მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

პროფკავშირები და სახალხო დამცველის აპარატი მინიმალური ხელფასის საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრას ითხოვენ

გაზეთ “რეზონანსი”-ს პუბლიკაციის ფრაგმენტი

%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a.

ავტორი ნატა გიორგაძე

გოჩა ალექსანდრია: “უნდა განისაზღვროს ადეკვატურიმინიმალური ხელფასი და შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს მასზე ნაკლები. საქართველოში მინიმალური ხელფასისოდენობა კერძო სექტორში 20 ლარს, ხოლო საჯარო სექტორში 135 ლარს შეადგენს. თანაც, ეს მხოლოდ პრეზიდენტის ბრძანებულებითაა განსაზღვრული და მასზე ჩანაწერი კანონში არ არსებობს. ამიტომ, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და სახალხო დამცველის აპარატი მთავრობას რეკომენაციას აძლევს და კანონში “მინიმალური ხელფასის” შესახებ ჩანაწერის გაკეთებას სთავაზობს. რაც შეეხება მინიმალური ხელფასისოდენობას, პროფკავშირებშიც და ომბუდსმენის აპარატშიც მიაჩნიათ, რომ მისი დადგენისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამმხრივი კომისიის რეკომენდაციები-კონსულტაციები და მისი კორექტირება პერიოდულად, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესაბამისად უნდა ხდებოდეს.მინიმალური ხელფასის ცნება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს და მას კანონი არეგულირებს. ასეა როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად და პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც. საქართველოში კი, მინიმალური ხელფასის ცნება მხოლოდ პრეზიდენტის ბრძანებულებითაა განსაზღვრული და მისი ოდენობა მიზერულია. რა სიტუაციაა ამ მიმართულებით ქვეყანაში და რა უნდა გაკეთდეს დასაქმებულთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად? აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, სახალხო დამცევლის აპარატთან ერთად, “ფრიდრიხ ებერტის ფონდის” მხარდაჭერით გამოიკვლია მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით საქართველოში, ევროპასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული მდგომარეობა კვლევის პრეზენტაცია, სავარაუდოდ, სექტემბრის მიწურულს გაიმართება, სადაც პროფკავშირები და ომბუდსმენის აპარატი ხელისუფლებას რეკომენდაციებითაც მიმართავს. პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია აცხადებს, რომ საქართველოში მინიმალური ხელფასისარსებობის შესახებ ბევრმა ადამიანმა არაფერი იცის, რადგან კანონით მინიმალური ხელფასი განსაზღვრული არ არის, მას არეგულირებს მხოლოდ პრეზიდენტის ბრძანებულება და თანაც, მისი ოდენობა ძალიან მცირეა. “ნორმალურიმინიმალური ხელფასის არარსებობა კი იწვევს იმას, რომ დამსაქმებლები თავისუფლები არიან ხელფასის განსაზღვრაში. ფაქტობრივად, ეს 20 ლარი არის ნული და “ნულს” ზემოთ რაც უნდათ, ის შეუძლიათ დაადგინონ. ეს მათი მხრიდან დასაქმებულების ექსპლუატაციისთვის ძალიან “კარგადაა” გამოყენებული.” “სახელმწიფო შრომის ბაზარს არც ჰუმანიტარული, არც სოციალური და არც ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ სთავაზობს იმას, თუ რა უნდა იყოს შრომის მინიმალური ღირებულება. ერთადერთი, რასაც სახელმწიფო აკეთებს, ეს არის საარსებო მინიმუმის დადგენა, რომელსაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველთვიურად აქვეყნებს, მაგრამ ზემოთ აღნიშნული მხოლოდ ინფორმაციაა და მეტი არაფერი”, – განაცხადა გოჩა ალექსანდრიამ და აქვე დასძინა, რომ დღევანდელი მდგომარეობით საარსებო მინიმუმი არის 156,6 ლარი, რაც, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში არსებულ მინიმალურ ხელფასს ბევრად აღემატება. როგორც კვლევის შედეგად გაირკვა, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც საარსებო მინიმუმთან შედარებით ნაკლებ ხელფასს იღებენ, საკმაოდ დიდია. ალექსანდრიას თქმით, საარსებო მინიმუმზე დაბალ ხელფასს დაახლოებით 140 ათასი დასაქმებული იღებს, რაც მთლიანი დასაქმებულების თითქმის 20%-ს შეადგენს: “ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში მომუშავე ღარიბები და ღატაკები გვყავს. შეიძლება ასეთი დაბალი ხელფასის მქონე პირები საარსებო შემწეობასაც იღებენ, თუმცა ფაქტია, რომ დაბალხელფასიანები ძალიან ბევრი გვყავს”, – დასძინა ალექსანდრიამ. აქედან გამომდინარე, როგორც ალექსანდრია ამბობს, დღეს საქართველოში გვაქვს ერთი – სოციალური უსამართლობა, მეორე – არაჰუმანური მიდგომა და მესამე – ხელფასთან მიმართებით სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკურად გაუთვლელი არასწორი პოლიტიკა. როგორც გაირკვა, მინიმალური ხელფასის საკითხზე პროფკავშირების გაერთიანებამ და სახალხო დამცველის აპარატმა ერთობლივი პროექტის განხორციელება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც წლის დასაწყისში ჭიათურაში შპს “ჯორჯიან მანგანეზმა” თანამშრომლები 4-თვიან იძულებით, მაგრამ ნაწილობრივ ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა. მაშინ კომპანიამ მუშაობა სწორედ 4 თვით შეაჩერა. “იმ პერიოდში კომპანიაში თქვეს, რომ 4 თვის განმავლობაში დასაქმებულებს შეუნარჩუნებდნენ ხელფასის 60%-ს. ეს მთავრობამ მოიწონა და მას კარგი პრაქტიკა უწოდა. თუმცა, ჩვენ მივაქციეთ ყურადღება იმ გარემოებას, რომ ეს 60% ზოგი თანამშრომლისთვის, ვისაც 250 ლარი ჰქონდა ხელფასი, 150 ლარი გამოდიოდა, რაც ავტომატურად ნიშნავდა იმას, რომ მათ უნდა აეღოთ საარსებო მინიმუმზე დაბალი ხელფასი. ამის შემდეგ კომპანიასა და მთავრობას მოვთხოვეთ, რომ ყურადღება გაემახვილებინათ ამ საკითხზე, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ერთი ოჯახის საარსებო მინიმუმი იმ დროისთვის 272 ლარი იყო და ამაზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო ხელფასი. ამ თემაზე გაიმართა დებატები და საბოლოოდ კომპანია დათანხმდა ჩვენს წინადადებას. დაახლოებით 300-მა დასაქმებულმა ისარგებლა ამ შეთანხმებით”, – განაცხადა გოჩა ალექსანდრიამ. მისივე თქმით, “ჭიათურის მოვლენებმა კიდევ უფრო მეტად გვიბიძგა, რომ ეს საკითხი გაგვეღრმავებინა, მივედით იმ ეტაპამდე, რომ სახელმწიფოს შევთავაზოთ კონკრეტული რეკომენდაციები, ხოლო შემდგომ ეს მოთხოვნაშიც გადაიზრდება, რათა სახელფასო პოლიტიკას მიექცეს ყურადღება და განხორციელდესმინიმალური ხელფასის პოლიტიკის რეფორმა”, – დასძინა გოჩა ალექსანდრიამ. რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას, როგორც პროფკავშირებში ამბობენ, თითქმის ყველა ქვეყანაშიმინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმზე მეტია, საქართველოში კი პირიქით, ბევრად დაბალია. ალექსანდრიას თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ აღნიშნულ საკითხს საჭირო ყურადღება არ ეთმობა. პროფკავშირების ეკონომიკური ანალიტიკოსის გიორგი ჭანტურიძის თქმით, მსოფლიოშიმინიმალური ხელფასის დაანგარიშებისას ძირითადად განიხილავენ საშუალო ხელფასისა და მინიმალური ხელფასის პროპორციას. ევროპის მასშტაბით საშუალო ხელფასის თანაფარდობა მინიმალურ ხელფასთან მერყეობს 30-დან 50%-მდე, ზოგ ქვეყანაში ეს თანაფარდობა 50%-ზე მეტიც კია. “ჩვენი გაანგარიშებით მინიმალური ხელფასიუნდა იყოს საშულო ხელფასის დაახლოებით 30%, ანუ 280 ლარი. ცხადია, რომ კერძო სექტორში მინიმალური ხელფასის 20 ლარიდან 280 ლარამდე გაზრდა ერთბაშად ვერ მოხერხდება, ეს გამოიწვევდა ეკონომიკაში გარკვეულ სირთულეებს, მაგრამ აუცილებელია, რომ ნელი ნაბიჯებით მაინც მივუახლოვდეთ ამ სტანდარტს”, – დასძინა გიორგი ჭანტურიძემ. მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის შეფასებით,მინიმალური ხელფასი თუ საშუალო ხელფასის 20%-ს შეადგენს, ეს არის ძალიან დაბალი პროპორცია. 20-დან 40%-მდე ითვლება საშუალო მაჩვენებლად, 40-დან 50%-მდე მაღალი, ხოლო 50%-ის ზემოთ ძალიან მაღალი მაჩვენებელია. “დღეს საქართველოში მინიმალური ხელფასისა და საშუალო ხელფასის თანაფარდობა ძალიან მცირეა. საქართველოს მსგავსი სიტუაციაა უგანდაში, ბურუნდისა და ყირგიზეთში”, – აღნიშნა გიორგი ჭანტურიძემ. მინიმალური ხელფასისოდენობაზე ყურადღება საქართველოს სახალხო დამცველმა 2015 წლისანგარიშში გაამახვილა. როგორც ომბუდსმენის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლიკა წიკლაური აცხადებს, “ჩვენ ეს საკითხი ერთ-ერთ ძირითად პრობლემად და შრომის კანონმდებლობის ხარვეზად დავასახელეთ”. “რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას, არსებობს არაერთი საერთაშორისო აქტი, რომელშიც განსაზღვრულია, რომ აუცილებელია დასაქმებულმა მიიღოს სამართლიანი ანაზღაურება, რომელიც საკმარისი უნდა იყოს მშრომელისა და მისი ოჯახისთვის ცხოვრების სათანადო პირობების შესაქმნელად და მათი ღირსეული არსებობისთვის. კომიტეტების განმარტებაში ვხვდებით იმას, თუ რას მოიაზრებს სამართლიანი ანაზღაურება. მაგალითად ეკომომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის განმარტებით, მინიმალური ანაზღაურება უნდა აღემატებოდეს სიღარიბის ზღვარს და უნდა იყოს საკმარისი ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობების შესაქმნელად. ანუ ეს უნდა იყოს ის თანხა, რომ ოჯახმა შეძლოს არსებობა სახელმწფიოს სუბსიდიების გარეშე, რაც ამჟამად არსებულიმინიმალური ხელფასის პირობებში წარმოუდგენელია”, – განაცხადა ლიკა წიკლაურმა. როგორც პროფკავშირებში, ასევე სახალხო დამცველის აპარატში თვლიან, რომ მინიმალური ხელფასის საკითხი უნდა რეგულირდებოდეს კანონმდებლობით და არა კანონქვემდებარე აქტებით. თუმცა ლიკა წიკლაურის თქმით, ეს ვერ იქნება მყარი თანხა და ზუსტად განსაზღვრული: “ეკონომიკურ ცვლილებებთან ერთად, ინფლაციისა თუ სხვა გარემოებების გათვალისწინებით ცხადია, მინიმალური ხელფასისოდენობა უნდა იცვლებოდეს. ამ კვლევაზე მუშაობისას გავეცანით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას და ვნახეთ, რომ ყველგან ხდება მინიმალური ხელფასის ოდენობის კორექტირება მინიმუმ წელიწადში ერთხელ”, – აღნიშნა ლიკა წიკლაურმა. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოშიმინიმალური ხელფასის ოდენობა კანონით განისაზღვრება, მის შესრულებაზე კონტროლი აუცილებლად უნდა მოხდეს. ლიკა წიკალურის თქმით, ამისთვის უნდა არსებობდეს ინსპექტირების ეფექტური მექანიზმი. “მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი პრობლემა – ქვეყანაში არ არსებობს უწყება, რომელიც შრომის კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვის კონტროლზე იქნება პასუხისმგებელი. კონტროლის მექანიზმი, იცავს თუ არა დამსაქმებელი შრომის კანონმდებლობის მოთხოვნებს, სამწუხაროდ არ არსებობს. ქვეყანაში არსებული უმუშევრობის პრობლემის გათვალისწინებით რთულია მხოლოდ დასაქმებულზე იყოს გადატანილი ტვირთი, დაიცვას საკუთარი უფლება სასამართლოსთვის მიმართვის გზით. დასაქმებულები ხშირ შემთხვევაში ერიდებიან სასამართლოში დავას, რადგან ეს გარკვეულ ფინანსურ და დროის რესურსთან არის დაკავშირებული, ასევე, ეს შეიძლება გახდეს დამსაქმებელთან ურთიერთობის დაძაბვის, ხოლო ზოგჯერ სამსახურის დაკარგვის ირიბი საფუძველიც კი”, – აღნიშნა ლიკა წიკლაურმა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში კი, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის მინიმალურ ხელფასზე ნაკლების გადახდის შემთხვევაში, სხვადასხვა სანქციაა გათვალისწინებული. ლიკა წიკლაურის თქმით, კონტროლის მექანიზმი თითქმის ყველა ქვეყანაშია: “ვალდებულების დარღვევისთვის ძირითადად ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. ასევე დამსაქმებელს ეკისრება ვალდებულება, რომ ის თანხაც აუნაზღაუროს დასაქმებულს, რაც მისთვის უნდა გადაეხადა. ზოგი ქვეყანის კანონმდებლობა ამისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი ითვალისწინებს. ჩვენთან შრომის კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისთვის, მათ შორის შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვისაც კი, თუ ამას არ მოჰყვა მუშაკის ჯანმრთელობის დაზიანება ან ფატალური შედეგი არ დადგა, კონტროლის მექანიზმი არ არსებობს”, – ამბობს ლიკა წიკლაური. გოჩა ალექსანდრიას განცხადებით კი, დღეს საქართველოში შრომის ინსპექცია რეალურად არ არსებობს და რაც არის, ისიც მხოლოდ ქაღალდზე. მისივე თქმით, ყველა ცივილურ ქვეყანაში შრომის ინსპექცია ამოწმებს როგორც შრომის უსაფრთხოებას, ასევე შრომის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორისმინიმალური ხელფასის გადახდის საკითხს – უხდიან თუ არა დასაქმებულებს ხელფასს, არანაკლებ სახელმწიფოს მიერ კანონით განსაზღვრული მინიმალური ხელფასისა. “ჩვენთან კი, არათუ შემოწმებაზე, არამედ მინიმალური ხელფასისდადგენაზეც არ სურთ საუბარი, მაგრამ მოუწევთ”, – აღნიშნა ალექსანდრიამ. აქვე გოჩა ალექსანდრია შრომის ინსპექციის შექმნის ისტორიაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს უწყება ვიზალიბერალიზაციის პროცესის ფარგლებში შეიქმნა: “ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება იმაზე გამახვილდა, რომ დასაქმებული არ აღმოჩენილიყო ტრეფიკინგის ან იძულებითი შრომის მსხვერპლი. ამ ნაწილში შრომის ინსპექციას მიეცა უფლება საწარმოებსა და ორგანიზაციებში შეემოწმებინა ტრეფიკინგის, იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის შესაძლო შემთხვევები. “შრომითი ექსპლუატაცია რა არის, ვერავინ ვერ გაიგო, მისი კონკრეტული განმარტება არსად არ ფიგურირებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შრომითი ექსპლუატაცია არის ის, რომ ადამიანს ამუშავებენ კანონით დადგენილ მინიმალურ ხელფასზე ნაკლები ანაზღაურებით. მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს არ დაარეგულიროს აღნიშნული საკითხი .. თუ კანონით დადგინდება მინიმალური ხელფასის კონკრეტული ოდენობა, მაშინ შრომის ინსპექციას მოუწევს ექსპლუატაციის ფაქტების გამოვლენა და დასაქმებულთა საჩივრებზე შესაბამისად რეაგირება.” – აღნიშნა ალექსანდრიამ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროფკავშირებსა და სახალხო დამცველის აპარატში თვლიან, რომ მინიმალური ხელფასის ოდენობა კანონით უნდა განისაზღვროს. შრომის ანაზღაურება არ უნდა იყოს მინიმალურ ხელფასზე ნაკლები და ამავდროულად კანონში უნდა გაიწეროს მინიმალური ხელფასის გამოანგარიშებასა და გადახედვაზე პასუხისმგებელი უწყება და შესაბამისი პროცედურები. “შეიძლება ჩაიწეროს, რომ მინიმალური ხელფასის სავარუადო ოდენობა განსაზღვროს სოციალური პარტნიორობის სამმხრივმა კომისიამ და სარეკომენდაციოდ მიაწოდოს პრემიერ-მინისტრს. . მაგრამ აქაც კანონმა უნდა განსაზღვროს, რომ მინიმალური ხელფასის ოდენობას პრემიერ-მინისტრი სამმხრივი კომისიის მსჯელობის საფუძველზე ადგენს და არა ერთპიროვნულად”, – დასძინა ალექსანდრიამ.