გაზეთ “ბათუმელები”-ს სტატია
უკანონო გაფიცვას „საქართველოს ფოსტა“ ლელა რაზმაძეს ედავება. ლელა ფოსტის ყოფილი თანამშრომელია და ისიც სასამართლოში უჩივის ყოფილ დამსაქმებელს. საქმეს ხელვაჩაურის სასამართლოში მოსამართლე ნუგზარ მგელაძე განიხილავს.
ლელა რაზმაძემ ერთხელ უკვე მოუგო სასამართლოს სამივე ინსტანცია „საქართველოს ფოსტას“, თუმცა იგი ბათუმის ნაცვლად, ხულოში აღადგინეს. სამსახურში აღდგენილ თანამშრომელს „ფოსტასთან“ ხელშეკრულება აღარ გაუფორმებია. აცნობა, რომ ამ მანძილზე [ბათუმიდან ხულოში] სამსახურში სიარული შეუძლებელი იყო და ხელახლა მიმართა სასამართლოს – ტოლფასი თანამდებობის მიღების მოთხოვნით. ხელახლა დაწყებულ სასამართლო დავაზე „საქართველოს ფოსტის“ რეაქცია შეგებებული სარჩელით გამოიხატა, სადაც ჩაიწერა, რომ ლელა რაზმაძის სამსახურში გამოუცხდებლობა უკანონო გაფიცვაა.
„შრომის კოდექსით გათვალისწინებული ერთადერთი შემთხვევა, როდესაც დამსაქმებელს აქვს უფლება, უარი განაცხადოს სამუშაოს შესრულებაზე არის გაფიცვა. გაფიცვის დაწყებისას დასაქმებული ვალდებულია დაიცვას შრომის კოდექსით დადგენილი პროცედურები“, – ვკითხულობთ „საქართველოს ფოსტის“ სარჩელში.
„სასამართლოს მიერ სამსახურში აღდგენა არ წარმოშობს შრომით ურთიერთობას. ლელა რაზმაძეს არ ჰქონდა შრომითი ვალდებულება დამსაქმებელთან“, – ამბობს ნიკა დუმბაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. მისი განმარტებით, მას შემდეგ, როცა სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ლელა რაზმაძის გათავისუფლება სამსახურიდან და ის აღადგინეს, მხარეები უნდა შეთანხმებულიყვნენ მისაღებ პირობებზე: „სამსახურში აღდგენის შესახებ ბრძანება არ ნიშნავს ავტომატურად შრომითი ურთიერთობის წარმოშობას. ამის საფუძველია შრომითი ხელშეკრულება, რომელიც მხარეებს შორის უნდა გაფორმდეს“.
ლელა რაზმაძე „საქართველოს ფოსტის“ ბათუმის სერვისცენტრში 2004 წლიდან მუშაობდა. 2013 წელს რეორგანიზაციის გამო, დამსაქმებელმა მასთან ვადიანი ხელშეკრულება გააფორმა. 2013 წელს ჩატარებულ ტესტირებაში მაქსიმალური 250 ქულიდან ლელა რაზმაძემ 237 აიღო. 2014 წელს „ფოსტამ“ ლელასთან გაფორმებული ვადიანი ხელშეკრულება შეწყვიტა, თუმცა ამის მიზეზი არ განუმარტავს. სასამართლოს სამივე ინსტანცია „საქართველოს ფოსტამ“ წააგო, თუმცა აღდგენის დროს „ფოსტამ“ განმარტა, რომ თანამდებობდა, სადაც ლელა რაზმაძე მუშაობდა, აღარ ჰქონდა. დამსაქმებლის მხრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ბათუმში მცხოვრები თანამშრომლის ხულოს სერვისცენტრში დასაქმებით გამოიხატა.
ლელა რაზმაძე გასული წლის პირველ ივლისს აღადგინეს ხულოს სერვისცენტრში. 29 ივლისს ის სამსახურიდან ხელახლა გათავისუფლდა – სამსახურში გამოუცხადებლობის გამო. მის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირი იცავს.
„სასამართლო პროცესზე ფოსტის იურისტებმა მორიგება შემოგვთავაზეს. მითხრეს, რომ 6 თვის განაცთურს გადამიხდიდნენ, თუკი სამსახურში აღდგენაზე უარს ვიტყოდი. ამ პირობას არ დავთანხმდი. მირჩევნია, ან სრულად მოვიგო, ან წავაგო“, – ამბობს ლელა რაზმაძე „ბათუმელებთან“.
„საქართველოს ფოსტა“ სასამართლოში იმაზე აქცენტირებს, რომ სამსახურში აღდგენილი თანამშრომელი თბილისში, სათაო ოფისში არ გამოცხადდა, სადაც ისინი ბათუმიდან ხულოში სიარულის გამო თანამშრომელს დამატებით ანაზღაურებას მისცემდნენ.
საქმის მასალებში დევს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბათუმიდან ხულოსკენ მიმავალი ტრანსპორტი დილით, ყველაზე ადრე – 8 საათზე გადის. ლელა რაზმაძე სამსახურში 9-ზე უნდა ყოფილიყო. ბათუმიდან ხულომდე კი მიკროავტობუსს გზაში მინიმუმ 2 საათი სჭირდება. გარდა ამისა, კანონმდებლობის მიხედვით, სამსახურში ორივე მიმართულებით მგზავრობის დრო 3 საათს არ უნდა აღემატებოდეს.
ლელა რაზმაძე არაა ერთადერთი, ვინც „საქართველოს ფოსტას“ სასამართლოში უჩივის. ბათუმიდან კიდევ 9 თანამშრომელი ხელახლა ედავება „ფოსტის“ ხელმძღვანელობას და ტოლფასს თანამდებობაზე აღდგენას მოითხოვს. ზოგიერთი მათგანი ფოსტამ შუახევში აღადგინა, ზოგი – ქობულეთში, ზოგიც – ოზურგეთში. ამ თანამშრომლების ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს, რომლის შეფასებითაც „საქართველოს ფოსტამ“ ყოფილი თანამშრომლების სხვა მუნიციპალიტეტში აღგენით თავი აარიდა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას და დასაქმებულები არაადამიანურ პირობებში ჩააყენა.
2013 წელს „საქართველოს ფოსტამ“ რეორგანიზაციის მიზეზით 130 თანამშრომელი დაითხოვა. გათავისუფლებულთა ერთმა ნაწილმა სასამართლოს მიმართა. პროფესიული კავშირების ინფორმაციით, „ფოსტას“ უკანონო გადაწყვეტილებების გამო, დაახლოებით ნახევარ მილიონზე მეტი აქვს გადასახდელი განაცთურისთვის.
„საქართველოს ფოსტის“ წილის 100% სახელმწიფოს ეკუთვნის. ამ დრომდე ხელისუფლებას არ აქვს არანაირი რეაქცია იმ უკანონო გადაწყვეტილებაზე, რასაც ფოსტის ხელმძღვანელობა იღებს.
„კომენტარს ვერ გავაკეთებთ, ვიდრე სასამართლო პროცესი არ დასრულდება“, – უთხრეს „ბათუმელებს“ „საქართველოს ფოსტის“ პრესსამსახურში.
„საქართველოს ფოსტა“ ყოფილ თანამშრომელს უკანონო გაფიცვაში ადანაშაულებს