებლებშიც, ძირითადად, არ ინტერესდებიან და არ ზრუნავენ განათლების შემდგომ სტუდენტების დასაქმებაზე, რაც საბოლოოდ იწვევს ინტელექტუალური რესურსის, ახალგაზრდა თაობის გადინებას ქვეყნიდან. ისევე, როგორც ახალგაზრდების მასიურად დასაქმება ზემოაღნიშნული ტიპის სამუშაო ადგილებზე, ისე უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი გაბატონებული ლიბერტარიანული მიდგომების დამსახურებაა. პროფკავშირებს აუცილებელად მიაჩნიათ მოხდეს ამ ფსევდო-იდეოლოგიური დღის წესრიგის გადააზრება და უარყოფა.

ხელისუფლების მხრიდან კი საჭიროა ახალგაზრდების განათლებისა და ღირსეული დასაქმებისთვის ნორმატიული ბაზის სრულყოფა. აგრეთვე ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა, რომელიც შეძლებს შრომის პირობების დარღვევების ეფექტურ ინსპექტირებას და მოშლის ახალგაზრდების იაფ თუ უფასო მუშახელად გამოყენების მავნე პრაქტიკას, შესაბამისად აღკვეთს თანამედროვე მონობას მომსახურების სექტორში. ამასთანავე საჭიროა დაიწყოს დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის სამეცნიერო კვლევა და დასაქმების, მათ შორის ახალგაზრდების დასაქმების ადეკვატური პოლიტიკის შემუშავება, რისთვისაც სახელმწიფომ მხრიდან პროფესიული მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების განხორციელებაა საჭირო.

 

სტაჟირება

ე.წ. სტაჟირების საკითხი ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა დასაქმების მაძიებელი პირებისათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც აქვთ სურვილი ფეხი მოიკიდონ შრომით ბაზარზე, მაქსიმალურად მოკლე დროში გაიარონ გადამზადება, აქტიურად ჩაერთონ შრომით ურთიერთობებში, რათა უზრუნველყონ საკუთარი მომავალი. „ე.წ.“-ს სტაჟირების საკითხს იმიტომ ვუწოდებთ, რომ საქართველოში მოქმედი არცერთი საკანონმდებლო აქტით არ არის განმარტებული და მით უმეტეს რეგულირებული ზემოაღნიშნული საკითხი, სტაჟირების არსი და მისი მიზნები. იმ ფონზე, როდესაც კანონმდებელი არ იძლევა სტაჟირების ცნების დეფინიციას, სტაჟირების ცნება და მისი არსი აბსოლუტურად არასწორად არის აღქმული დამსაქმებლებისთვის როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში. სახელმწიფო სექტორში სტაჟირების გავლის შემთხვევაში, როგორც წესი, აღნიშნული საკითხი რეგულირდება შიდა უწყებრივი დოკუმენტით, შრომითი ურთიერთობის მთავარი კომპონენტი გახლავთ პირის მიერ სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. იმ ფონზე კი, როდესაც სტაჟირების საკითხი არის სრულიად დაურეგულირებელი, რეგულაციებისგან ისედაც დაცლილ შრომით ბაზარზე, დამსაქმებლები იყენებენ შანსს და სტაჟირების საფარის ქვეშ იღებენ სტაჟიორებისგან შესრულებულ სამუშაოს (იმავე მოცულობითა და ხარისხით, როგორც რიგითი თანამშრომლებისგან) ხარჯის გაღების – ანაზღაურების გადახდის გარეშე, რაც შესაძლებელია თანამედროვე მონობის ერთ-ერთ გამოვლინებად ჩაითვალოს. პროფკავშირების მოსაზრებით, სტაჟირების შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საგანმანათლებლო კომპონენტს. სტაჟირების პერიოდში, სტაჟიორი უნდა სწავლობდეს, ვითარდებოდეს პროფესიულად, იმაღლებდეს კვალიფიკაციას. თუ სტაჟირება დაცლილია საგანმანათლებლო კომპონენტისგან, სამუშაოს გაწევა უნდა იქნეს მიჩნეული ჩვეულებრივ შრომით ურთიერთობად, რაშიც აუცილებელია პირს მიეცეს ანაზღაურება.

დაუშვებელია თვეების განმავლობაში პირი სტაჟიორის სტატუსით ასრულებდეს მაგალითისათვის მოლარის, ჟურნალისტის თუ სხვა მოვალეობას, ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა სამუშაოს არასრულყოფილად შესრულებისათვის და იმის გამო, რომ დამსაქმებელი მას მიიჩნევს სტაჟიორად არ მისცეს შესაბამისი ანაზღაურება.

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით, დაცულია შრომის უფლება, რაც გულისხმობს საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის შრომისა და საქმიანობის სახეობის თავისუფლად არჩევის შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ხოლო, საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლით, განმტკიცებულია სახელმწიფოს ვალდებულება ხელი შეუწყოს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. კანონმდებლობის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფლად არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების ქონისა და უმუშევრობისგან დაცვის უფლება. ასევე დასაქმებულებს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე აქვთ უფლება, მიიღონ, თანაბარი ანაზღაურება თანაბარი სამუშაოს შესრულებისათვის. ყველა ადამიანს, რომელიც მუშაობს, უფლება აქვს მიიღოს სამართლიანი ანაზღაურება, რომელიც უზრუნველყოფს მას და მის ოჯახს ადამიანის ღირსების შესატყვისი არსებობით და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს სოციალური დაცვის სხვა გარანტიები. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის(რომლის წევრიც არის საქართველო) წესდების პრეამბულაში გათვალისწინებულია ბრძოლა უმუშევრობასთან და ისეთი ხელფასის გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს ცხოვრების დამაკმაყოფილებელ პირობებს.

ჩვენი ქვეყნისთვის ახალგაზრდობა უნდა წარმოადგენდეს, მთავარ საზრუნავს საზოგადოებისა და ხელისუფლებისათვის, რადგან მომავალში სწორედ, ამ ჯგუფის მიერ უნდა მოხდეს ქვეყნის დემოკრატიულ თუ ეკონომიკურ განვითარებაზე ზრუნვა. შესაბამისად, აუცილებელია წახალისდეს ახალგაზრდების დასაქმება, განვითარდეს სტაჟირება და სასწავლო პრაქტიკები. ცხადია, რომ სახელმწიფოს აქტიური როლის გარეშე ახალგაზრდების პრობლემების მოგვარება შეუძლებელია.

 

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი

გიგა ბექაური

 

სუპერმარკეტებში დასაქმებულთა მდგომარეობის გამოკვლევა შეგიძლიათ ნახოთ აქ