8 მარტი – მშრომელ ქალთა ბრძოლის ღირსეული დღე

ამერიკული მეგაპოლისის ნიუ-იორკის ცხოვრებაში 1908 წლის 8 მარტი მართლაც განსაკუთრებული დღე აღმოჩნდა. ამ გიგანტი ქალაქის ქუჩებში ქალები გამოვიდნენ და მანიფესტაცია გამართეს, რომლის მთავარი მოთხოვნა იყო სოციალური თანასწორობა. მანიფესტაციაზე გამოსული ქალები მებრძოლი პიროვნებები იყვნენ და მათი მოქმედება მომართული იყო სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური უფლებების, შრომისა და ყოფის ღირსეული სტანდარტების, თანასწორობის მოპოვებისკენ. მანიფესტანტების მთავარი ამოცანა იყო საზოგადოებრივ პროცესებში ქალის, როგორც სოციალური სუბიექტის როლის წინ წამოწევა და სრულად განხორციელება. 110 წლის წინ ობსკურანტიზმს ძალიან გავლენიანი და ძლიერი პოზიციები ეკავა, სოციალური რეგულაციები ქალებთან მიმართებაში იყო არქაული შინაარსისა და ხასიათის და ეს ვითარება ამ ბრძოლას უაღრესად რთულსა და დაძაბულს ხდიდა, უფლებებისა და თანასწორობისათვის ბრძოლა ქალებს ძალიან დიდი რისკის ქვეშ უწევდათ.

1910 წელს დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში მშრომელ ქალთა კონგრესზე გადაწყდა, რომ ყოველწლიურად კონკრეტულ დღეს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მშრომელ ქალებს ერთად აღენიშნათ თანასწორობისა და უფლებებისათვის ბრძოლის დღე. მსოფლიოს სხვადასხვა ერების ქალთა ძალისხმევის გაერთიანება აუცილებელი იყო, რადგან ის რეალობა, რომელშიც მშრომელ ქალებს უწევდათ ცხოვრება უაღრესად ჩამორჩენილი იყო საწარმოო ძალთა განვითარების მიღწევებთან. ამას ადასტურებს ბევრი ფაქტი და მათშორის ის რომ ქალთათვის სამუშაო კვირა 60 საათი გრძელდებოდა, მათ არ ჰქონდათ ანაზღაურებადი დეკრეტული და არც რაიმე სხვა შვებულება, არ ჰქონდათ პენსია, არჩევნებში არ გააჩნდათ არც პასიური და არც აქტიური ხმის უფლება, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში მათი მონაწილეობა უკიდურესად მცირე იყო, სამედიცინო დახმარება მათთვის მხოლოდ ფასიანი იყო და ისიც ბევრგან ხელმიუწვდომელი. მართალია კლასიკური გერმანული ფილოსოფია ღაღადებდა რომ „ყველაფერი გონივრული რეალურია და ყველაფერი რეალური გონივრული“, მაგრამ რეალობა ქალთათვის რეაქციული იყო. ამ ვითარებაში, ქალები რომლებიც საკუთარ თავს პიროვნებებად განიხილავდნენ, არჩევანი ბრძოლის დაწყების სასარგებლოდ გააკეთეს. მათ არ ჰქონდათ გარანტიები, მაგრამ რადგან ეს ბრძოლა იყო მათ და მათთვის, პიროვნებების ბრძოლა უფლებებისათვის, თანასწორობისათვის, მატ ეს ბრძოლა დაიწყეს მთელი შემართებით.

1914 წლის 8 მარტს ევროპისა და ამერიკის კონტინენტებზე განსაკუთრებული დღე აღმოჩნდა – ამ დღეს გაიმართა ქალთა მანიფესტაციები ატლანტიკის ოკეანის ორივე ნაპირზე, რამდენიმე ქვეყნის დედაქალაქებში და ყველგან მანიფესტაციებზე გამოსული ქალების მოთხოვნა იყო სამოქალაქო და პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური უფლებები, ღირსეული შრომისა და ყოფის სტანდარტები, თანასწორობა. ასე ბრძოლით იქცა 8 მარტი მშრომელ ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის დღედ.

უკვე 110 წელი გავიდა  მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკელი მშრომელი ქალების მანიფესტაციამ დასაბამი დაუდო დიდ მოძრაობას და ამ დღეს მსოფლიოს ყველა კონტინენტზე ქალები კვლავ აღნიშნავენ ამ დღეს, იბრძვიან უფლებებისათვის, თანასწორობისათვის.

საქართველოს ქალებიც აღნიშნავდნენ და აღნიშნავენ 8 მარტს. საუკუნეზე მეტი ხანი გავიდა პირველი სარვამარტო მანიფესტაციებიდან და დღეს სოციალურად დიფერენცირებულ საქართველოს საზოგადოებაში ქალი კვლავ სოციალური შემოქმედია. ქალებს ამ საზოგადოებაში დიდი გამბედაობის გამოჩენა უწევთა უკვე აღიარებული უფლებებისა, თუ ჯერ კიდევ მისაღწევი უფლებებისათვის ბრძოლაში.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, მისი ქალთა კომიტეტი, დარგობრივი პროფკავშირები, სამხარეო პროფგაერთიანებები, პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა დიდ ძალისხმევას მიმართავს მშრომელი ქალების ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, სამართლებრივი, შრომითი და პროფესიული უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, იღწვის თავის რიგებში გაერთიანებული ქალების კიდევ უფრო მეტი ჩართულობისა და აქტიურობისთვის სოციალურ-შრომით მოძრაობაში, დემოკრატიული უფლებების სრულად განხორციელებისათვის, პროფკავშირების გაძლიერებისათვის.

საქართველოში 8 მარტი ოფიციალურად უქმე დღეა, მაგრამ ეს დღე საქართველოს მშრომელი ქალებისთვის მოქმედების დღეა, ბრძოლის დღეა, რასაც ისინი პროფკავშირებში დარაზმულები მთელი ღირესებითა და გამბედაობით ანხორციელებენ.

ვულოცავთ საქართველოს ქალებს 8 მარტს – უფლებების, ღირსეული შრომისა და ცხოვრების, თანასწორობისათვის შეუპოვარი ბრძოლის დიად და ღირსეულ დღეს!

სტატიის ავტორი: დავით არაბიძე