მთავრობა, რომელიც ბიზნესს შრომის კოდექსის დაცვას უნდა აიძულებდეს, თავად არღვევს მას. შპს „დემეტრე 96“, რომლის 100%-იან წილს სახელმწიფო ფლობს, სამხედრო ფორმებსა და ფეხსაცმელს აწარმოებს. სამკერვალოში შრომის კანონმდებლობის რამდენიმე მუხლი ირღვევა.
2014 წლის დეკემბრიდან დღემდე შპს „დემეტრე 96“-ში საწარმოო პროცესი შეჩერებულია და 450 მუშა ხელფასს ვერ იღებს. მოქმედი შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებულმა საწარმოს მიზეზით გამოწვეული მოცდენის შემთხვევაში ანაზღაურება უნდა მიიღოს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შპს „დემეტრე 96“-სა და დასაქმებულს შორის გაფორმებულ ბოლო კონტრაქტშიმოცდენაზე ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები.
მფლობელის მიერ სამკერვალოს თანადირექტორად დანიშნული თამარ (თათა) ვარდანაშვილი კი ამბობს, რომ სახელმწიფოს სამკერვალოს ინვესტორისთვის გადაცემა უნდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კომპანიის პარტნიორია და ევალება საწარმოს შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობდეს. სააგენტოსგან მიღებული წერილიდან ირკვევა, რომ კომპანიის პრივატიზების დამადასტურებელი დოკუმენტი დღემდე არ არსებობს. მაგრამ არც სამომავლო გეგმაა ცნობილი.
„რაში გვჭირდება ინვესტიცია, როცა სახელმწიფოს აქვს თავის გამართული სამკერვალო, სადაც შეიძლება ჯარისთვის საჭირო პროდუქცია აწარმოოს დაბალ ფასად? ინვესტიცია არ გვჭირდება, ნაჭერი გვჭირდება, რომ ვკეროთ და ხელფასი სჭირდება ხალხს, სხვა არაფერი,“ ამბობს ვარდანაშვილი.
როდესაც შპს „დემეტრე 96“-ში დასაქმებულები რეგულარულად მუშაობდნენ, საწარმოში შრომის კოდექსის რამდენიმე პუნქტი ირღვეოდა:
– კვირაში 6 სამუშაო დღე, ჯამში, 57 სამუშაო საათს უდრიდა, რაც 17-საათიან ზეგანაკვეთურ შრომას ნიშნავს;
– ზეგანაკვეთური შრომა არ ნაზღაურდებოდა. ხელშეკრულების მიხედვით, დასაქმებულებს ზეგანაკვეთური შრომის სანაცვლოდ 30-წუთიანი შესვენების დრო ეძლეოდათ;
– ხელშეკრულებაში მითითებული 1-საათიანი შესვენების ნაცვლად დღეში მხოლოდ 30 წუთი ისვენებდნენ;
– წელიწადში რამდენიმე თვე მკერავების დიდი ნაწილისთვის მუშაობა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შეჩერებულია;
-პერსონალი ვერ სარგებლობდა კუთვნილი 24-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით.
დასაქმებულის ყოველთვიური ხელფასი გამომუშავებაზე დამოკიდებული, რაც საშუალოდ 300-350 ლარია.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, დიმიტრი ქუმსიშვილს საწარმოში არსებული ვითარების შესახებ მუშათა კოლექტივმა და პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ 2013 წლის ბოლოსა და 2014 წლის დასაწყისში რამდენჯერმე წერილობითაც მიმართეს, თუმცა მან განცხადებები თამარ ვარდანაშვილს გადაუგზავნა განსახილველად. ვარდანაშვილმა კი უარყო შრომის კოდექსის დარღვევის ფაქტები. თავად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს საწარმო სიტუაციის შესწავლის მიზნით არ შეუმოწმებიათ. სამკერვალო სააგენტოს შენობიდან 6 კმ-ში მდებარეობს.
შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, პაატა ჟორჟოლიანი 2014 წლის 19 თებერვალს პროფკავშირების თავმჯდომარისთვის მიწერილ წერილში აღნიშნავს, რომ საწარმოს ადმინისტრაციამ შრომის კოდექსი დაარღვია, როცა დასაქმებულები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლა. ჟორჟოლიანი იმავე წერილში წერს:
„საწარმოს დირექტორი თამარ ვარდანაშვილი აცხადებს, რომ არ არის ვალდებული ახსნა-განმარტება გააკეთოს საკუთარ ქმედებებზე. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, საწარმოს ხელმძღვანელობასთან დიალოგის გზით გაგვეკრვია შრომითი დავის წარმოქმნის მიზეზები, კომუნიკაცია ვერ განხორციელდა ქ-ნ თამარ ვარდანაშვილის მოლაპარაკების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო.“
დღეს კი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ საწარმოში შრომის კანონმდებლობა არ ირღვევა, რადგან ვარდანაშვილმა მათ ასე მისწერა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე ლამარა მაჭარაშვილი ამბობს, რომ მათაც სცადეს საწარმოში სიტუაციის შესწავლა, თუმცა თამარ ვარდანაშვილის აგრესიული დამოკიდებულების გამო ეს ვერ მოახერხეს.
„თავდაცვის სამინისტრო ქირაობდა ამ ხალხს, გარიგებულია სამინისტრო არა იმ წესით, რომ შრომის კოდექსი ვრცელდებოდეს მასზე, არამედ სამინისტრო გეუბნება, გიხდი ამდენს და უნდა იმუშაო ამდენი ხანი, გინდა – გინდა, თუ არადა – არა. პროფკავშირების წარმომადგენლები რომ მოდიოდნენ აქ, რამდენჯერმე გავყარე. რატომ მებრძვიან მე? ახლა თანამშრომლებს კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ჩვენი მუშა-ხელი არ არიან,“ – გვითხრა ვარდანაშვილმა.
წყარო: https://www.occrpcaucasus.org/%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94/