საიდუმლო არ არის, რომ საქართველოში შრომის პირობები მძიმეა. ამ პრობლემას ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის, ერთ-ერთი შრომით ურთიერთობებზე დამსაქმებლების მიერ დამკვიდრებული წარმოდგენებია.
ალბათ, ყველას გსმენიათ „რომელიღაც შრომითი უფლება კერძო სექტორში არ არსებობს იმიტომ, რომ დამსაქმებელი კერძო კომპანიაა.“
თავშივე გეტყვით, რომ ეს მცდარი სტერეოტიპია. ამიტომ დღეს მოგიყვებით 5 ყველაზე გავრცელებულ მცდარ სტერეოტიპზე:
- „ბიულეტენი“ კერძო სექტორში?!
ე.წ. „ბიულეტენი“ პერიოდია, როდესაც ადამიანი თავს ავად გრძნობს და ვერ ახერხებს მუშაობას. ხშირად დამსაქმებლები უარს ამბობენ ბიულეტენის ანაზღაურებაზე იმ არგუმენტით, რომ თითქოს ეს უფლება მხოლოდ საჯარო სამსახურებში არსებობს. ავად შეიძლება, ყველა გახდეს როგორც საჯარო სამსახურში, ისე კერძო კომპანიაში დასაქმებული. ამიტომ კანონმდებლობაც ორივე მათგანისთვის ითვალისწინებს „ბიულეტენის“ ანაზღაურებას.
ეს უფლება გარანტირებულია შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის #87/ნ ბრძანებით.
- ანაზღაურებადი შვებულება გამომუშავებითი ანაზღაურების მქონე დასაქმებულებისთვის?!
გამომუშავებითი ანაზღაურება არის ანაზღაურების ისეთი ფორმა, როდესაც დასაქმებული გასამრჯელოს იღებს არა წინასწარ განსაზღვრული ფიქსირებული თანხის სახით, არამედ ზუსტად და მხოლოდ იმდენს, რამდენსაც საკუთარი შრომით გამოიმუშავებს. ძირითადად ეს არის რეალიზებული პროდუქტის ღირებულების გარკვეული პროცენტი ან საათობრივი ანაზღაურება.
ზოგ დამსაქმებელს ჰგონია, რომ ასეთი ანაზღაურების მქონე დასაქმებულებისთვის არ არსებობს ანაზღაურებადი შვებულება, მათთვის სიახლე გვაქვს: შვებულების უფლება აქვს ყველას განურჩევლად დასაქმების ადგილისა და ანაზღაურების ფორმისა. ეს უფლება გათვალისწინებულია შრომის კოდექსის 36-ე მუხლში.
- ზეგანაკვეთური შრომა სავალდებულო არაა?!
ზეგანაკვეთური შრომა არის სამუშაოს შესრულება კვირაში 40 ან 48 საათის შემდეგ. ზეგანაკვეთური შრომა სავალდებულოა, თუ სამუშაოს შესრულება აუცილებელია სტიქიური უბედურების ან საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ყველა სხვა შემთხვევაში ზეგანაკვეთური შრომა შეიძლება, შესრულდეს მხოლოდ დასაქმებულის ნებით.
მიუხედავად ამისა, დამსაქმებლები თავს ახვევენ დასაქმებულებს მოსაზრებას, რომ ზეგანაკვეთურად უნდა იმუშაონ ყოველთვის, როცა ამის საჭიროება აქვს დამსაქმებელს, რაც არასწორია. ზეგანაკვეთური შრომის ნებაყოფლობით შესრულების უფლება დასაქმებულებს მინიჭებული აქვთ შრომის კოდექსის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
- „დეკრეტული შვებულება“ კაცებისთვის?!
ე.წ. „დეკრეტული შვებულება“ არის შვებულება ახალშობილის მოვლის გამო. ტრადიციული წარმოდგენების გავლენით „დეკრეტული შვებულება“ მიიჩნევა, რომ მხოლოდ „ქალის უფლებაა“, თუმცა, საბედნიეროდ, ეს ასე აღარაა 2020 წლის 29 სექტემბრიდან. შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილით. „დეკრეტული შვებულებით“ სარგებლობა მამის უფლებაც გახდა.
- გამოსაცდელ ვადაში გათავისუფლება უმიზეზოდ არ შეიძლება?!
გამოსაცდელი ვადა არის პერიოდი, როდესაც სამსახურში აყვანილ პირს აკვირდება დამსაქმებელი, რამდენად შეძლებს, თავი გაართვას მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. თუ დასაქმებული ვერ შეძლებს საჭირო ცოდნისა და უნარების გამოვლენას, საქმე ვერ შესრულდება მოსალოდნელი ხარისხით, დამსაქმებელს შეუძლია, გაათავისუფლოს ასეთი პირი.
სინამდვილე კი განსხვავებულია _ დამსაქმებლებს გამოსაცდელი ვადით იმიტომ აჰყავთ დასაქმებულები, რომ გამოსაცდელი ვადის ამოწურვისთანავე „ზედმეტი დასაბუთების“ გარეშეც შეძლონ პირის დათხოვნა, თავი აარიდონ ვალდებულებებს, რომლებიც ე.წ. „შტატში დასაქმებულების“ მიმართ აქვთ, მათი შრომა კი გამოიყენონ კომერციული მიზნებისთვის.
სწორედ ასეთი რეალობის საწინაღმდეგოდ გამოსაცდელ ვადაში უმიზეზოდ დათხოვნა აკრძალულია, აკრძალვა კი მოცემულია შრომის კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლ ნაწილში.
ეს შრომით ურთიერთობებზე მცდარი სტერეოტიპების მცირე ჩამონათვალია. არ გაგიკვირდეთ, რომ კიდევ ბევრი მითი არსებობს რომელთა ნამდვილობა არ უნდა დავიჯეროთ და აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ მათ წინააღმდეგ. აქტიურად მოქმედების შესაძლებლობა კი მას შემდეგ გაგვიჩნდება, რაც ზუსტად გვეცოდინება, რა უფლებებს გვანიჭებს კანონმდებლობა. მათ შესახებ დამატებით მოგიყვებით შემდეგ ბლოგებში.
გარდა ამისა, შეგიძლიათ, მოგვწეროთ თქვენთვის საინტერესო კითხვები, რომელთა განხილვასაც ისურვებდით.