,,ჯორჯიან მანგანეზი“-ს და პროფკავშირებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

2016 წლის 2 ნოემბერს, შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი“-ს ადმინისტრაციასა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმდა. კომპანიის მხრიდან კოლექტიურ ხელშეკრულებას ხელს აწერს შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი“-ს გენერალური დირექტორი ვოლოდიმირ ლოზინსკი, პროფკავშირის მხრიდან ხელმომწერები კი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე არიან, რომლებიც წარმოადგენენ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მომუშავე იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრთა ინტერესებს.

კოლექტიური ხელშეკრულების მოქმედების ვადა 3 (სამი) წელია და დარეგულირებულია შრომასთან, შრომის არსებით პირობებთან, შრომის უსაფრთხოების ნორმებთან, ხელფასთან, ინფლაციურ პროცესებთან, შვებულებასთან, დასვენებასთან, სამუშაო დროსთან, ზეგანაკვეთურ შრომასთან, შეღავათებთან, პროფკავშირის დაცვის გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები, კონკრეტულად კი:

– კვირის სამუშაო ნორმა განისაზღვრა 40 საათით,

– ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება კოეფიციენტით 1.3,

– შრომა სადღესასწაულო დღეებში კოეფიციენტით 1.25,

– ღამის საათებში (22:00 – 06:00) მუშაობა კოეფიციენტით 1.2,

– კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება 27 სამუშაო დღით
(ნაცვლად კანონით დაწესებული 24 დღისა),

– დასაქმებულის დაოჯახების ან ოჯახის წევრის
გარდაცვალების შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა
დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება 7 კალენდარული
დღის ოდენობით,

– პროფკავშირის არჩევით ორგანოში (კომიტეტი) არჩეულ
დასაქმებულებს, პროფკავშირულ ღონისძიებებში და სასწავლო
პროცესებში მონაწილეობის მიღების მიზნით, კომპანია
დამატებით მისცემს 3 თავისუფალ დღეს, საიდანაც 2 დღის
ხელფასს გადაიხდის კომპანია, ხოლო 1 დღისას აანაზღაურებს
პროფესიული კავშირი,

– წელიწადში ოთხჯერ, აღდგომის, მარიამობის, გიორგობისა და
მეტალურგთა საერთაშორისო დღეს, დასაქმებულები მიიღებენ
ფულად საჩუქარს ხელზე ასაღები 50 ლარის ოდენობით,

– თუ ინფლაციის წლიური მაჩვენებელი ,,საქსტატის“ მიერ
დაფიქსირდება 1%-დან 5%-მდე, ხელფასების ინდექსაცია იგივე
ოდენობით მოხდება ავტომატურად, ხოლო ინფლაციის 5%-ზე
მეტის დაფიქსირების შემთხვევაში, ხელფასების 5%-ით
ინდექსაცია ავტომატურად მოხდება, დანარჩენის ინდექსაცია
მოხდება ორმხრივად, კომისიური წესით და გათვალისწინებული
იქნება კომპანიის შესაძლებლობები,

– დამსაქმებელი ახდენს დასაქმებულთა სამედიცინო დაზღვევით
უზრუნველყოფას და სადაზღვევო კომპანიის შერჩევისას
სატენდერო პროცესში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს
პროფკავშირის წარმომადგენლებს.

– კომპანია ვალდებულებას იღებს საკუთარი სოლიდური
ფინანსური კონტრიბუცია შეიტანოს პროფკავშირის მიერ
ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებში და სპორტულ და
კულტურულ ღონისძიებებში.

კოლექტიური ხელშეკრულება 70 პუნქტიანია და მასში დიდი ადგილი შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის საკითხებს, მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების მკაცრად გამიჯვნისა და პროფკავშირის უფლებათა დაცვისთვის აუცილებელ დათქმებს უკავია.

კოლექტიურ ხელშეკრულება ასევე შეიცავს მხარეთა მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგისა და კონტროლის ძლიერ მექანიზმებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ კოლექტიური ხელშეკრულების დადებას საფუძვლად უდევს იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის გამგეობის წევრების, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ლიდერებისა და მისი იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლების, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ლიდერებისა და აპარატის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომა მთელი მოლაპარაკებების მანძილზე.

კოლექტიური მოლაპარაკებები 2016 წლის ივნისიდან მიმდინარეობდა, რასაც თან ახლდა არაერთი ტექნიკური ხასიათის ხელის შემშლელი გარემოება, თუმცა მხარეთა მიერ, მათ შორის კომპანიის წარმომადგენელთა მხრიდან გამოვლენილმა სურვილმა და სწრაფვამ გაფორმებულიყო კოლექტიური ხელშეკრულება, თავისი პოზიტიური შედეგი გამოიღო.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის რეალობაში, მხარეებმა კოლექტიური ხელშეკრულების დადება მოახერხეს სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობის პრინციპებზე დაყრდნობით, შესაბამისად კოლექტიური ხელშეკრულების სულისკვეთება საწარმოს სტაბილური მუშაობისა და დასაქმებული ადამიანების, პროფკავშირის წევრების სოციალურ-ეკონომიკური და შრომით-სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ სწრაფვაა. მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ შრომით ურთიერთობებში ხელს შეუწყობენ საყოველთაო ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს შექმნას ყველა დონეზე.14947395_1082864908498460_3757478105105425942_n