7 დეკემბერი, 2016
„Human Rights Watch“-ი შეშფოთებულია ყაზახეთში შექმნილი მდგომარეობით და მუშათა პროფესიული გაერთიანებების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიით. ორგანიზაციამ ქვეყნის პრეზიდენტს უკვე მიმართა სპეციალური წერილით და ხელისუფლებას მოუწოდა შეწყვიტოს „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების“ ლიკვიდაციისკენ მიმართული ყველა პროცესი. ამ დროისთვის, ქ. შკიმენტში მიმდინარეობს ყაზახეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული სასამართლო განხილვა ქვეყნის „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების“ გაუქმების მოთხოვნით. ამ პროცესის შედეგად, ლიკვიდაცია ემუქრება კიდევ სამ აფილირებულ დარგობრივ პროფესიულ გაერთიანებას – ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა, შინამოსამსახურეთა და მეშახტეთა პროფგაერთიანებებს.
„Human Rights Watch“-ის ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორის, ჰიუ ვილიამსონის (Hugh Williamson) განცხადებით, „აღებულ საერთაშორისო ვალდებულებათა შესაბამისად, ყაზახეთმა არ უნდა შეზღუდოს მშრომელთა გაერთიანების თავისუფლება და გააუქმოს მუშათა ყველაზე მსხვილი გაერთიანებები. შრომის საყოველთაო უფლებების გათელვა არის მიუღებელი თავისი არსით, ისევე როგორც ყაზახეთის პარტნიორებისთვის გაგზავნილი ამგვარი რეალობის შესახებ სიგნალები“.